უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ქუთაისში ბაზირებულ ორ ხომალდს ქვეყნიდან გაიყვანს. ამის გამო საქართველოში თანამშრომლების შემცირება არ მოხდება, ბაზის დროებით დახურვა კი ხარჯების ოპტიმიზაციით არის განპირობებული. რა იქნება მომავალში, ამის პირობას ავიაკომპანიაში ვერ იძლევიან, მთავრობა კი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი „ლოუქოსთერი“ ქუთაისში რჩება და მალევე დაიწყებს რეისების შესრულებას.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრული კომპანია ქუთაისის ბაზარს საერთოდ აუქმებდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია თავად კომპანიაშიც და ეკონომიკის სამინისტროშიც უარყვეს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზ ეარი“ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზ ეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული“, - განაცხადა მინისტრმა.
ამას თავად კომპანიის განცხადება მოჰყვა, სადაც ხაზგასმულია, რომ რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ ავიაკომპანია კვლავინდებურად განაახლებს ფრენებს.
„ვიზ ეარი“ მზადაა, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. „ვიზ ეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.
მოგვიანებით ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ფრენების განახლების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მიეცემათ. ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულებს კომპანია იმ პერიოდში, სანამ ფრენა არ ხორციელდება, „ვიზ ეარის“ ქსელში ალტერნატიული დასაქმების შესთავაზებს.
„ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, საკმაოდ ადრეა იმისთვის, რათა ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ამ ეტაპზე თქვენთვის არაფრის დადასტურება არ შემიძლია.
ჩვენს აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს.
დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს ქუთაისის ბაზაზე და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ. ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ.
ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ანდრას რადომ.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძეც ამტკიცებს, რომ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ბაზას მომავალშიც შეინარჩუნებს. კომპანია საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.
„ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
რაც შეეხება ბაზებს - ეს არის წმინდა ტექნიკური მექანიზმი თუ სად ჰყავს საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიას.
„პანდემიის პერიოდში, „ვიზ ეარის“ საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება, იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია.
შემცირებული ფრენების ფონზე არა მხოლოდ „ვიზ ეარი“, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული“, - განაცხადა არჩუაძემ.
რას უნდა ნიშნავდეს უნგრული ავიაკომპანიის გადაწვეტილება? როგორც ჩანს, „ვიზ ეარს“, ისევე როგორც ყველა ავიაკომპანიას, ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხარჯების ოპტიმიზაციას იწყებს.
„საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მოლოდინაშვილი ამბობს, რომ ეს ნიშნავს ადამიანური რესურსის მიმართულებით პრობლემებს, ასევე, ინვესტიციების მიმართულებით გამოწვევებს.
„ველოდი, რომ „ვიზ ეარი“ მოითხოვდა პირობების გადახედვას და მოლაპარაკებების გამართვას. ცოტა მიკვირს კიდეც, რომ ეს აქამდე არ მოხდა, თუმცა ახლაც შესაძლებელია.
„ვიზ ეარის“ ბაზის გახსნის პროცესშიც ვიყავი ჩართული და ეს არც თუ ისე ადვილი რამაა. ის მოითხოვს ძალიან თანმიმდევრულ სამუშაოს, რათა ავიაკომპანია დავარწმუნოთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა და ბიზნესის ერთობლივად კეთება. ბაზა ქუთაისში გავხსენით 2016 წელს და ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ავიაკომპანიას ჰქონოდა შესაძლებლობა, უფრო მეტ მიმართულებაზე შესულიყო.
პრაქტიკულად, ბაზის გახსნით, კომპანიამ აქ გახსნა თავისი შვილობილი ავიაკომპანია და აქ ბაზირებული იყო ორი საჰაერო ხომალდი. იმედი მაქვს, პროცესი მიმართულებას შეიცვლის და მოლაპარაკებები გაიმართება.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ვიზ ეარმა“ გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდავია. ქუთაისის აეროპორტს ჰყავს სერიოზული გუნდი, რომელსაც სჭირდება აქტიური მუშაობა, ხოლო მესამე მიზეზი არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ მონოპოლია საავიაციო ბაზარზე. 2010 წელს, როცა ღია ცის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, სწორედ მონოპოლიაზე ვთქვით უარი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მოლოდინაშვილმა.