„ტერაქტების გამო რუსულ მხარეს პასუხის გაცემა ვაშინგტონისთვის მოუწევს“

„ტერაქტების გამო რუსულ მხარეს პასუხის გაცემა ვაშინგტონისთვის მოუწევს“

აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიები თბილისისთვის მუდმივი თავის ტკივილია. ყოველდღიურად იქ დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ ახალ–ახალი ბოროტებანი იგეგმება. საუბედუროდ, მტრის შავბნელი ზრახვების უშუალოდ შემსრულებლები (ე.წ. ისპალნიტელები) ისევ ეთნიკური ქართველები არიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მომხდარ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით 6-კაციანი ჯგუფი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტების ოფისთან აფეთქება. ასევე, მუხიანის I მკ/რ-ში ნონეშვილის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ორი აფეთქება და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარგინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.

 

6 დაკავებულის გარდა, აღნიშნულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილია კიდევ 2 პირი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. დაკავებულები არიან: გოგიტა არქანია, აფეთქების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჯონი აბულაძე, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ ნიკოლავა, თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა ხურცილავა, თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი არქანია, თანამონაწილე; ლელა ხურცილავა, თანამონაწილე.

 

ძებნაა გამოცხადებული 2 ეჭვმიტანილზე – მერაბ ყოლბაიაზე, მეტსახელად „კოჭოიაზე“, რომელიც აფეთქების ორგანიზატორი და შემსრულებელია, ასევე მუხრან ცხადაიაზე, აფეთქების ორგანიზატორზე და შემსრულებელზე. ისინი ამჟამად ოკუპირებული გალის რაიონში იმყოფებიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიას და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის ჰექსოგელით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც, 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, 1 ქილაში ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგელი. სამინისტრომ გაავრცელა გოგიტა არქანიას, გოჩა ხურცილავას, მარინა ნიკოლავას, ლელა ხურცილავას აღიარებითი ჩვენებები.

 

შსს-ს ინფორმაციით საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი ევგენი, იგივე ჟენია ბორისოვი დგას. როგორც მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფს დავალებას აძლევდა მაიორი ბორისოვი. იგი უკვეთავდა, აფინანსებდა ასაფეთქებელ ნივთიერებების შეძენას, ფულს უხდიდა.

 

ეკა ზღულაძის განმარტებით, მათ შესაბამისი მტკიცებულებები მოეპოვებათ. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ტელეფონის ნომერი, რომლითაც მაიორი ბორისოვი უკავშირდებოდა დამნაშავეთა ჯგუფს. ზღულაძის განცხადებით, კიდევ მზადდებოდა აფეთქებებია. ამაზე მიუთითეს ის, რომ მათ აღმოაჩინეს 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა. მაიორი ბორისოვი აფხაზეთის განლაგებულ სამშვიდობო ძალებში მსახურობდა. შს მინისტრის მოადგილის ცნობით, ყველა დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

 

განხორციელებულ ტერაქტებთან რუსული არმიის მაიორის, ევგენი ბორისოვის კავშირზე რუსეთის საგარეო უწყება განცხადების გაკეთებას ჯერ არ აპირებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლავროვის უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტში განუცხადეს.

 

„ყველა ჩვენი განცხადება და კომენტარი ჩვენს ოიფიცალურ ვებგვერდზე განთავსდება. ამ თემაზე სამინისტროში ჯერ რაიმე განცხადების გაკეთება არ იგეგმება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, კითხვა წერილობით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგვაწოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ პასუხს“, - განაცხადეს დეპარტამენტში. „ჩვენ ამ თემაზე კომენტარის გაკეთების უფლება არ გვაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაუკავშირდეთ“, - განაცხადეს სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.

 

ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჯონი აბულაძის ოჯახისთვის კი მისი დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც „პირWელს“ ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ისინი თბილისში მყოფ აბულაძეს ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ვეღარ უკავშირდებოდნენ.

 

„ჩემს ძმას, რომელიც, რამდენადაც ჩვენთვის იყო ცნობილი, თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა, თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ბოლო 4-5 დღეა, აღარც მას დაურეკავს და ვერც მე ვუკავშირდებოდი. იგი თბილისში მაია ნიკოლავასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სენაკში, სამხედრო ბაზაზე მსახურის დროს გაიცნო. სწორედ მისი გაცნობის შემდეგ დატოვა ჩემმა ძმამ წალენჯიხა. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ნიკოლავას გაცნობის შემდეგ მისი საქმე უკან წავიდა“- განუცხადა „პირWელს“ მანუჩარ აბულაძემ და იქვე დასძინა, რომ ძმის დაკავების შესახებ მას გუშინ საღამოს ტელეფონით უცნობმა პირმა შეატყობინა.

