პარლამენტში ერთი საინტერესო, მაგრამ არაორდინალური კანონპროექტია წარდგენილი. საქმე ისააა, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს შესაძლოა, კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირება დაევალოთ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრთა მიერ მომზადებულ კანონპროექტს მიიღებს, რომლის მიხედვით, ხელფასის სუბსიდირება შეეხებათ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს და დევნილის სტატუსის მქონეებს.
კომპანიები, რომლებიც ამ მოქალაქეებს შტატში აიყვანენ და დაასაქმებენ, მათი ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ, რასაც დამატებით დასაქმებულს გადაუხდიან. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, უნდა დაიდოს არანაკლებ 9 თვის ვადით, ხოლო დასაქმებულს სუბსიდია მიეცემა არაუმეტეს 3 თვისა.
ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსის ნიკა ნანუაშვილის აზრით, ახალ ინიციატივას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს და ბიზნესს სახელმწიფოსთვის სუბსიდირების მექანიზმის შემოღება არ უთხოვია.
„ბიზნესი თავის ინტერესს ამ კანონპროექტში ხედავს ამ ნაწილში, რომ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი იქნას სისტემური მიდგომით გამოსწორებული და აღმოფხვრილი, ანუ სახელმწიფო დაეხმაროს ერთის მხრივ, ბიზნეს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებს, მოხდეს მათი გადამზადება. შემდგომში ამ კადრების დაკავშირება ბიზნესთან უნდა იყოს დასაქმების სააგენტოს მთავარი ფუნქცია.
კომპანიების ინტერესი სუბსიდირება ნაკლებად არის. ბიზნეს არ უთხოვია, რომ მოდით, ამ ხალხს დავასაქმებ და ამ ხალხს დაუსუბსიდირე ხელფასი, ეს არის უფრო მეტად სოციალური დატვირთვის მქონე აქტი, რომელიც ხელს უწყობს ამ ადამიანების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. ჩვენ თუ ამას შევხედავთ როგორც სოციალურ პროექტს, კი ბატონო, მაგრამ აქაც უნდა დავინახოთ შედეგი, რამდენი ასეთი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ შრომის ბაზარზე. თუ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვანი და სუბსიდირებაც იქნება, თუ პოზიტიურ ციფრს მივიღებთ, ეს იქნება გამართლებული“, - განუცხდა „ბიემს“ ნანუაშვილმა.
სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისთვის დახმარების ასეთ ფორმას არ იწონებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომლის შეფასებითაც, ბევრად უკეთესია, რომ დახმარება ფულადი სახით იქნას გაცემული, რაც კორუფციის რისკს შეამცირებს.
„ხელფასის სუბსიდიის საკითხმა შეიძლება პრობლემები წარმოშვას. მაგალითად, ის, რომ ბიზნესები მოერიდებიან ამ კატეგორიის თანამშრომლების აყვანას სამსახურში, თავიდანვე დაიჭერენ თადარიგს და ეცდებიან, არ მიიღონ ან ხელფასის სუბსიდირების ნაცვლად, ამ პირებს გაუუარესონ პირობები, ეს ყველაფერი დასაშვებია. როცა ჩვენ ბიზნესს ვაკისრებთ ხარჯს, არ უნდა გვეგონოს, რომ ზუსტად გააკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც რეგულაციაში წერია.
გაუგებარი კანონპროექტია, თან არ ვიცით, როდის შევა ძალაში, ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება კონტროლის მექანიზმი, რაც ასევე ხარჯს მოითხოვს და ა.შ. ბევრად კარგი იქნებოდა, პირდაპირ ფულადი დახმარება მიეცათ ამ ხალხისთვის, თანაც სწრაფად. ეპიდემიის დაწყებიდან, თვეებია გასული და მხოლოდ ახლა დაიწყეს ფულის გაცემა, მათ შორის, შშმ პირებზე და დევნილებზე, გარკვეული რესურსის მობილიზება სწორედ ახლა არის საჭირო“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.