COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით დაწესებული კარანტინი შეეხო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“, რომლითაც დღეში სულ მცირე 300 000-ზე მეტი მგაზვრი სარგებლობს. კარანტინის დასრულების შემდეგ, 29 მაისიდან, სრულად აღდგა კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე უტარდება დეზინფექცია.
იგივე რჩება მგზავრობის ღირებულება, არ შეცვლილა მგზავრობის ღირებულების ფორმაც. მოქალაქეს შეუძლია მგზავრობის საფასური გადაიხადოს სამგზავრო ბარათით, ანუ ე.წ. მეტრომანით და რაც მთავარია, ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობის უფლებით სარგებლობენ სოცილაურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც მგზავრობის საფასურის ნახევარს 40 თეთრს იხდიან.
თუმცა ეს წესები არ ვრცელდება ყველა მიკროავტობუსზე, კერძოდ - N128-ში. მძღოლები მგზავრებს აფრთხილებენ, რომ სამგზავრო ბარათის მქონე მგზავრი კონკრეტული ტრანსპორტით ვერ იმგზავრებს და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ გადახდის აპარატი არ მუშაობს. იგივე N128-ს მძღოლების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც მძღოლების ერთი ნაწილი მგზავრობის უფლებას ართმევს, იმ მოტივით, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი საფასურის ნახევარს იხდის.
3 ისტორია, რომელზეც ახლა გიამბობთ, სწორედ N128-ს მიკროავტობუსის მძღოლების თავხედობას აღწერს. ადამიანები, რომლებიც N128-ს მძღოლის აგრესსის მსხვერპლი გახდნენ, გვიყვებიან, რომ ხშირად ხდება, როდესაც მძღოლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მგზავრებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სოციალური ბარათით სარგებლობენ. პირად შევესწარი ფაქტს, როდესაც მძღოლი მოქალაქეს უშვერი სიტყვებით აგინებდა და ყვიროდა, რომ ბარათით გადახდილი თანხა მთლიანად კომპანიას ერიცხება და მას არაფერი რჩება.
ამბავი 1 - ქ-ნი მ. ქ. „ორშაბათს, დაახლოებით 18:00 საათზე გამოვედი სამსახურიდან. გაგარინის მოედანზე ავედი N128 მიკროავტობუსში. მანქანაში რამდენიმე მოქალაქე ფეხზე იდგა. მეტრო სარაჯიშვილთან ჩავიდა 3 ქალბატონი, ბავშვთან ერთად. სამივემ გაატარა სოციალური ბარათი, მძღოლი გაბრაზდა და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა: - „რომ მცოდნოდა სოცილაური ბარათი ჰქონდათ, არ ამოუშვებდი“. თავდაპირველად ჩავთავლე, რომ რადგან ბავშვი ძალიან ხმაურობდა, მძღოლი ამიტომ იყო გაბრაზებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ეხებოდა არა ბავშვს, არამედ სამგზავრო ბარათს. შემდეგ როდესაც მოვიდა ჩემი ჩასვლის დრო, კერძოდ გლდანში, რა თქმა უნდა, გავატარე სოციალური ბარათი, მძღოლმა ამ შემთხვევაში მე მომდგა და ჩხუბი დამიწყო“.
ამბავი 2: ქ-ნი მ.ბ. „რამდენიმე დღის წინ, 128 ნომრის ბოლო გაჩერებაზე, ფალიაშვილზე, მიკროავტობუსის მძღოლმა გამოაცხადა, რომ თანხის გადასახდელი აპარატი არ მუშაობს და ვინც ბარათებით ხართ, არ ამოხვიდეთო. ვისაც სამგზავრო ბარათი ჰქონდა დაემორჩილა მძროლის „ბრძანებას“. ავედით მხოლოდ ისინი, ვისაც თანხა გვქონდა. მძღოლი არ გავიდა მანამ, სანამ ბოლომდე არ გაძეძგა ტრანსპორტი, შემდეგ გამორთო შუქი და დაძრა. მიკროავტობუსში მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ ეს მძღოლი ხშირად მიმართავდა ამ ხერხს. შუქს გამორთავდა, ხან გადახდის ტერმინალს ზემოდან რაიმეს გადააკრავდა და ხალხს ეუბნებოდა, რომ ტერმინალი არ მუშაობს. მე 128 ნომრით მიწევს მგზავრობა და რომ ვაკვირდები, ამ მძღოლების უმრავლესობას არ სიამოვნებთ ბარათებით მგზავრობის ღირებულების გადახდა“.
ამბავი 3: ხ.ქ. „მეტრო სარაჯაშვილიდან ვიმგზავრე 128 ნომრით. რადგან ვარ სოციალურად დაუცველი, გადავიხადე სოციალურის ბარათით. მძღოლი უკმაყოფილო დარჩა და რაღაცა თავისთვის ჩაიბურტყუნა, მაშინვე ვერ გავეგე რა გახდა მძღოლის ასეთი გაღიზიანების მიზეზი. შემდეგ მივხვდი და მივბრუნდი, რომ გამეცა საკადრისი პასუხი, მაგრამ უკვე შუქნიშანთან იყო, სამწუხაროდ, ვერ დავეწიე“.
