საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ფასების ზრდას გამოიწვევს და ამასთან, შესაძლოა, რიგ მედიკამენტებზე დეფიციტიც შეიქმნას. საქმე ეხება იმ კანონპროეტს, რომლის პარლამენტში წარდგენამაც ბოლო პერიოდში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
როგორც ლევან გოგიბერიძემ აღნიშნა, მართალია, თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედა და 3-ჯერ აღარ გახანგრძლივდება რეგისტრაციის ვადა, თუმცა ცვლილება წამლის ფასზე გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენს და ეს, სავარაუდოდ, პროდუქციის ღირებულებაში გამოიხატება.
„გარკვეული კონსენსუსი მიღწეულია. მართალია, წამლის რეგისტრაციის ვადები გაიზარდა, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული. რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია, აისახება მედიკამენტების ფასებზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10% იქნება. ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით, შესაძლოა, დეფიციტიც შექმნას“, - განუცხადა „აიპიენს“ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება, თავდაპირველად კი ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა. დიდი კამათი შემდეგ ეს დრო განახევრდა, თუმცა წინა ვადებთან შედარებით მაინც ორჯერ გაზრდილი გამოდის. სწორედ ამიტომ აპელირებენ ფარმაცევტები გაძვირებაზე, რასაც არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. იგი არ იზიარებს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა მოიმატოს. რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რაც პროდუქციის ღირებულებაზე გავლენას მოახდენს.
„მედიკამენტების ფასი და ხარისხი არის ის თემა, რაზეც როგორც ფარმაცევტთა ასოციაცია, ასევე პოლიტიკის განმსაზღვრელები მუდმივად აქცენტს აკეთებენ. ბოლო პერიოდში აქცენტები და ყურადღების გაძლიერება გამოიწვია საკონონმდებლო ცვლილებების პაკეტმა, რომელიც წარდგენილია საპარლამენტო განხილვისთვის, მესამე მოსმენამდეა მისული ამ ცვლილებების პაკეტი, რაც ძირითადად, პროცედურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. იყო გამოთქმული მოსაზრება იმაზე, რომ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებამ შესაძლოა, მედიკამენტების გაძვირება გამოიწვიოს, რასაც ვერაფრით ვერ გავიზიარებთ, რადგან 7 დღიდან 15 დღემდე რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს წამლის ფასებზე ბაზარზე ან კონკურენციაზე. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხიანი საქმის წარმოების პროცესებს მარეგულირებლის დონეზე.
რაც შეეხება რეალურად წამლის ფასების ტენდენციებს, ამ შემთხვევაში, უფრო ძირეული ცვლილებებია საჭირო და ძირეული ცვლილებებისთვის საპარლამენტო კომიტეტი, ვფიქრობ, მოკლე ხანში გახსნის საჯარო კონსულტაციებს იმ პროექტზე, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად ამუშავებს“, - განუცხადა „აიპიენს“ გაბუნიამ.
კანონპროექტი, შეიძლება ითქვას, დამტკიცებულია და რა გავლენას მოახდენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ძალიან მალე გამოჩნდება.