პრობლემები მეღვინეობაშიც დაიწყო - მევენახეები და მეღვინეები მთავრობის იმედად არიან

პრობლემები მეღვინეობაშიც დაიწყო - მევენახეები და მეღვინეები მთავრობის იმედად არიან

ღვინის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირებულია. მეღვინეებს პრობლემები აქვთ არა მარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ქვეყნის შიგნით რეალიზაციის მხრივაც. ამიტომ წლევანდელი რთველი ყველაზე საყურადღებო იქნება, რადგან ზედმეტი ყურძნის მიღება არავის ენდომება. მთავრობა ამ ვითარებიდან გამოსავალს სუბსიდირებაში ხედავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ღვინის სექტორს გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. ის ადგილები, რომლებსაც პირდაპირ, მიეწოდებოდათ პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში და ეს ფაქტორი აისახა ღვინის ექსპორტზე.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულია.

სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სტატისტიკაც მოწმობს, რომ საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23 742 ტონა ღვინო გავიდა, რაც ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოდიოდა.

პრობლემებზე საუბრობენ მეღვინეებიც. „თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ხაზს უსვამს, რომ პანდემიამ გავლენა იქონია ღვინის რეალიზაციაზე და ექსპორტზე მეტად, შიდა გაყიდვებზე აისახა ნეგატიურად.

„შემიძლია საერთო გაყიდვების მაჩვენებელი გითხრათ ჯამურად, 10%-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით. ამის მიზეზია, მოთხოვნის შემცირება, რაც პირდაპირ რეალიზაციაზე მოქმედებს. კორონავირუსის გამო გარკვეული სექტორები საერთოდ ამოვარდა, კერძოდ, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი, რამაც რეალიზაციის ვარდნა გამოიწვია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს და ღვინის მაღაიზიებს, აქ შეიძლება ოდნავ მატებაც კი იყო“, - განუცხადა „ბიემს“ ზურაბ რამაზაშვილმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წელს რთველზე პრობლემებია მოსალოდნელი. ამიტომაც ლევან დავითაშვილი მოსახლეობას იმედს აძლევს, რომ ხელისუფლება რთველის პერიოდში არც ამ ჯერზე მიატოვებს.

„მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ ფერმერის მიერ მოწეული მოსავალი, პრობლემების გარეშე, მთლიანად დაბინავებულია. სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია.

პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები.

მომავალ კვირას მთავრობა მიიღებს დადგენილებას რთველის ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ. ეს იქნება მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელიც შეჯერებული და დარგთან შეთანხმებულია. ესაა ის მაქსიმუმი, რაც არსებული ფინანსური შესაძლებლობებით გაკეთდა მოსახლეობისთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი, ისევე როგორც წინა წლებში, ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რონ ის ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.