ამ ფაქტების ნახვისა და მოსმენის შემდეგ, დავინტერესდით იგივე ხდებოდა თუ არა სხვა მიკროავტობუსებშიც და სხვადასხვა მარშრუტზე ვიმგზავრე. N145, N96, N136, N139 და N147 მიკროავტობუსის არც ერთ მძღოლს სოციალური ბარათით მგზავრობის ღირებულების გადახდა არ გაუპროტესტებია.
ამის შემდეგ, for.ge შეეცადა კომპანიაში გაერკვია, რატომ უკრძალავენ მხოლოდ N128 მიკროავტობუსის მძღოლები სამგზარო ბარათის მქონე და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლება. ასევე დავინტერესდით, ეს იყო მხოლოდ ამ კონკრეტული მიკროავტობუსის მძღოლების თვითნებობა, თუ კომპანიის გადაწყვეტილება.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქიაშვილმა განგვიმარტა, რომ აღნიშნული არ არის კომპანიის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის კონკრეტული მძღოლის მიერ ჩადენილი გადაცდომა, რასაც უმკაცრესი სანქცია მოჰყვება კომპანიის მხრიდან.
„არც ერთ ასეთ ფაქტს არ ვტოვებთ რეაგირების გარეშე. ყველა ის მძღოლი, რომელიც ქმნის რაიმე ტიპის შეფერხებას ელექტრონული ბარათით სარგებლობისას, კომპანიის მიერ დაწესებული უმკაცრესი სანქციების ქვეშ ყვება. ეს სანქცია შეიძლება იყოს საერთოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფატს, ეს არის კონკრეტული მძღოლის გადაცდომა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა ასეთი ტიპის სამარშუტო ტაქსის მძღოლი ყვება კომპანიის მიერ დაწესებული უმკაცრესი სანქციების ქვეშ“, - აცხადებს ნათია მიქიაშვილი.
რაც შეეხება მძღოლების პრეტენზიას, ისინი ჩივიან, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა ისინი დააზარალა. კერძოდ, გადასახადი ისევ მაღალია, შემცირებულია მგზავრთა ნაკადი და ვერ ახერხებენ კომპანიის მიერ დაწესებული გადასახადის გადახდას, კომპანია კი, უარას ამბობს შეღავათების დაწესებაზე. ხოლო მგზავრობის ღირებულებას, რომელსაც მგზავრი სამგზავრო ბარათით იხდის, მთლიანად კომპანიის სარგებლოაბაში რჩება, რასაც კომპანიაში არ ადასტურებენ.
„აბსოლუტურად ყველა გადასახადი მგზავრთა ნაკადებთან შესაბამისობაშია მოყვანილი. არ ვიცი ცალკეული მძღოლები რას ლაპარაკობენ, მაგრამ კომპანიის მიერ განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების შემდეგ, გაიცა კატეგორიული რეკომენდაცია, რომ ყველას, ვისაც შეუძლია ელექტრონული ბარათით სარგებლობა, ისარგებლოს ამ ტიპის ბარათით, რადგან მაქსიმალურად მოვერიდოთ ნაღდი ფულის ტრიალს მძღოლსა და მგზავრს შორის. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი მძღოლი ცდილობს მგზავრს ელექტრონულად გადახდის შესაძლებლობა მისცეს. მაგრამ ჩვენი მომხმარებლის ძალიან დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს ელქტორნული ბარათით. ამიტომ ვერ ხერხდება ნაღდი ფულის მოხმარებიდან ამოღება.
რაც შეეხება ბარათით გადახდილ თანხას, საერთო გადასახადები გენერირდება მთლიანად სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ თუ თქვენ 80 თეთრიანი მგზავრობის შემთხვევაში გეჭრებათ 40 თეთრი, ე.ი. სუბსიდირება ხდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ამ გენერირებულ მონაცემებს ერთდროულად რამდენიმე უწყება უყურებს, აქედან გამომდინარე ფიქსირება მთლიანი მონაცემი. ჩვეულებრივად ითვლება ეს თანხა და შემდეგ როგორს წესი და რიგია, ისე ნაწილდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნათია მიქიაშვილმა.
თავის მხრივ for.ge თვალს მიადევნებს ამ პროცესს, რადგან მსგავი ფაქტის წინაშე შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდეს, როდესაც მძღოლი თვითნებურად უწესებს მოქალაქეს მგზავრობის საფასურის გადახდის ფორმას. ამასთან კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი დაადგენენ კანონდამრღვევი მძღოლის ვინაობას, რომლის მიმართ გატარდება უმკაცრესი სანქცია.