მედეა ჯაფარიძის საღამო მოსკოვში

მედეა ჯაფარიძის საღამო მოსკოვში

საქართველოს და სრულიად რუსეთის თეატრალური საზოგადოებების თაოსნობით მოსკოვში, სრულიად რუსეთის თეატრალური საზოგადოების იაბლოჩკინას სახელობის ცენტრალური სახლის დარბაზში გაიმართა საბჭოთა კავშირის შექმნის 60 წლის თავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც დაეთმო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობს, სსრ  კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაუერატს, საქართველოს სსრ სახალხო არტისტს მედეა ჯაფარიძეს.

ეს არ იყო წინასწარი სცენარით ან რაიმე გარკვეული გეგმით შედგენილი საღამო, მედეა ჯაფარიძემ უშუალობით, პროფესიული ოსტატობით და ჩვეული კდემამოსილებით შექმნა საოცარი ატმოსფერო.

დარბაზში ქართულ ენაზე აჟღერდა ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი „ცისა ფერს“.

მსახიობმა წაიკითხა, მეგობრობის განუმეორებელ თაიგულად შეკრა გალაკტიონის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, პაოლო იაშვილის, სერგეი ესენინის, ტიციან ტაბიძის, ანდრეი ბელის, გიორგი ლეონიძის, ალექსანდრე ბლოკის და ვალერი ბრიუსოვის პოეტური სტრიქონები. გაიხსენა სერგეი ესენინის, ანდრეი ბელის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ჩამოსვლა საქართველოში, მათი მეგობრობა და სიყვარული ქართველ პოეტებთან. აღნიშნა, რომ ეს დიდებული ტრადიციები განსაკუთრებული ძლიერებით იგრძნობა და მრავლდება დღესაც...

საღამოს დამთავრების შემდეგ სცენაზე ავიდნენ სოციალისტური შრომის გმირები, სსრ კავშირის სახალხო არტისტები ელენე გოგოლევა და სერგეი ობრაზცოვი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი მიხეილ ულიანოვი.

- ყოველგვარ მოგონებებს, - თქვა ს. ობრაზცოვმა, - თუკი ისინი სიკეთით არის სავსე, ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. დღევანდელი საღამო ასე დარჩება სამუდამოდ ჩვენთან... ეს არ იყო პოეზიის, მოგონებების და წერილების კითხვის საღამო. ეს გახლდათ დიდი ადამიანური სითბოს, ადამიანური კონტაქტების და მშვენიერი დამოკიდებულებების ზეიმი, რომლებმაც გაუძლო ცხოვრების სიძნელეებსა და ტკივილებს.

მ. ულიანოვმა თქვა: - დღეს ამ დიდებულ დარბაზში ვიხილეთ მშვენიერი ქართველი მსახიობი ქალი, ლამაზი და გაცისკროვნებული დიდი ადამიანური შუქით, სითბოთი და სინაზით. რუსეთის თეატრალური საზოგადოების სახელით, ყველა მსახიობის სახელით დიდი რუსული მადლობა თქვენ, ძვირფასო მეგობარო!

საღამოს დაესწრო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი მ. გიორგაძე.

მეორე დღეს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, ასპირანტთა და სტუდენტთა თხოვნით ქართველმა მსახიობმა საღამო გამართა ასპირანტთა სახლის დიდ დარბაზში.