იპოთეკური სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებიდან ოფიციალურად 2 კვირაზე მეტი გავიდა, რეალურად კი პროგრამა რამდენიმე დღის ჩაშვებულია. შესაბამისად, რაიმე ტენდენციაზე ჯერ საუბარი უჭირთ მშენებლებს, თუმცა ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ ბანკებში.
ჯერჯერობით თვალნათელი შედეგი, რაც ამ პროგრამის ამოქმედებამ მოიტანა, ეს უძრავი ქონების გაძვირებაა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ქვეყანაში ბინებზე ფასი გაიზარდა. ეს პირდაპირ უკავშირდება სესხების სუბსიდირების მთავრობისეულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან. შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით ორი კვირაა ამოქმედდა, ამიტომ ძნელაძე ამ ეტაპზე ციფრებზე ვერ საუბრობს.
„სხვადასხვა ბანკებისგან და დეველოპერული კომპანიებისგან ველოდებით კონკრეტულად ამ სუბსიდირებაზე მორგებულ პროდუქტებსაც, რომელიც გვგონია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნული მიმართულებით გააქტიურებას. მაგალითად, ის დეველოპერები, რომლებიც ე.წ. თეთრი ჩარჩოთი ყიდიდნენ ბიზნებს, დღეს საუბარია იმაზე, რომ რემონტიან ბინებს გაყიდიან და ამას ფასში შეიყვანენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.
რაც შეეხება მოლოდინს, ძნელაძეს უჭირს ციფრებზე საუბარი რადგან ეს გამომდინარეობს იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება ბაზარზე და იქნება თუ არა ტექნიკური პრობლემები, მათ შორის, გაძლიერებული იქნება თუ არა საკარანტინე პირობები, თუმცა, ამის გათვალისწინებით მოლოდინია, რომ სუბსიდირებული პორტფელი, მინიმუმ 300 მილიონი ლარი წლის ბოლომდე გენერირდეს.
მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დააანონსა. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
ბაზარი ახლა იმ კლიენტების მოლოდინშია, რომლებიც პროგრამის დაანონსების შემდეგ ბინების ყიდვისაგან თავს იკავებდნენ და სწორედ სუბსიდირების სქემის ამოქმედებას ელოდებოდნენ.
რეალური სურათის გამოსაკვეთად გარკვეული დროა საჭირო, ამიტომ შეფასების გაკეთება უჭირს „რედკოს“ წარმომადგენელ მალხაზ კუნელაურსაც. დეველოპერი ამბობს, რომ შეინიშნება მოძრაობა, მაგრამ რამე განსაკუთრებული აქტივობა ჯერ არ არის.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეიძლება ითქვს ის, რომ ორი დიდი ბანკიდან, ერთ-ერთს ჯერ კიდევ არ დაუწყია პროგრამის ამოქმედება. იქ კომიტეტზეა გატანილი საკითხი. ჩვენ ვართ პირველი დეველოპერები, ვისთანაც ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო. დიახ, არის გარკვეული რაოდენობა კლიენტებისა, თუმცა რომ ვთქვათ, ეს რამე განსაკუთრებული ნახტომისებური ზრდაა, ნამდვილად არა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ახალი პროდუქტია და, ალბათ, ამიტომ.
სუბსიდირების პროგრამა არ არის ნებაყოფლობითი ან ისეთი, რომელშიც ვისაც სურვილი აქვს, ის დეველოპერი ჩაერთვება. ყველა კომპანიასთან, სადაც კი მიხვალთ, თუ სტანდარტსა და კრიტერიუმს დააკმაყოფილებთ, დაგიფინანსდებათ სესხის პროცენტი. ამიტომ ჩვენ ვერანაირ განსაკუთრებულ ინტერესს ან უინტერესობას ვერ გამოვავლენთ. ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი და მიმართულება, თუმცა ამაზე ნამდვილად არ აგვიწყვია სამუშაო სტრატეგია“, - განაცხადა კუნელაურმა.