იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ "ასავალ დასავალს" ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.
- თეა, ბოლო პერიოდის დაკავებები ძირითადად გირაოთი, ანუ დროებითი თავისუფლების მოპოვებით მთავრდება. საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება გიჭირთ თუ ჰუმანურობასთან ან კანონის გაადამიანურებასთან გვაქვს საქმე?
- მთავარ აქცენტს ვაკეთებთ მტკიცებულებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პირების დაკითხვა. შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების შემდეგ, მტკიცებულებების გამყარების გარეშე არასდროს, არცერთ უფლებამოსილ თანამშრომელს არ მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსთვის პატიმრობის მოთხოვნით. როცა ამგვარი შუამდგომლობა დგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამისთვის საფუძველი არსებობს. მაგრამ სასამართლო დღეს თამაშობს პოლიტიკური ოპოზიციონერის როლს - სურს, დაამტკიცოს, რომ ის გათავისუფლდა პროკურატურის წნეხისგან და გახმაურებულ საქმეებზე იღებს პროკურატურის საპირისპირო გადაწყვეტილებებს. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ხალხს ათავისუფლებს კუბლაშვილის სასამართლო და არა პროკურატურა. ამას შეიძლება ზუსტად ისეთივე კვალიფიკაცია მიეცეს, როგორც ადრე - კუბლაშვილის სასამართლო დღესაც შერჩევით სამართალს ეწევა. თუ ადრე პროკურატურის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება კუბლაშვილს ეთვლებოდა ნაციონალების მხარდაჭერად, დღეს პროკურატურის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება კუბლაშვილს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერად ეთვლება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების შემთხვევაში სასამართლოები ისევ აგრძელებენ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შემთხვევაში იყენებენ გირაოს. სწორედ ეს არის შერჩევითი სამართალი.
- ყველა გახმაურებულ საქმეზე დაკავებული "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებული ადამიანები კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში გირაოს სანაცვლოდ ყიდულობენ თავისუფლებას და მაშინ რა გამოდის? ახალი ხელისუფლების მცდელობა, აღადგინოს სამართლიანობა, კრახისთვის არის განწირული?
- ის, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას. გირაოს
სანაცვლოდ ეს ადამიანები დროებით
თავისუფლდებიან და დაკითხვებზე ციხის ნაცვლად სახლიდან დადიან. ეს არ ნიშნავს, რომ ძიება წყდება ან პროკურატურა ჩერდება. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან სასამართლო პროცესები უკვე ინტენსიურად გაიმართება და ვფიქრობ, იმ დროს სასამართლო კუბლაშვილის ხელში ვეღარ იქნება, ანუ მოსამართლეები გათავისუფლებული იქნებიან ცერცვაძეების, ჩინჩალაძეების, მეიშვილების, კუბლაშვილების წნეხისგან.
- რიგ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ძებნაა გამოცხადებული. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე, როგორც ამბობენ, ათონის მთაზე, ბერებთან აფარებს თავს. როგორ წარმოგიდგენიათ მათი დაკავება?
- ოლეგ მელნიკოვი დააკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიძებნა. სხვებიც უნდა მოიძებნონ, რომ მათი დაკავება მოხდეს და შემდეგ დაიწყოს საექსტრადაციო პროცედურები. ამ საკითხს ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ... ათონის მთაზე ქალებს არა აქვთ მისვლის უფლება, და რაკი სოსო თოფურიძე ჯერ კიდევ მამაკაცია, მას აქვს უფლება, მივიდეს ათონის მთაზე და ილოცოს. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როცა ჩამოვა ათონის მთიდან, მოხდება მისი დაკავება.
- დაკითხვაზე დაიბარეს თქვენი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილი. მისი სახელი იკვეთება რიყის თემასთან დაკავშირებითაც.
- პროცესი რომ არ დავაზიანოთ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ, თუმცა არ არის გამორიცხული, ადეიშვილამდე არაერთმა საქმემ მიგვიყვანოს. ინფორმაციები, რომლებიც შემოდის, მოწმობს, რომ ის ხელმძღვანელობდა მთელ რიგ სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ გარიგებებს. ძალიან ბევრი საქმეა, რომელზეც სერიოზული ინფორმაციები გვაქვს.