კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, „კავკასუს ონლაინსა“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შორის დაპირისპირება პიკს აღწევვს. კომისია უკან დახევას არ აპირებს და ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. შედეგად შეიძლება ინტერნეტ კომუნიკაციების სექტორი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
როგორც ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მარეგულირებელმა პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინისა“ და მისი შვილობილი კომპანიის - „რკინიგზის ტელეკომისთვის“ სანქციების დაწესების თაობაზე. დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000 და 270 000 ლარით - „კავკასუს ონლაინისთვის“, ხოლო „რკინიგზის ტელეკომის“ შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარის ოდენობით.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნსემენთა ასოციაციის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას, რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც „კავკასუს ონლაინისთვის“ და „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ „კავკასუს ონლაინს“ შეუჩერდება ავტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.
გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება“ – აცხადებენ აფბა-ში.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. თანაც გაურკვვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე.
თავის მხრივ, კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა და კომუნიკაციების კომისიასთან არსებული სადავო საკითხის შესწავლა სთხოვა:
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N გ-19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად („გადაწყვეტილება“); კერძოდ, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო „ნელგადო ლიმითედში“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ კავკასუს ონლაინი წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა („ნასყიდობის შებრუნება“).
აღსანიშნავია, რომ კომისიამ კომპანიას დააკისრა ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მექანიზმი კომპანიას არ აქვს, რადგან კავკასუს ონლაინი არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე. სწორედ ამის გამო კომპანია დღემდე ვერ ასრულებს კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას.
კომისიის მიერ კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაციის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს უშუალოდ კომპანიას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის მდგომარეობაზე. კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება არა მარტო დააზარალებს საბითუმო მომსახურების ბაზარს, არამედ მობილური და ფიქსირებული ქსელის საცალო ინტერნეტ-მომხმარებლებს უსაფრთხო და ხარისხიანი ინტერნეტ კავშირის გარეშე დატოვებს.
ავტორიზაციის შეჩერება, ასევე, ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რადგან კავკასუს ონლაინი ავტორიზებადი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს.