მევენახეები ყურძენში მინიმუმ 80 თეთრს ითხოვენ

მევენახეები ყურძენში მინიმუმ 80 თეთრს ითხოვენ

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტში არის საუბარი, რომლის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20 000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას. თავად კახელი გლეხები ჯერჯერობით იმედიანად არიან განწყობილნი, მაგრამ დაბალი ფასის შიში აქვთ. ამიტომ მთავრობას აქედანვე აფრთხილებენ.

2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 123.8 მილიონი ლარით იზრდება და ის 476.9 მილიონ ლარს მიაღწევს. აქედან 80 მილიონი ლარი მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსებაზე მიიმართება. შესაბამისად, ამ თანხიდან 40 მილიონი ლარი პირდაპირი სუბსიდიის სახით გაიცემა.

„ყოველწლიურად ყურძნის ჩამბარებელთა რაოდენობა კახეთისა დარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შეადგენს დაახლოებით, 20 ათას ბენეფიციარს, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იგეგმება სუბსიდიის სახით 40 მილიონ ლარამდე გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლა ვარაუდობს, რომ სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ, წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, საფერავი თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე იშვიათი ჯიშის ყურძენი, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაა, არ დასუბსიდირდება. ერთი შეიძლება ითქვას ის, რომ რქაწითელის სუბსიდია იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ და დასძინა, რომ შარშანდელის მსგავსად, იმუშავებს სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“, რომელიც ჭარბი ყურძნის შემთხვევაში, პროდუქციას ჩაიბარებს.

წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და მთავრობის განმარტებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მევენახეებს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩეთ. ხელისუფლება მეღვინეებსაც რიგ შეღავათებს და დახმარებას შესთავაზებს.

კახელი ფერმერები აცხადებენ, რომ ყურძენი 80 თეთრზე იაფად არ უნდა გაიყიდოს. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდიას დადებითად აფასებენ, ფერმერები ამავდროულად შიშობენ, რომ მინიჭებული შესაძლებლობით შეიძლება ქარხნებმა ბოროტად ისარგებლონ და ხალხს ყურძენში მიზერული ფასი შესთავაზონ, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

თელავის მუნიცუპალიტეტში მცხოვრები მევენახე ვასო შაქარაშვილი „რეპორტთან“ ამბობს, რომ თუკი ყურძენი 80 თეთრზე ნაკლებად გაიყიდება, ხალხი ვენახს დაჩეხავს. ამის მიზეზად იგი ვენახის მოვლის მაღალ ხარჯს ასახელებს.

„ყურძნის ფასი თუკი არ იქნება მისაღები, გამოვა, რომ სუბსიდია ქარხნებისთვის გაკეთდება. ჩვენ ამ სიკეთით რეალურად ვერ ვისარგებლებთ. არ მგონია, რომ ასეთი ფორმით სუბსიდიამ გაამართლოს. როგორც საავადმყოფოებს დაუდგინეს ზღვარი, ასეთი მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ ქარხნების შემთხვევაშიც. ჩვენთან უკვე საუბრობენ, რომ ყურძნის ჩაბარება 60 თეთრად მოგვიწევს. ამის უფლებას არავის მივცემთ. ვფიქრობთ, რომ მთავრობაც მხარს დაგვიჭერს. 80 თეთრზე იაფად თუ ყურძენი გაიყიდება, ჩათვალეთ, რომ გლეხი ვენახს გაჩეხავს. ყურძენი უნდა ღირდეს მინიმუმ იმდენი, რომ მიზერული მოგება მაინც დაგვრჩეს“, - ამბობს ვასო შაქარაშვილი.

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი კი აღნიშნავს, რომ ყურძნის სუბსიდირება არასოდეს არის გამოსავალი. მსგავს ნაბიჯებს აქვს მხოლოდ ერთჯერადი შედეგი და არ არის მომავალზე ორიენტირებული.

„მესმის ახლანდელი სიტუაცია, ამავე დროს მიმაჩნია, რომ სუბსიდირება არასდროს არ არის გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმით, მევენახეებისთვისაც კი. ამას არ მოაქვს შედეგი. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური დახმარება. საქმე იმაშია, რომ არამარტო ახლა, ყოველთვის, ეს თემა იმდენად პოლიტიზირებული იყო, რომ ყველა ხელისუფლება იყო ამის მძევალი და შესაბამისად იძულებული იყვნენ რომ გაკეთებინათ სუბსიდირება. არ არის გამორიცხული, წელსაც იგივე ხდება“, - აღნიშნა ბიტარიშვილმა.

მისივე აზრით, ახლანდელი სისტემა ღვინის ხარისხის გაურესების რისკებსაც წარმოშობს.