 

„დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, როცა უცნობმა პირმა დამირეკა, თავი ჯონის ადვოკატად გამაცნო და დასძინა, რომ ჩემი ძმა დაკავებული იყო. მე ეს ხუმრობად ჩავთვალე და შევეცადე, ვითარებაში გავრკვეულიყავი, თუმცა მან ტელეფონი გამითიშა, შემოსულ ზარებში კი მისი ნომერი არ დაფიქსირდა“, - აღნიშნა მანუჩარ აბულაძემ.

 

„ლეიბორისტული პარტია“ თბილისში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას კვლავ ხელისუფლებას აკისრებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განუცხადა, „ისეთი ქვეყნის დედადაქალაქში, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანის ნებისმიერი სატელეფონო ზარი და მოქმედება ტოტალურად კონტროლდება, შეუძლებელია რომელიმე ტერორისტულმა, ან დივერსიულმა დაჯგუფებამ ხელისუფლების მფარველობის გარეშე იმოქმედოს“.

 

როგორც „ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, მომხდარი აფეთქებები პოლიტიკური ტერაქტია, რომელიც უშუალოდ პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

გიორგი თარგამაძე დივერსიული აქტების საფუძვლის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თარგამაძემ განუცხადა, დივერსიული აქტების აბსოლუტური პრევენცია გამორიცხულია ძლიერი სპეცსამსახურების მქონე ქვეყნებშიც კი და მთავარია, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტების ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც გამოავლინეს.

 

მისი თქმით, დღეს გავრცელებული მასალები ძალიან საინტერესოა და სერიოზული დასკვნების საფუძველს იძლევა. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ როგორც განხორციელებულ, ისე განსახორციელებელ დივერსიულ აქტებს შესაძლოა უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. „ვფიქრობ, საგამოძიებო მუშაობა უნდა გაგრძელდეს ძირითადი მოტივის გამოსააშკარავებლად. იყო ეს ნაკარნახევი ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობისა თუ ზოგადი პოლიტიკური ფონის დესტაბილიზაციისთვის, თუ დაგეგმილი იყო კონკრეტული ფიგურების განადგურებაც“, – განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ამ გამოძიებას ხელს შეუწყობს, თუ რუსული მხარე გამოეხმაურება ქართული მხარის მოწოდებას საგამოძიებო პროცესში თანამშრომლობაზე.

 

მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების უკან რუსეთი იდგეს, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართველი სამართალდამცველები ამის დასადასტურებლად „საერთაშორისო საზოგადოებისთვის სარწმუნო მასალებს“ წარმოადგენენ.

 

როგორც „პირWელს“ მამრაძემ განუცხადა, „მართალია, ბორისოვი რუსი „სამშვიდობოების“ ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეა, თუმცა ის, რომ მან ფორმა გაიხადა, „სამშვიდობოებიდან“ წამოსვლას არ ნიშნავს“.

 

„ყველა ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსგავს სამსახურში მუშაობს, ვადის ამოწურვისა და ფორმის გახდის მიუხედავად, კვლავ თანამშრომლად რჩება. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ბორისოვს მართლაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ემოქმედდა. კმაყოფილი ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტების ორგანიზატორთა ჯგუფი საკმაოდ მოკლე დროში გამოავლინა, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ქართველი სამართალდამცველები გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად ისეთ მასალებს წარმოადგენენ, რომელიც სარწმუნო იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც“, - აღნიშნა მან.

 

ამასთან, მამრაძის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების გახშირებას ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც შეუწყობს ხელს. „საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან იმთავითვე მწვავე რეაქცია მოჰყვა და გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ უხსნის ეს გზას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების შემოსვლასა და დარჩენას“, - აცხადებს მამრაძე.

 

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ბოლოდროინდელი ტერაქტების საქმის გახსნას მიესალმება. როგორც „პირWელს“ ძიძიგურმა განუცხადა, „საფუძვლიან ეჭვს, რომელიც თბილისში 29 ნოემბერს მომხრად აფეთქებასთან ხელისუფლების კავშირის შესახებ არსებობდა, ბოლოდროინდელ აფეთქებებთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილი იწვევდა“.

 

„მართალია, არ ხმაურდებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ თბილისში ათობით აფეთქება იყო განხორციელებული. ამაზე ხელისუფლება არაფერს ამბობდა, რაც, ბუნებრივია, ეჭვებს ბადებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვარწმუნებს, რომ  მსგავსი აფეთქებები აღარ იქნება.  ეს მისასალმებელია, რადგან ჩვენი მოქალაქეები ბომბების ხმებში აღარ იქნებიან“, - განაცხადა ძიძიგურმა.

 

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსული სპეცსამსახურების მიერ ტერაქტების განსახორციელებლად გალის რაიონის მცხოვრებთა გამოყენება მოსალოდნელი იყო.

 

არეშიძის განმარტებით, მომხდარი გასაკვირი არ არის, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმი კლასიკური , ჩვეული ხელწერით მოქმედებს, შაანტაჟითა და დაშინებით აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას აკეთოს ის, რისი გაკეთება მათ არ უნდათ. მისივე თქმით, თუ განხორციელებულ ტერაქტებს გავაანალიზებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამფეთქებლები ან მოუმზადებელნი იყვნენ, ან ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აფეთქებების სერია იყო. ჭალადიდში რკინიგზაზე მოსახლეობამ შეამჩნია ასაფეთქებელი მოწყობილობა, თორემ შესაძლოა შედეგი გაცილებით უფრო ცუდი ყოფილიყო.

 

ექსპერტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ლეიბორისტების“ ოფისთან სხვადასხვა ექსცესები სხვა დროსაც მომხდარა, აფეთქებების ორგანიზატორთა გათვლა სწორი იყო, ვინაიდან თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მომხდარში ხელისუფლებას დაადანაშაულებდა.

 

არეშიძის მტკიცებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში რუსული იდეოლოგიური დივერსიის ცენტრი მოქმედებს, რომლის საქმიანობა ქართული ეთნოსისაგან გალის რაიონში მცხოვრებთა სრულად ჩამოშორებისაკენაა მიმართული. მისივე თქმით, როგორც ეტყობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული დივერსიული იდეოლოგიური მანქანის მუშაობა გარკვეულ შედეგსაც აღწევს.

 

არეშიძე რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ მიერ საქართველოში ტერაქტების მოწყობის სამ სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს.

 

„არსებობს შეკითხვა, რატომ იყო საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა ტერაქტი ნაკლებეფექტური? მე შემიძლია სამ ვერსიაზე ვიფიქრო: პირველი, ეს იყო გამაფრთხილებელი აფეთქებები. რუსეთი გვეუბნება, რომ შეუძლია მეტის გაკეთება, ანუ „სახლში თვითონ არის უფროსი“. მეორე მიზეზად შეიძლება ის განვიხილოთ, რომ ტერაქტის შემსრულებლები არაპროფესიონალები იყვნენ და შეშინდნენ. რაც შეეხება მესამე მიზეზს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უფრო მასშტაბური ტერაქტისთვის ემზადებოდეს, ამ აფეთქებებით კი მის გადაფარვას შეეცადა“, - აცხადებს არეშიძე.

 

სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს იმედი აქვს, რომ საქართველოს შს სამინისტროს სექტემბერ-ნოემბრის ტერაქტების რუსეთთან კავშირის დასადასტურებლად სერიოზული მტკიცებულებები გააჩნია. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა არა მარტო ბოლო წლებში, არამედ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, საქართველოში მუშაობა განსაკუთრებით გააძლიერეს. ასე, რომ სრულიად შესაძლებელია, ეს ტერორისტული აქტები მართლაც რუსეთის უშიშროების სამსახურს უკავშირდებოდეს, რადგან ტერორიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ქსელი ორგანიზებულია, დამკვეთის საზღვარგარეთ ყოფნა საკმაოდ კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შს სამინისტროს ამის დამამტკიცებელი სერიოზული არგუმენტები გააჩნია, წინაღმდეგ შემთხვევაში ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განუცხადა „პირWელს“ მელითაურმა.

 

რაც შეეხება შს სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ მაიორი ბორისოვი ტერაქტების განმახორციელებელ დანაშაულებრივ ჯგუფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუვნილი კორპორაციული ნომრიდან უკავშირდებოდა, მელითაური ამას „რუსული მხარის სიბრიყვედ“ აფასებს. „სადღეისოდ მსგავსი კორპორაციული ნომრების კონტროლზე აყვანა პრობლემას არ წარმოადგენს და მსგავსი დავალებებისთვის ამ საშუალების გამოყენება სიბრიყვედ და სასაცილოდ მიმაჩნია“,- დასძინა ექსპერტმა.

 

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, შსს–ს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებს აფხაზეთის საოკუპაციო ჯარების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ევგენი ბორისოვი უწევდა კონტროლს, „კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრები დაუცველია“. როგორც „პირWელს“ ხუციშვილმა განუცხადა, „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაუცველობის დონეს ისიც ზრდის, რომ  საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვარი ცალმხრივად გახსნა“.

 

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არათანმიმდევრულია. უნდა ვიცოდეთ, რა მეთოდებით ხდება მოსახლეობის დაცვა. ამასთან, მიუხედავად საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა, მათ შორის სამუშაო რეჟიმი უნდა გრძელდებოდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობდა მსგავს შემთხვევებში დამატებითი ფაქტების გამოვლენას“, - აცხადებს ხუციშვილი.