„ვთვლი, რომ იმ რესურსიდან რაც მმართველ გუნდს გააჩნია კარგად შეარჩია თავისი კანდიდატები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
ძაბირაძის თქმით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მისთვის მეულოდნელი არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის მთელი რესურსი ან ყოფილ პოლიტიკოსებზე ან ბიზნესის წარმომადგენლებზე დგას.
„ჩემთვის ის კატეგორია, რაც დასახელდა, მოულოდნელი არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" თავის რიგებში კადრებს იმის მიხედვით არჩევს თუ როგორი გამოცდილები არიან ისინი და არიან თუ არა ბიზნეს სექტორიდან. სხვა სფერო, რომლიდანაც კადრების მოზიდვა შეუძლია, მმართველ გუნდს ფაქტობრივად არ აქვს.
„გარდა ამისა, როდესაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა და ოლქები შემცირდა, გამოიწვია მათი გეოგრაფიული ზრდა. ადრე 73 იყო და ფაქტობრივად ნახევარზე ნაკლები დარჩა. თბილისი ცალკე საგანია, მაგრამ, რეგიონებში ესაა იმდენად დიდი ოლქები, რომ თუ ამომრჩეველმა არ იცის ვინაა მისი კანდიდატი და გვარიც არ გაუგონია, ამ სამი თვის განმავლობაში, ხვალიდანაც რომ დაიწყოს აგიტაცია და თავის გამოჩენა, უბრალოდ ვერ მოასწრებს ყველგან მისვლას და სადღაც ალბათ ოქტომბრამდე იმას მოუნდება, რომ საზოგადოებას გააგებინოს ვინ არის და რას წარმოადგენს.
„არამარტო „ქართულ ოცნებას" ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ექნება პრობლემა იმის, რომ მსხვილ ოლქებში არის შესარჩევი ისეთი კანდიდატი, რომეოლსაც აქვს მაღალი ცნობადობა. მხარდაჭერაზე არაა აქ საუბარი. ასეთი პირები არიან ხელისუფლებაში ნამყოფი პირები და ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების" სიაში ან ყოფილი მინისტრები არიან, რომელთა ცნობადობის ხარისხი მოსახლეობაში მაღალია, ან ადგილობრივი გუბერნატორები თუ დეპუტატები", - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი კანდიდატების მსგავსი პრინციპით შერჩევა მოუწევს, თუ სურს, რომ კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო შემქნას.
„გარდა ამისა, იმ ახალ სახეებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა დაასახელა რეგიონებში, აქვთ ბიზნესი და მათი სახელი კონკრეტულ რეგიონებს უკავშირდება. ანუ, გამოიყენეს ორი ფაქტორი, მათი ცნობადობა მაღალია და ფინანსური რესურსი მათ აქვთ, რომელსაც ემატება პარტიის რესურსი.
"ამ ჯგუფს ოპოზიცია თუ ვინმეს დაუპირისპირებს ან იდეურად უნდა დაუპირისპიროს ან იმავე პრინციპით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს რაიმე იდეა არ არსებობს, რვა წელია ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები, ამიტომ მანაც იგივე ფინანსური რესურსი და ცნობადობა უნდა დაუპირისპიროს.
„არის კიდევ ერთი ფაქტორი ოპოზიციური ამომრჩეველი კი დიდია მაგრამ, ოპოზიციაში ძალიან ცოტაა ისეთი ლიდერი, რომელსაც ამ ამომრჩევლების გაერთიანება შეუძლია. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ იმ რესურსიდან რაც მმართველ გუნდს გააჩნია კარგად შეარჩია თავისი კანდიდატები",- განაცხადა ძაბირაძემ.
მან ასევე თბილისის ოლქებში დასახელებული კანდიდატების შანსები შეაფასა, ძაბირაძის თქმით დედაქალაქში ოპოზიციიდან გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ ელენე ხოშტარიას აქვს.
„რაც შეეხება თბილისის ოლქებში დასახელებულ კანდიდატებს, დიდუბე-ჩუღურეთზე და საბურთალოზე არ მაქვს საუბარი, რადგან ოპოზიციას იქ თავისი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია, დარჩენილ ექვს რაიონში ხვალ რომ არჩევნები იყოს, ოპოზიციიდან ჩემი შეფასებით შანსი აქვს ელენე ხოშტარიას და 50-50-ზეა მელია და კობიაშვილი გლდანში. დანარჩენ ოთხ რაიონში მოიგებს ხელისუფალი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატები თბილისის დარჩენილ ორ ოლქში", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
20 ივლისს კოჯორში, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მაშტაბით 30 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.