საქართველოს სატრანსპორტო სფერო უმძიმეს მდგომარეობაშია. ჯერ იყო და, ევროკავშირმა ქართველი მეზღვაურები „შავ სიაში“ შეიყვანა. ახალ იგივე „პერსპექტივა“ აქვთ ავიატორებს. ქვეყანა დგას ისეთი კატასტროფის წინაშე, რომლის შედეგად ვერცერთი თვითმფრინავი ვეღარ იფრენს საქართველოს სახელით.
ყოველ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას ავრცელებს საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო ავიაციაში შექმნილ მდგომარეობაში გარკვევას ეკონომიკისა მინისტრისგან ითხოვს. დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი თვლის, რომ სამოქალაქო ავიაციაში ვითარება კატასტროფულია, საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციდან გარიცხავენ და შეიყვანენ „შავ სიაში“ ისევე, როგორც ნაოსნობაში მოხდა.
ოპოზიცია პრობლემად იმ გარემობას ასახელებს, რომ საქართველოში ავიაკომპანიებს დარეგისტრირებისთვის ძალიან დაბალი მოთხოვნები აქვს.
„რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან საეჭვო რეპუტაციის კომპანიები ჩამოდიან და რეგისტრირდებიან, მერე დაფრინავენ აფრიკაში ან სხვაგან და პანტა-პუნტით ვარდებიან, მერე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
პარლამენტში გამოსავალსაც ასახელებენ: არსებული სიტუაციის რევიზია, ევროსტანდარტებთან მიახლოებული რეგისტრირებისთვის პირობების შემოღება და ხელახალი სერტიფიცირება.
„აეროპორტებში ყველაფრის სერთიფიცირება უნდა მოხდეს, მათ შორის კვების პროდუქტისაც. დაგროვილია ძალიან ბევრი საკითხი. კეთდება მეტ-ნაკლებად პოზიტიური საქმეები, მათ შორის აეროპორტი შენდება მესტიაში, რაზეც მილიონები იხარჯება. მართალია მისი დანიშნულება არ მესმის, მაგრამ ღმერთმა ქნას, მისდამი იმედები გამართლდეს. მესტიაში ქართულმა კომპანიებმა უნდა იფრინონ, მაგრამ ჩვენ თუ მათ შევზღუდავთ და არსებობის საშუალებას მოვუსპობთ და სხვებს გავუხსნით ხელ-ფეხს, ეს აეროპორტი არაფერში გამოადგება ჩვენ ქვეყანას“, - აცხადებს ლალიაშვილი.
ავიაციურ პრობლემებზე საუბრობენ ექსპერტებიც. მათი აზრით, პრობლემა კანონმდებლობაშია.
„დღესდღეობით საქართველოს სახელმწიფო საავიაციო ხელისუფლებები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ მმართველობითი, ეკონომიკური, იურიდიული, ფინანსური და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად, რაც დაკავშირებულია ავიასატრანსპორტო დარგთან. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს ქართული საჰაერო კანონმდებლობის სრულყოფის პრობლემა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფა შესაძლებელია სხვადასხვაგვარად წარმოებდეს, მაგალითად, მასში პერიოდულად ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, მისი საფუძვლიანად რეფორმირებით. ამისთვის სასარგებლო იქნებოდა, საჰაერო კანონმდებლობის მონიტორინგის ჩატარება. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს საქართველოს საჰაერო კანონმდებლობის არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური რეფორმირება“, - აცხადებს საერთაშორისო საჰაერო სამართლის ექსპერტი, დავით გეფერიძე.
საერთოდ, საქართველოს სატრანსპორტო სფეროში მართლაც უმძიმესი ვითარებაა. ევროკავშირმა საზღვაო კუთხით უკვე შეგვიყვანა „შავ სიაში“. ახლა იგივე პერსპექტივა ავიაციასაც ემუქრება. ქართველმა მეზღვაურებმა მომავლი წლიდან, შესაძლოა, იმ გემებზე მუშაობა ვეღარ შეძლონ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შედიან. ეს შეზღუდვა ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ევროპის საზღვაო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამჟამად ქართული მხარე ბულგარელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ამ ქვეყანამ საქართველოს სტატუსის აღდგენის ინიცირება მოახდინოს.
ამგვარი პრობელმების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საზღვაო ადმინისტრაციაში არსებულ პრობლემებს კი პროკურატურა გამოიძიებს.
სანამ ვითარება გამოსწორდება, ქართველი მეზღვაურებისთვის მიუწვდომელი ხდება ევროპულ გემებზე მუშაობა. ასევე, საზღვაო-სანაოსნო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ევროკავშირის ქვეყნები ქართველ მეზღვაურებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, რადგან საქართველოში გაცემულ დიპლომებს არ აღიარებენ.