კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის მედიის მხრიდან საქართველოს დადანაშაულებას ეხმაურება იმაში, რომ სერბეთმა სომხეთს საქართველოს გავლით იარაღი მიაწოდა. ვარაუდობს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერება აზერბაიჯანის ხელისუფლებას აწყობდა. თუმცა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ დრომდე ოფიციალურ დონეზე განცახდება არ კეთდება. ფიქრობს, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ბაქოს არა აქვს ამის დამამტკიცებელი მყარი მტკიცებულებები, გარდა ამისა, შეიძლება ეს იყოს საქართველოს ერთგვარი გაფრთხილება.
„რეზონანსი“: აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმმტყორცნები ჩაიტანეს. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია?
მამუკა არეშიძე: ამ გამოცემის რედაქტორს ძალიან დემონსტრაციულად მიანიჭა ხელისუფლებამ დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. მეუბნებიან, რომ ეს ფაქტი დროში დაემთხვა, მაგრამ ასეთი დამთხვევების არ მჯერა. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ინტერესიც ყოფილიყოს. თუმცა როგორც ვხედავთ, ხელისუფლება ოფიციალურად არანაირ განცხადებას არ აკეთებს. სიტუაციის არ ამწვავებს. არ ხდება ელჩის გამოწვევა და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე არანაირი განცხადება არ კეთდება. ნათელია, რომ გამწვავებისგან აზერბაიჯანის ხელისუფლება თავს იკავებს.
„რ“: რელურად გჯერათ, რომ ამ ფაქტს საერთოდ ადგილი ჰქონდა?
მ.ა: შესაძლოა სერბეთიდან იარაღის წარმოების შემთხვევაში ამ ფაქტს ადგილი ჰქონოდა. თუმცა სომხეთზე არცერთი ქვეყნის მხრიდან ემბარგო არ არსებობს, ამიტომაც სერბეთს და სომხეთს შორის იარაღის მიწოდებაზე ხელშეკრულება უმაღლეს დონეზე იქნებოდა დადებული. მითუმეტეს ეს თუ დაშლილია ჩამოტანილი. ახლა ეს ერთი საკითხია, მეორე კი თუ ეს რეალურად არალეგალური იარაღია და მისი გამყიდველი ცნობილი იარაღით მოვაჭრეა. უბრალოდ აქ ერთი კომიკური სიტუაციაა, 200 მილიონის ღირებულების იარაღი მიაწოდა შარშან რუსეთმა სომხეთს, აზერბაიჯანს ამაზე ხმა არ ამოუღია. თავადც შეიძინეს მერე იარაღი რუსებისგან. რაღაცა სამმა მანქანამ გაიარა და ამაზე ხმაურის ატეხვა ცოტა არასერიოზულია.
„რ“: ეს ბაქოს მხრიდან თბილისი გაფრთხილებად ხომ არ უნდა გავიგოთ? აზერბაიჯანი თავს ხომ არ იზღვევს, რომ სამომავლოდ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს?
მ.ა: რასაკვირველია, შესაძლოა ეს გაფრთხილებად ჩავთვალოდ, ან მინიშნებად, რომ აზერბაიჯანის მხარემ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ამას ვამბობთო. ყველაფერი შეგვიძლია ვივარაუდოთ. თქვენი ადგილი იცოდეთო, ასეთი მინიშნებაც არ არის გამორიცხული. ჩვენი პოზიცია უფრო აქტიური თუ არ გავხადეთ, მეზობლების მხრიდან მუდმივად ამ ტონალობაში საუბარი იქნება. არასდროს არ ვამბობთ, რომ არა საქართველო აზერბაიჯანული ნავთობი იქ დარჩებოდა, სადაც დღეს არის. გავიდოდა მხოლოდ რუსეთის მხრიდან და ისეთ ფასებს დაუწესებდა, როგორც ადრე იყო.
„რ“: ამ კონფლიქტში საქართველოს როლი როგორი უნდა , არცერთი მეზობელი რომ არ განაწყენდეს და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს?
მ.ა: ეს ამბავი აუცილებლად გამოძიებული უნდა იყოს, რომ შემდგომში სპეკულაციები არ იყოს. აუცილებელია, პირველ რიგში გაირკვეს იყო თუ არა არასინდისიერი გარიგება, ქართული მხრიდან იყო თუ არა ვინმე ფარულად ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. მართალია ნაღმტყორცნები შეტევითი იარაღია, მაგრამ აზერბაიჯანმა სამხედრო კატერები შარშან საქართველოს გავლით ფოთის პორტიდან მიიღო. ასე რომ, საქართველო სანტრანზიტო ქვეყანაა და თუ არ არსებობს ემბარგო ქვეყანაზე, ვერ მოვახერხებთ, რომ სომხეთს ჩვენი ქვეყნის გავლით იარაღი არ მიეწოდოს.
„რ“: თუ კი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, მაშინ რუსეთის როლი ამ სიტუაციაში როგორი იქნება და მოხდება თუ არა საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენება მტრულად განწყობილი ქვეყნისგან. რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო?
მ.ა: არ მგონია, რომ ეს აუცილებელი და საჭირო გახდება. ვიცით უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დაძაბული აღარ არის და გარკვეულწილად განიმუხტა. ამიტომაც რუსეთის მხრიდან რაიმე ჩარევაზე საუბარი ახლა ზედმეტია.
ამასთანავე ისიც ვთქვათ, ვის აწყობდა ამ ინფორმაციის გაჟღერება. რუსეთის ინეტრესებში შედის პირველ რიგში, რომ რეგიონში მეზობლები ერთმანეთს დააპირისპიროს. თუ ძალიან მოვინდომეთ, შესაძლოა თურქეთის ინტერესებიც ვიპოვოთ. ჩვენთანაც არის ბევრი გამოცემა, რომელსაც რუსები ისე იყენებენ საკუთარი ინეტერესებისთვის, რომ ვერც ხვდებიან. გამორიცხული არაფერია. ახლა საქართველომ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც სამშვიდობო მოლაპარაკების არენა უნდა შესთავაზოს და არავის უნდა მისცეს უფლება, რომ ამ პროვოკაციაში ჩაგვითრიოს.