წყალწაღებული რუსული სპეცსამსახურები და ამერიკელებს ამოფარებული ქართველი სამრთალდამცავები

წყალწაღებული რუსული სპეცსამსახურები და ამერიკელებს ამოფარებული ქართველი სამრთალდამცავები

სექტემბერ–ნოემბერში განხორციელებულ აფეთქებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია და სპეციალური ვიდეო–მასალა, 4 დეკემბერს დაკავებული ექვსი პირის შესახებ, რომელთაგან ერთი სექტემბერ–ნოემბერში მომხდარი აფეთქებების (მათ შორის ამერიკის საელჩოსთან და “ლეიბორისტების“ ოფისთან) უშუალო შესრულებაშია ეჭვმიტანილი, ხოლო დანარჩენენები ეჭვმიტანილის თანამზრახველებად ითვლებიან.

 

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ექვსკაციანი ჯგუფი დავალებებს გალის რაიონში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრისგან, ევგენი, იგივე ჟენია ბორისოვისგან ღებულობდა, რომელიც 2008 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მსახურობდა ზუგდიდის რაიონში, რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთის ზონის შტაბის უფროსის მოადგილედ.

 

როგორ აფასებთ აფეთქებებში ბრალდებულების დაკავების ფაქტს?

ირაკლი სესიაშვილი: რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად მოქმედებენ – ფაქტებს იძიებენ და ეჭვმიტანილებს აკავებენ, მაგრამ დამნაშავეების დადგენა მთავარი არ არის, ამ შემთხვევაში აუცილებელია იზრუნონ ტერორისტული აქტების აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა დაცული იყოს მშვიდობიანი ცხოვრება, ადამიანების სიცოცხლე და ქვეყნის სტაბილურობა.

 

ენდობით ქართველ სამართალდამცავებს – დარწმუნებული ხართ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უტყუარია?

– ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვერ ვენდობი, მაგრამ ჩემი დარწმუნება გარკვეულწილად იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ ერთ–ერთი ტერორისტული აქტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მოხდა. გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ღიად არა, მაგრამ რეალურად ამერიკული მხარე გამოძიების პროცესში ჩართული იქნებოდა; ისინი დაკავებულებს ალბათ, სიცრუის დეტექტორზე გაატარებდნენ.

 

თუ ასეა, მაშინ რატომ არ ამბობენ ამას ხმამაღლა?

– ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ საქმეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ; აშშ–ს ამის უფლება სამართლებრივად არა აქვს, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით მათი ჩართულობა შეიძლება. როგორც წესი, ეს ასე ხდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს დიდ, ძლიერ სახელმწიფოსთან.

 

ვიმეორებ – დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები ამ პროცესში აუცილებლად იქნებოდნენ ჩართულები. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია. ამერიკული მხარე დედამიწის ზურგზე ფაქტობრივად არავის ენდობა, რადგან მას სურს, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეში საკუთარი სპეციალისტები ჩართონ და დასკვნები ამერიკელმა სპეციალისტებმა, გამომძიებლებმა გამოიტანონ.

 

რისი თქმა უნდოდა ამ აფეთქებებით რუსეთს, თუკი კვალი ნამდვილად რუსეთთან მიდის?

– თუ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის დაცვაზე ვზრუნავთ, ცხადია ამ მიზეზებზეც უნდა ვიფიქროთ, რათა მაქსიმალურად შევამჭიდროვოთ ის, რაც მოწინააღმდეგე მხარის ასეთი ტიპის ქმედებებს იწვევს.

 

თუ დადგინდა, რომ რუსეთმა დაგეგმა ისეთი სერიოზული ტერორისტული აქტი, რომლის სამიზნეა ამერიკის საელჩო საქართველოში, რუსეთმა იცის, რომ ამას სერიოზული საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება და შეიძლება ძალიან ბევრი პროექტი ჩაიშალოს.

 

ამ შემთხვევაში, რუსული სპეცსამსახურები იყენებენ ახალბედებს, რაც გარკვეულ კითხვებს მიჩენს; გამოდის რომ რუსული სპეცსამსახურები უკვე მართლაც წყალწაღებულები არიან. სხვა პასუხის მოძებნა მიჭირს.

 

ლოგიკას მივყვეთ. რისი თქმა უნდოდა ამით რუსეთს?  წავიდეთ პირველი თეორიული ვერსიიით, რაც არის ის, რომ ტერორისტული ორგანიზაციები სჩადიან ტერორისტულ აქტს პოლიტიკური მიზნებით. ერთ–ერთი პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს საზოგადოებაში შოკის გამოწვევა, რის გამოც საზოგადოება ხელისუფლებას ადეკვატურ რეაგირებას მოსთხოვს.

 

სწორედ ამიტომ, ტერორისტები ირჩევენ განვითარებულ, ძლიერ, მდიდარ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სადაც საზოგადოებას ხელისუფლებაზე ზემოქმედების უნარი აქვს. ჩვენთან ეს არ ჭრის. ჩვენი საზოგადოების დაშინება რთულია, რადგან ჩვენი საზოგადოება ისედაც კრიზისულად ცხოვრობს. ეს შოკი თავს მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება დაატყდათ თავს, ვინც ტერორისტული აქტების მიმდებარე  ტერიტორიაზე იმყოფებოდა და გარკვეული ზიანი მიიღეს. ანუ საზოგადოების ამით დაშინება აქ ნაკლებად სავარაუდოა.

 

რომელია თქვენი მეორე ვერსია?

– მეორე ვერსიით, ამ ტერაქტებით რუსეთმა გვაჩვენა პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე; კერძოდ, ესაა რუსეთის მტრებთან დამეგობრება – ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის გახსნა და ჩერქეზების გენოციდის აღიარება.

 

რის სანაცვლოდ შეიძლებოდა რუსეთს ეს აფეთქებები განეხორციელებინა?

– თუ რუსეთი ასეთ რისკზე მიდის, შესაბამის შედეგს და მიზანს ფასი უნდა ჰქონდეს. მე ამ შემთხვევაში საკმარის ფასს ვერ ვხედავ. ამიტომ, ამ ეტაპზე მიჭირს იმის თქმა, თუ რისი თქმა უნდოდა ამით რუსეთს. ცხადია, როცა ასეთ კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვპოულობ, შეიძლება გარკვეულწილად ეჭვქვეშ ვაყენებდე რუსულ ვერსიას, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით, ალბათ, ამ აფეთქებების ორგანიზატორი უფრო მეტად რუსეთი იყო.

 

თუ არა რუსეთს, მაშინ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა – თვითონ ქართველ სამართალდამცავებს, თუ ვინმე სხვას?

– ამ ვერსიას გამოვრიცხავ – საქართველოს ხელისუფლებას თუ დაუდგინდა, რომ ორგანიზება გაუწია ტერორისტულ აქტს ამერიკის საელჩოსთან, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი ამერიკის მხრიდან სანაგვე ყუთისთვისაა გამზადებული. საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ გარისკავდა. ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე, რადგან, ამგვარ ვითარებაში ამერიკული მხარე გამოძიებაში აუცილებლად ჩაერთვებოდა.

 

შესაძლებლად მიიჩნევთ თუ არა, რომ ეს აფეთქებები განეხორციელებინა რომელიმე სხვა ქვეყანას, რომელსაც საქართველოში გარკვეული ინტერესები აქვს?

– ამის თქმა ძალიან მიჭირს. გარკვეული ინტერესები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა; რაღაც ჯგუფებზე, კონკრეტულად ჩეჩნებზე ვიფიქრე, მაგრამ გამოვრიცხე. რომელიმე სახელმწიფოზე არ მიფიქრია, რამდენადაც ჩვენ რუსეთის გარდა ცუდი ურთიერთობა არავისთან გვაქვს; ამასთან, საქართველოსთან მიმართებაში ვერც რომელიმე სახელმწიფოს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მიზანს ვხედავ.

 

რაიმე სხვა ინტერესს გამორიცხავთ აშშ–სთან, ან რუსეთთან მიმართებაში?

– არა, ამას არ გამოვრიცხავ. ვიფიქრე კიდეც, რომ თუ ეს რუსეთის მიერ არის ჩადენილი, რუსეთი შეეცდება ვიღაცას გადააბრალოს. ცხადია, რომ უპირველესად  საქართველოს ხელისუფლებისკენ მიუთითებს. თუმცა, თუ ამ გამოძიებაში ამერიკული მხარე ჩართული იყო, საქართველოს მხარე გამოირიცხება.

 

სწორედ “ლეიბორისტების“ ოფისთან მომხდარი აფეთქება მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში რუსებმა დაბნევის ტაქტიკა აირჩიეს, რადგან “ლეიბორისტებთან“ მიმართებაში რუსები ცუდ დამოკიდებულებაში არ იყვნენ, მაგრამ ამავდროულად შეერთებული შტატების საელჩო და “ლეიბორისტები“ ერთდოულად, უკვე დაბნევის მომენტია.

 

ამიტომ, რუსეთმა ეს ყველაფერი შეიძლება მიზანმიმართულად  გააკეთა, რათა ვიღაცას სხვა მხარეზე ეფიქრა. მაგალითად, თუ ამერიკული მხარეა, ამ შემთხვევაში ვიღაცას ეფიქრა, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი გახსნა ირანთან, ან ჩრდილოეთ კავკასიასთან და რაღაც ისლამისტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა თავი გამოყვეს, იმის გამო, რომ საქართველო ავღანეთში ჯარებს აგზავნის.

 

ამ ვერსიის ალბათობა დაბალია, რამდენადაც დიდი ხანია ვმონაწილეობთ ამ ოპერაციაში და ამასთან, ისლამისტური ექსტრემისტული ორგანიზაციები სამიზნედ ირჩევენ განვითარებულ, დემოკრატიულ, მდიდარ, ძლიერ სახელმწიფოებს და არა ჩვენნაირ გაჭირვებულს და ისედაც შოკში მყოფს.

 

როგორ ინტერპრეტაციას მისცემთ ვანო მერაბიშვილის განცხადებას, “ბომბების ნაწილი კონკრეტული ადამიანების სალიკვიდაციოდ იყო განკუთვნილიო“?

– ამ ვერსიას შეიძლება გავყვეთ; მართლაც შეიძლება ასეთი მიზანი არსებობდეს, რამდენადაც თუ მოწინააღმდეგეს უნდა, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებაში განსაკუთრებული შოკი გამოიწვიოს, ჩვენს შემთხვევაში მიზანს გარკვეულწილად მიაღწევენ – თანამდებობის პირის მკვლელობა გარკვეულ შიშს გააჩენს.

 

და ოპოზიციური ძალის რომელიმე ლიდერის მკვლელობის ვერსიას გამორიცხავთ?

– ამ შემთხვევაში ბევრი ვერსიის განხილვა შეიძლება. მთავარია მივხვდეთ, რა მიზანი ამოძრავებს მოწინააღმდეგეს. თუ მიზანს განვსაზღვრავთ, აქ შეიძლება იყოს ერთი რომელიმე თანამდებობის პირი, ან ვინმე ოპოზიციიდან, რამაც საზოგადოებაში  განხეთქილება უნდა გამოიწვიოს. აქ ძალიან ბევრ ვერსიებზე შეიძლება საუბარი, იმდენად რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია საგამოძიებო საკითხებთან დაკავშირებით.

 

ამიტომ ჩვენ ვერსიების განხილვა გვიწევს, მაგრამ უახლოეს დღეებში მე მაინც ველოდები ამერიკულ რეაქციას. რუსულს რაც შეეხება, ყველასთვის ცხადია რას იტყვიან –  ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაგეგმაო, ან კიდევ ვინმე მესამეს მიაწერენ.

 

ვინ შეიძლება იყოს ეს მესამე?

– ჩეჩნებს შეიძლება მიაწერონ, ან ჩრდილოკავკასიელებს – იმათ ვისთანაც საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს.