"შეტაკებები გასცდა მთიან ყარაბაღს" - კავკასია ახალი ომის ზღვარზეა

აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

„უკვე ლოკალური ომის ზღვარზე არის რეგიონი, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს" - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ სამხედრო შეტაკებებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება გუშინ დაიწყო. მაისაიას თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემცირებული დიალოგი, რუსეთის ჩარევა და დასავლეთის მხრიდან ნაკლები ჩართულობა, რაც კორონავირუსის კრიზისით არის გამოწვული.

„მთავარი მიზეზები არის ის „შეიარაღების რბოლა" და უსაფრთხოების გეგმა, რომელიც ორვე ქვეყანამ ერთმანეთს გაუმართეს რეგიონში. როდესაც ინტენსიურად ხდებოდა შეიარაღების და მათ შორის დამრტყმელი შეიარაღების შეძენა, შესაბამისად ეს რიტორიკა ორივე მხრიდან საკმაოდ აგრესიულ ფორმებში იყო წარმართული, რაც საკმაოდ თვალსაჩინო იყო.

"მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული მოლაპარაკებების ინტენსივობა შემცირდა და ბოლო დროს არც დაფიქსრიებულა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარე სამშვიდობო ფორმატით ერთმანეთს შეხვედროდნენ. ისე ინტესნიურად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, დავუშვათ სომხეთის წინა ხელისუფლების პირობებში.

„რუსეთის ფედერაციამ, როგორც აიღო თავის თავზე მშვიდობის დამცველი სამშვიდობო მომლაპარაკებლის ფუნქცია და როგორც ასრულებს ის ამას, ყველას ძალიან კარგად მოეხსენება.

"გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მომენტი, როდესაც კორონავირუსისგან გამოწვეული და სხვა ეკონომიკური კრიზისია დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, ევროკავშირის სახელმწიფოები ჯეროვან ყურადღებას ვერ აქცევს რეგიონს. საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მთიან ყარაბაღთან მიმართებაში ჩართულნი არიან მინსკის ფორმატში. შესაბამისად, ამერიკაში არსებული სირთულეებმა და დასავლეთის ნაკლებ ჩართულობამ ყარაბაღის საკითებში ერთგვარად ხელი შეუწყო ამ ესკალაციის განვითარებას.", - ამბობს მაისაია.

მაისაიას განცხადებით ეს დაპირისპირება განსხვავდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქთისგან, მისი თქმით, იმის გამო, რომ შეტაკებები უშუალოდ სახელმწიფო საზღვართან მიმდინარეობს, შესაძლებელია ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„გუშინ თითქოს უნდა ყოფილიყო ეპიზოდური შეტაკებები, მაგრამ დღესაც გაგრძელდა. ყველაზე საინტერესოა ის საკითხი, რომ შეტაკებები ხორციელდება არა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, არამედ, უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

„2016 წელს როდესაც იყო 4-დღიანი ომი იქ კონკრეტული ობიექტი იყო მთიანი ყარაბაღი. ეს იყო სეპარატისტული რეგიონი და იქ გარემოებები არსებოდა. ახლა ეს გადაიზარდა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტში, როცა უკვე ორივე მხარე უშუალოდ მათ სახელმწიფო საზღვარზე ახორციელებენ შეტევას. ეს გაცილებით რთული სიტუაციაა. უკვე ლოკალური ომის ზღვარზე არის რეგიონი, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს.

„როგორ გაგრძელდება სიტუაცია, ვერ ვიტყვი, მაგალითად 4-დღიანი ომი, რომელიც გადაიზარდა ფართო მასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში, იგივე სომხურეროვან და აზორბაიჯანულეროვან არმიას შორის, რომლეთა ნაწილიც არის დისლოცირებული სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მეორე მომენტი არის ის, რომ რთული სიტუაციაა თავად შეიარაღებასათან მიმართებაშიც.

"როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს აზერბაიჯანმა გამოიყენა დამრტყმელი დრონები და მოახდინა სომხური პუნქტების განადგურება. აზერბაიჯანი უკვე იყენებს თანამედროვე შეიარაღების ელემენტებს. შესაძლებელია, მხარეებმა გამოსცადონ ახალი ტიპის შეიარაღება და ეს ესკალაცია მივიდეს საკმაოდ სერიოზულ დონემდე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მაიასაია არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებამ რეგიონული ხასიათი მიიღოს და მასში რუსული და თურქული მხარეც იყოს ჩართული.

„თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება. ესაა ორმხრივი თავდაცვითი კავშირი, რომლის საშუალებითაც თურქეთი ვალდებულია აღმოუჩინოს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება.

"ამავე დროს, სომხეთი არის პრორუსული კოალიციური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი და თუ მოხდა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. იქნება ძალიან რთული, იმიტომ, რომ თუ სომხეთი ოფიციალურად მიმართავს ამოქმედდეს ე.წ. მოსკოვის ხელშეკრულების მე-20 მუხლი, რომელიც ამავდროულად არის ვაშინგტონის მე-5 მუხლი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი იძულებული იქნება აამოქმედოს სომხეთში დისლოცირებული გიუმრის სამხედრო ბაზა და იქ არსებული სხვა შენაერთებიც. უკვე ამან შეიძლება მიიღოს რეგიონალური ომის პარამეტრები", - გვითხრა მაისაიამ.

რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე უნდა მოეწვიათ უსაფრთხოების საბჭო და ექსპერთებთანაც გარკვეული კონსულტაციები ყოფილიყო.

„ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. თუ დაიწყო ჩვენს მეზოფელ სახელმწიფოებს შორის პირადპირი ომი, ეს არაფერ კარგს რომ არ მოგვიტანს ცხადია. მე არ დავიწყებ ჩვენს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე ლაპარაკს, მაგრამ წესით ახლა უკვე უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა იყოს მოწვეული, ან თუნდაც მთავრობასთან არსებული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს შეკრებილი. უნდა გაკეთდეს შეხვედრები საექსპერტო ან სხვა ტიპის წარმომადგენლებთან და ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ერთობლივი ძალისხმევით", - აღნიშნა მაისაიამ „რეზონანსთან".

„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, გუშინ შუადღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების შესახებ გააკეთა განცხადება.

„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას" , - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსტროს განცხადებაში.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის პრესმდივანი „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, მათთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ"-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით.

„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის", - წერს შუშან სტეპანიანი.

დღეს დილით, ასევე სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები კვლავ განაახლა. რაც შეეხება დანაკარგს აზერბაიჯანი სამი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების და ხუთის დაჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სომხეთი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხური მხარის განცხადებით მათ დანაკარგი არ აქვთ.

რაც შეეხება გამოხმაურებას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც გმობენ სომხეთის მოქმედებებს და მხარდაჭერას უცხადებენ აზერბაიჯანს.

"თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და დაღუპულების გამო თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ აზერბაიჯანს, თურქეთი, მთელი თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხდა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისიოს საკითხებში ტოივო კლაარმა.

„შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ თავშეკავება და კომუნიკაციისთვის ყველა არხი, როგორც პირდაპირი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისები გამოიყენონ,"- წერს იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მსგავი დამოკიდებულება „შემაშფოთებელია".

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი უშიშროების საბჭოზე განაცხდა, რომ „გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც".