მომხმარებელი ავტომობილს, ძირითადად, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ალგეთის საავტომობილო ბაზარზე იძენს.
ყველაზე იაფი ბათუმის ბაზარია, სადაც 10-11 წლის ჟიგულის მარკის ავტომობილის შეძენა 700-1400 დოლარამდეა შესაძლებელი, მაშინ როცა თბილისის ბაზარზე ანალოგიური ავტომობილი ორი ათას დოლარამდე ფასობს.
ყველაზე ძვირი ალგეთის ბაზარია, სადაც 14 წლის „ვაზ-2107“-ის ფასი 2500 დოლარამდე აღწევს. რაც შეეხება ქუთაისის ავტობაზარს, აქ ძირითადად, ავტომობილი გასაყიდად ახლო მდებარე რაიონებში მცხოვრებლებს ჩამოყავთ.ისინი გაჭირვების გამო მყიდველს მანქანებს ხანდახან ჩალის ფასში უთმობენ.
ბათუმის ბაზრობას ხალხი არ ეტანება, რადგან აქ, ძირითადად ზღვისპირეთში ნახმარი მანქანები იყიდება. გავრცელებული აზრის მიხედვით, აქაური ნესტი ავტომობილებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. მანქანებით მოვაჭრეთა აზრით, ბათუმში ახერხებენ კარგი „შენიღბვა“ გაუკეთონ ავტომობილს, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეწონოთ მანქანა, მაგრამ მისი სავალი ნაწილი და ძრავი მალე გამოდის მწყობრიდან, ისინი ასევე მალე კარგავენ გარეგან მიმზიდველობასაც.
საქართველოში რუსული წარმოების მანქანებიდან 1988 წლის შემდეგ გამოშვებული ჟიგულის მარკის ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თბილისის ბაზარზე ავტომობილების ფასს, ძირითადად, მათი მდგომარეობა განსაზღვრავს. მყიდველი ეტანება ისეთ მანქანებს, რომლებიც ქარხნულ მდგომარეობაშია.
თბილისის ბაზარზე ჟიგულის მარკის ახალი ავტომობილის ფასი 5500-დან 7000 დოლარამდე აღწევს. ყველაზე ძვირი „ვაზ-21099“-ია, რომლის ფასი 7800 დოლარამდე ადის, სიძვირით მეორე ადგილზეა „ვაზ-2107“, რომელიც საშუალოდ 6500 დოლარამდე ღირს. აქ ახალი „გაზ-3110“ 6600-დან 7800 დოლარამდე ღირს.
თანამდებობის პირთა „საყვარელმა“ მანქანამ, „გაზ-24“-მა საქართველოში პოპულარობა დაკარგა და დღეს მისი ფასი ყველაზე დაბალია. თბილისის ბაზრობაზე შვიდი წლის „ვოლგის“ ფასი 2500 დოლარამდე ძლივს აღწევს.
საავტომობილო ბაზარზე დაკვირვებით გაირკვა, რომ უფულო მომხმარებელში ყველაზე დიდი მოთხოვნილებით „ვაზ-21011“ მარკის ავტომობილები სარგებლობენ.
როგორც ყველგან, საქართველოშიც არსებობენ შეძლებულები, რომლებიც, ძირითადად არარუსული წარმოების ავტომობილებს ეტანებიან. მათი შეძენა, როგორც ამა თუ იმ საავტომობილო სალონებში, ასევე ბაზარზეც შეიძლება. ამ უკანასკნელში ძირითადად გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი მანქანები იყიდება.
თბილისში და ქუთაისში „ბე-ემ-ვე“ და „მერსედესი“ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. მათი ფასი სამი ათასიდან თექვსმეტ ათას დოლარამდე აღწევს.(ასაკისა და მოდელის მიხედვით ფასებიც მატულობს). პოპულარობით მესამე ადგილზეა „ვოლვო“ და „ფოლკსვაგენ-გოლფი“, ამ უკანასკნელს საშუალო ფენაც ეტანება. აღსანიშნავია ერთი გარემოება: ამასწინდელ დოლარის კურსის ცვლილებას საავტომობილო ფასებზე არ უმოქმედია.
ავტომობილების ფასები თბილისის ბაზარზე
მოდელი წელი ფასები დოლარედში
ვაზ-21022 1977-1980 1400-2000
ვაზ-2103 1977-1983 800-1000
ვაზ2106 1978-1998 1000-6000
ვაზ-2107 1984-1998 2000-7200
ვაზ2108 1988-1990 1600-2000
ვაზ2109 1988-1998 2000-7200
ვაზ21099 1994-1988 3500-8000
მერს.190 1985-1987 3000-4000
მერს.230 1986-1988 7500-10000
მერს.500E 1980-1990 4000-7000
BM318 1985-1987 3500
BM730 1988-1990 10000
BM525 1988-1990 9000-1000
V.გოლფი 1984-1986 2500
ვოლვო740 1987-1989 4500-5500
ფორდი 1986-1988 3500