"ამან შეიძლება ჩვენც გაგვაქროს" - რა მოხდება რეგიონში თუ სომხეთი და აზერბაიჯანი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული კონფლიქტი კიდევ მიმდინარეობს. ოთხშაბათს საღამოს ინფორმაციით, გარდაცვალილი იყო 16 ადამიანი. მათ შორის ერთი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი. „რაც უფრო მეტი დესტაბილიზაცია იქნება ჩვენს რეგიონში, მით უფრო ნაკლებია ჩვენი შანსი ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" რეგიონში მიმდინარე პროცესებს კონფლიქტოლოგი ნუკრი ხევცურიანი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ამან შეიძლება ჩვენც გაგვაქროს" - რა მოხდება რეგიონში თუ სომხეთი და აზერბაიჯანი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებენ

„მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, ამ დაპირისპირებას მყისიერი და ეფექტური რეაქცია არ მოჰყოლია როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მხრიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალადობა დაგმო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა რუსეთმა და ეუთოს მინსკის ჯგუფმაც. „როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამხედრო პოტენციალით. კონფლიქტისთვის ორივე მხარე მზად არის, ფაქტობრივად სომხეთი მილიტარიზებულია. საზღვრიდან მოყოლებული ძალიან თვალშისაცემია სამხედრო ბაზების სიმრავლე. ეს კონფლიქტი მოსალოდნელი იყო, ის შესაძლებელია კიდევ განვითარდეს და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არაეფექტურია კონფლიქტის მოგვარების საქმეში ეუთოს მინსკის ჯგუფის ჩართულობა. ის კონცენტრირებულია არა კონფლიქტის მოგვარებზე, არამედ გამწვავების პრევენციაზე. ის პერიოდული შეხვედრები, რომლებიც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის იმართება, ყოველთვის ძალიან დაძაბულია. ხშირად საუბრობენ არასაგნობრივ საკითხებზე, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, არამედ ისტორიულ კონტექსტზე. ისტორიულად რომელს უფრო ეკუთვნის ყარაბაღი - სომხეთს თუ აზერბაიჯანს. არანაირი მყისიერი და ეფექტური ჩარევა განსაკუთებით იმ მხარისგან, რომელიც ვალდებულია, მინსკის ჯგუფს ვგულისხმობ, ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. უბრალოდ ზედაპირული განხადებები კეთდება, მათ შორის, მოსკოვიდანაც", - გვითხრა ნურკი ხევცურიანმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ის არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში მასში „ოდეკაბეს" ქვეყნებიც ჩაერთოს, თუმცა მისი აზრით აქ შესაძლოა რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს. „მოგეხსენებათ არსებობს „კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია" ე.წ. „ოდეკაბე". რომლის წესდების თანახმად, თუ მის წევრ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ მთიანობას ან სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება საამხედრო თვალსაზრისით, მაშინ ორგანიზაცია ვალდებულია, რომ ამ ქვეყნას სამხედრო დახმარება გაუწიოს. ადრე ყველა კონფლიქტის ესკალაცია ხდებოდა ყარაბაღის მიდამოებში, რომელში ჩარევაც წესდების მიხედვით „ოდეკაბეს" ვალდებულება არ იყო. მაგრამ, ახლა ეს უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარია და კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში „ოდეკაბეს" უჩნდება ვალდებულება, რომ ჩაერიოს ამ კონფლიქტში სამხედრო გზით.„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში უკვე რუსეთის ერთპიროვნული პოზიცია ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ბელარუსია, რომლის პრეზიდენტსაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ილჰამ ალიევთან და ამ მეგობრობის ნიადაგზე როგორ მოხდება ბელარუსიის სამხედრო თვალსაზრისით სომხეთის მხარეს კონფლიქტში ჩართვა, ძალიან რთული სათქმელია. ასევე, სომხეთსა და რუსეთს შორის დღეს ნამდვილად აღარაა ის ჰარმონიული ურთიერთობა, რაც იყო პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე", - ამბობს ნუკრი ხევცურიანი”, - განაგრძობს გამოცემა.

„ის ასევე გამოეხმაურა რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ოფიციალური მოსკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. თურქეთის პრეზიდენტმა და საჯარო უწყებებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ისინი ნებისმიერი კონფლიქტის პირობებში მხარს უჭერენ მეგობარ აზერბაიჯანს. ხევცურიანის შეფასებით ეს ძალიან „ცხელი" განცხადება იყო, რომელსაც დიპლომატიური მოზომილობა აკლდა. რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალურმა მოსკოვმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს. ხევცურიანის თქმით, კონფლიქტის მოგვარება რეალურად რუსეთის ინტერესებში არ შედის. „ოფიციალური ანკარა ყოველთვის აფიქსირებდა, რომ ის მხარს უჭერდა აზერბაიჯანს, მაგრამ ეს ძალიან მოზომილი და დიპლომატიურ ჩარჩოებში ჩასმული იყო. ბოლო განცხადება კი მეტისმეტად „ცხელი" და დიპლომატიურად არასწორია. ეს განცხადება თურქეთის პირველი პირის მხრიდან ნამდვილად არ ემსახურება მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში. „არსებული სტატუს-კვო რაც დღევანდელ ვითარებაში შენარჩუნებულია, კონფლიქტის ზონაში პირდაპირ ემსახურება ერთადერთი მხარის ინტერესებს და ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამ კონფლიქტში შენარჩუნებული სტატუს-კვოს მეშვეობით რუსეთს ფაქტობრივად ხელით უჭირავს როგორც სომხეთი, რომელთანაც ხელი მოწერილი აქვს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ისე აზერბაიჯანი. რუსეთი ქვეყნებს ცალ-ცალკე არ განიხილავს მითვის მთავარია რეგიონალური კონტექსტი, რეგიონალურ ჰეგემონად დამკვიდრების კონტექსტში მისთვის ყარაბაღი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. არამხოლოდ პოლიტიკური არამედ, ფინანსური კუთხითაც, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა იარაღს სწორედ რუსეთისგან ყიდულობს", - თქვა ხევცურიანმა”, - დასძენს გამოცემა.

„რაც შეეხება საქართველოს როლს, ხევცურიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და მას აქტიურად უნდა ჰქონდეს მხარეებთან კონსულტაციები, რადგანაც რეგიონალური კონფლიქტი უპირველესად საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველო ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აწარმოებდა უნიკალურ საგარეო პოლიტიკას. მან შეინარჩუნა სამართლიანი ნეიტრალური მოთამაშის სტატუსი და ორივე ქვეყანა დარჩა ჩვენს კარგ მეზობლად. ამიტომაც, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია, საქართველო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული, არ უნდა ჩაიკეტოს. ერთგვარი რეგიონალური ჰაბი უნდა შექმნას. საჭიროა საგარეო ფრონტზე მეტი აქტიურობა. ჩვენ უნდა წავმართოთ რეგიონალური პოლიტიკა სხვა უფრო დიდ აქტორებთან ერთად. „არ ველოდები რეგიონალურ დიდ ომს, ამან შეიძლება მხოლოდ ეს ქვეყნები კი არა, ჩვენც გაგვაქროს. ისტორია კარგი გაკვეთილია, გავიხსენოთ რა მოხდა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი გადაეკიდნენ ერთმანეთს დიწყო ესკალაცია რეგიონში და ყველამ ხელი ჩაიქნია ჩვენზე. ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. „სამხეთ კავკასიის გლობალური სტაბილიზაციის სფეროს ინტერსებში, არანაირად არ შედის მისი ლოკალური ესკალაცია. რაც უფრო მეტი დესტაბილიზაცია იქნება ჩვენს რეგიონში, მით უფრო ნაკლებია ჩვენი შანსი ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისა. ყოვლად დაუშვებელია, რომ სამხრეთ კავკასია გახდეს მეორე ახლო აღმოსავლეთი. იმიტომ, რომ იქ ნაკლებია ინვესტიციები, არ შემოდის კაპიტალი და დასავლურ კულტურებში ჩვენი გაწევრიანების საკითხი ელემენტარულად დღის წესრიგში ვერ დადგება", - აღნიშნა ნუკრი ხევცურიანმა „რეზონანსთან”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„სომხური და აზერბაიჯანული მხარე კონფლიქტის ესკალაციაში და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს. ამჟამად დაპირისპირება ყარაბაღისგან დაშორებით აზერბაიანის ტოვუზის და სომხეთის ტავუშის რეგიონებს შორის მიმდინარეობს, რომელიც ახლოსაა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან. სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის დრონებმა ტავუშის პროვინციაში სამიზნედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს. თავდაცვის მინისტრმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დრონებიდან ერთ-ერთი ჩამოაგდეს. სტეპანიანმა აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოქალაქეების "ფარად" გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა არტილერია სოფელთან ახლოს განათავსა და სპეციალურად ჩააგდო საფრთხეში საკუთარი მოსახლეობა. აზერბაიჯანის სამხედრო პირებმა დრონის დაკარგვის ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ თავად ჩამოაგდეს სომხური დრონი და სომხეთის საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. სომხეთი აზერბაიჯანს სამთავრო ვებგვერდებზე კიბერშეტევის განხორციელებაშიც ადანაშაულებს. პაშინიანმა დაძაბულობაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და თქვა, რომ „გაუთვალისწინებელ შედეგებზე" სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი მომხდარს „სომხეთისგან მორიგი პროვოკაცია" უწოდა და დაიფიცა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაიცავს. გარდა ამისა, 14 ივლისს გამოსვლები იყო აზერბაიჯანში, მოქალაქეებმა არმიის მხარდამჭერი აქცია გამართეს, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება იუწყება ისინი სკანდირებდნენ „ყარაბაღი ჩვენია", „დიდება არმიას", „მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია". აქციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტშიც შეიჭრნენ, საიდანაც ისინი პოლიციამ გამოიყვანა. გამთენიისას სპეცრაზმმა დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალა”, - წერს სტატიის ავტორი.