ხელისულება პროპაგანდისტულ კანონპროექტებს იხილავს

ხელისულება პროპაგანდისტულ კანონპროექტებს იხილავს

ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების კარგად მივიწყებული ახალი პროექტი პარლამენტში თავიდან შეიტანესექსპერტების განცხადებით, ეს მორიგი პროპაგანდაა. ექსპერტების განცხადებით, ამ პროექტის მიხედვით მთავრობა ისევ სინგაპურსა და ევროკავშირს შორის არის გაჩხერილი. პროექტი ამბობს, რომ ქვეყნის ღირსების დასაცავად რეგულაციები საჭირო არ არის - ვექტორი სინგაპურისკენ, თუმცა კანონპროექტი იმასაც ამბობს, რომ შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს - ვექტორი ევროკავშირისკენ. ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობების და ღირსების შესახებ პროექტს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაამტკიცებენკანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პრეზიდენტია.

 

ეკონომიკის ექსპერტის ზვიად კანდელაკის განცხადებით, მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ახალი არაფერია, იგი არც დეტალიზაციას ითვალისწინებს.

„რა უნდა გითხრათ მხოლოდ პროპაგანდაა. სიმართლე გითხრათ ამ კანონპროექტში მე განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე“, - ამბობს კანდელაკი.

 

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მთავრობას შრომითი უფლებების დაცვა მოთხოვა, მთავრობამ შარშან ინიცირებულ პროექტს სათაურში ღირსება დაუმატა. თუმცა, ევროკავშირის მორიგ მოთხოვნას რეგულაციების გამკაცრებას ხელისუფლება ვერ ეგუება. სპეციალისტების განცხადებით, ამის მიზეზი არის, ის რომ მსხვილი ბიზნესები ხელისუფლების წარმომადგენლების ლობირების ქვეშ არის და შესაბამისად, მათ საკუთარ საქმიანობაში წესების გართულება და დამატებითი რეგულაციები არ სურთ.

 

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება დგება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე: დასაქმებულზე ან დამსაქმებელზე ნებისმიერი ზემოქმედება ან უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. დასაქმებულს ან დამსაქმებელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი უფლებები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული შრომის კოდექსი, რომელსაც თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს „ეკონომიკური რეფორმების“ მამად წოდებული კახა ბენდუქიძის შემოქმედებაა. ამჯერადაც, კი ბენდუქიძე შრომითი კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს პოპულიზმზე აგებულს უწოდებს, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს.

 

იგივე ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების დოკუმენტით, სახელმწიფოს კომერციული ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის წილის ფლობა აეკრძალება. იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფო ასეთი წილის მფლობელი გახდა, მაშინ ვალდებული იქნება ერთი წლის განმავლობაში მისი წილი გაასხვისოს.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უახლოეს მომავალში ისეთი მარეგულირებელი ორგანოების შექმნა აიკრძალება, რომელთა კომპეტენციაშიც ფასების და ტარიფების დადგენა შედის. აღნიშნული საკითხი „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსებების“ შესახებ ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება. კანონპროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ისეთი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელის ან სხვა ორგანოს შექმნა და არსებობა, რომლის კომპეტენციაშიც შედის ფასებისა და ტარიფების დადგენა პროდუქციასა და მომსახურებაზე.

 

ამასთან, ეს ნორმა არ გავრცელდება იმ მარეგულირებლებისთვის დადგენილ კომპეტენციებზე, რომლებიც მოქმედებენ და იმოქმედებენ კანპონპროექტის დამტკიცების პერიოდში. პროექტის თანახმადვე, ახალ მარეგულირებლად არ ჩაითვლება არსებული მარეგულირებლის სხვა მარეგულირებლით ჩანაცვლება და/ან მათი გაერთიანება. თუმცა, აკრძალვა არ იმოქმედებს, თუ მარეგულირებლის შექმნას საქართველოს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება დაავალებს.

 

თუმცა, ევროკომისიაში ყველაზე მეტად ქვეყნის რეგულაციების გარეშე დატოვებული ლიბერალური ეკონომიკა არ მოსწონთ.  ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მონოპოლისტებმა რომ არ გადაყლაპონ, აუცილებელია გარკვეული რეგულაციები არსებობდეს. ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების კანონპროექტით კი მთავრობა მონოპოლისტებს კიდევ უფრო წაახალისებს.

მთავრობა დღემდე დუმს „აღდგენილი“ ანტიმონოპოლიური სამსახურისთვის სამოქმედო წესების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც კონკურენციის ხარისხის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ, როგორც საერთაშორისო, ისე ქართველ ექსპერტებს.

 

ზაფხულში მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებდა, რომ პრინციპებზე ევროკავშირთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და შემოდგომას პარლამენტი მას ეკონომიკური თავისუფლების კანონპროექტთან ერთად დაამტკიცებდა. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებისთვის. ეს საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი კომპონენტი.

 

დაახლოებით თვენახევრის წინ მთავრობამ დაამტკიცა „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში საბოლოოდ შეთანხმდა ევროკომისიასთან. თუმცა, ამ გაზაფხულზე შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, სააგენტოს ფუნქციები კვლავ გაურკვეველია.

„კონკურენციის სააგენტოს მიენიჭება უფლება, ჩაატაროს მონიტორინგი ბაზრის ყველა სეგმენტში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება და საბოლოოდ, მოკვლევის შედეგები წარედგინება სასამართლოს, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს“, - აცხადებდა ხუროშვილი.

 

თუმცა, პრესა.გე–ს ინფორმაციით, სააგენტოს წესებთან დაკავშირებით კანონპროექტი არსებობს და არც ის არის გარკვეული, როდის იქნება მზად. ასე რომ, ექსპერტების განცხადებით, მთავრობა მდგომრეობის გასაუმჯობესებლად რეალურ ნაბიჯებს არ დგამს, მათი თითოეული ინიციატივა მხოლოდ პროპაგანდაა, რომლის ეფექტი ნულია.