დედაქალაქის 7 მაჟორიტარული ოლქიდან ხუთში ოპოზიციისა და ხელისუფლების კანიდატები ცნობილია. დარჩენილია ორი ოლქი, სადაც ოპოზიციას თავისი კანდიდატურა დასახელებული არ ჰყავს, ხელისუფლებიდან ამ ოლქებში მაჟორიტაობის მანდატის მოსაპოვებლად პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იბრძოლებენ. „გამიჭირდება ოპოზიციიდან ისეთი კანდიდატების დასახელება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან ვოლსკისთან და სერგეენკოსთან ბრძოლაში", - ასე ეხმიანება ამ საკითხს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანდიდატებს პარტიული რეიტინგის გარდა, პიროვნული რეიტინგიც მაღალი აქვთ. რაც განპირობებულია მათი პროფესიული საქმიანობით.
„მე მაგალითად, გამიჭირდება ოპოზიციიდან ისეთი კანდიდატების დასახელება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან ვოლსკისთან და სერგეენკოსთან ბრძოლაში. იმიტომ, რომ თავად „ოცნებას და ოპოზიციურ პარტიებს ძალიან განსხვავებული რეიტინგი აქვთ. გარდა ამისა, პიროვნული რეიტინგი ორივე კანდიდატის შემთხვევაში ძალიან მაღლია. რომელ პარტიაშიდაც არ უნდა იყოს სერგეენკო, თავისი მაღალი რეიტინგი თან ახლავს. მისი პროფესიული რეიტინგის დაძლევა ძალიან რთულია და ვერც წარმომიდგენია ოპოზიციის მხრიდან.
„ელისაშვილმაც შეიცხადა, რაღა სერგეენკო დააყენეს საბურთალოზეო. ასე რომ, თავად ალეკოც არაა მისით კმაყოფილი. ეს ფაქტი უკვე მიუთითებს, რომ შანსი ნაკლები აქვს. გარდა იმისა, რომ ენერგიული, სიმპათიური და ა.შ. შეიძლება იყო ოპოზიციის კანდიდატურა, მაგრამ სერგეენკოს ტიპის ფიგურებთან, არის კიდევ ერთი მომენტი. მათ უკვე დამტკიცებული აქვთ, რომ სახელმწიფოს მასშტაბით შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება და პრობლამების მოგვარება. ეს ფართომასშტაბიანი მოქმედების უნარი იშვიათი რამაა და ძალიან ბევრი მიმართულებით წარმატებულ ადამიანსაც კი შეიძლება არ აღმოაჩნდეს. როცა უკვე არის ისეთი პიროვნება, რომელმაც ეს უნარი გამოავლინა, მასთან მხოლოდ ემოციებით შეჯიბრი ალბათ არ იქნება დიდად შედეგიანი", - ამბობს საყავრელიძე.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ სიაში უცნობი სახეების დასახელება პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.
„რაც შეეხება უცნობ სახეებს, გააჩნია რითი ან რა სფეროში იქნებიან ისინი უცნობები. დარწმუნებული ვარ იქნებიან ისეთი სახეები, რომელიც არავისთვის ნაცნობი არ არიან. მაგრამ, პარტიისთვის ასეთი სახეების სიჭარბე ყოველთვის წამგებიანია. „ქართულმა ოცნებამ" სრულიად უცნობი სახეები შესაძლებელია რაღაც დოზით შეიყვანოს, მაგრამ თუ მთლიანად სიაა დასაკომპლექტებელი, იქ უკვე ვიღაც ნაცნობი სჭირდებათ, რომ ეს სახეები ქმედითი გახადონ. როგორც იყო წინა არჩვენებზე, როდესაც ბევრი ახალგაზრდა დაასახელეს და „ქართული ოცნების" წევრები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი სიაში ყოფნა აუცილებელი იყო. თუმცა, დრომ გამოავლინა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანები არ არიან ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე", - თქვა მან.
საყვარელიძე ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს ქვეყანაში ადამიანების დაკარგვის და გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებს, მისი თქმით ამაში საგანგაშო არაფერია.
„ექიმთან თუ მოვხვდებით შეგვეკითხება სიცხე გაქვს თუ არა, თუ ვიტყვით, რომ გვაქვს მერე გვეკითხება რა სიხშირით და აქ წყდება პათოლოგიის გეზი. ნებისმიერი ტიპის დარღვევა დაბალი სიხშირით ჯერ კიდევ ავადმყოფობა არ არის. იგივე ხდება საზოგადოებაშიც. ბოლო ხანებში მოზღვავდა ეს უბედური ამბები, მაგრამ მთლიან სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ საგანგაშო არაფერია", - აღნიშნა საყავრელიძემ „რეზონანსთან".