ისევე, როგორც ყოველთვის, მოსახლოება შიშით შესცქერის ლარის გაცვლით კურსს და მისი მორიგი გაუფასურების მოლოდინშია. მით უფრო, რომ ახლა ეკონომიკას და ბიზნესს რთული ჟამი უდგას, რომელიც კარგა ხანს არ გამოსწორდება. თუმცა, არის დამაიმედებელი ფაქტორი - არჩევნები. ასეთ დროს ხელისუფლება ტყავში ძვრება, რომ ლარის გაუფასურება არ დაუშვას. სწორედ ამიტომ მკვლევარები წელს ლარის დევალვაციას არ ელოდებიან.
„თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე აცხადებს, რომ კურსის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია ვისაუბროთ ალბათობით დაშვებებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს და რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ეროვნული ვალუტის დინამიკაზე.
„ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რყევები კურსთან დაკავშირებით არ გვექნება და წლის ბოლოს დოლარი-ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.0-ის მიდამოებში იქნება“, - განაცხდა ჩაჩანიძემ.
მისივე განმარტებით, პროგნოზის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონისა და ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტის - რუბლის, ლირის, ევროს კურსის მოლოდინებმა და დოლართან მიმართებაში მათმა გაცვლითმა კურსმა.
„დოლარი საკმაოდ გამყარებულია და წლის განმავლობაში მისი მეტად გამყარების მოლოდინი არ გვაქვს და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რაც იმოქმედებს მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა „საქმიანი დილის ეთერში“ ჩაჩანიძემ.
პანდემიის საწყის ეტაპზე, „თიბისი კაპიტალს“ მაგალითად, ექსპორტთან დაკავშირებით, უფრო ნეგატიური მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ვითარება ნაკლებად დრამატული აღმოჩნდა. ამას დაემატა ინტერვენციების განხორციელებისთვის ეროვნული ბანკის მზადყოფნის ფაქტორიც, რაც ასევე გახდა მათი ასეთი პოზიტიური მოლოდინის განმსაზღვრელი.
გაცვლითი კურსის განსაკუთრებულ მერყეობას არ ელოდება ფინანსისტი, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელიაც. იგი პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი კურსი არის ის, რასაც ლარი ოქტომბრამდე შეინარჩუნებს.
„ამ თვის ბოლომდე ლარის კურსის მერყეობა იქნება 3.0-3.10-ის ფარგლებში. აგვისტოში კი ოდნავ გამყარებას ველოდებით, თუმცა ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის. ვითარება სხვაგვარი იქნება ოქტომბრის დასაწყისიდან. ზოგადად, სექტემბრის მეორე ნახევრის შემდეგ ველოდებით გაუფასურების პროცესების დაწყებას, თუმცა საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერევა.
ის, რომ ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ვერ შედგა, ეს იმპორტისა და მოხმარების შემცირებას იწვევს. ამას ერთვის ადგილობრივი აგროპროდუქტების ბაზარზე შემოსვლა და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ლარი არ უფასურდება.
რაც შეეხება მკვეთრ გაუფასურებას წლის ბოლოსკენ, ამას ცხელი პოლიტიკური შემოდგომის გამო, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსი სტაბილურობა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს. ვფიქრობთ, დეკემბრამდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიხლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ლარის გაუფასურების პრევენციისათვის, მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა, არაერთხელ განახორციელა ინტერვენციები. სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით, სებ-მა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა, რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.