ტურიზმი გაიხსნა - მთავრობა აქტიურობს, ხალხი კი ფრთხილობს

ტურიზმი გაიხსნა - მთავრობა აქტიურობს, ხალხი კი ფრთხილობს

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. მთავრობა დიდ იმედს სწორედ ამ მიმართულებაზე ამყარებს, რადგან უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლის საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, რეგიონებში მდებარე სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია. მან ეს განცხადება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში, განაცხადა.

„ძალიან სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ ჩვენი სასტუმროები დატვირთულია რეგიონებში, რაც გვაძლევს დიდ იმედს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და ამ გამოწვევას დაძლევს. მინდა, მოგიწოდოთ თქვენ და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად ესტუმრეთ ჩვენს კურორტებს, შესანიშნავ სასტუმროებს, მოინახულეთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, ეს არის არა მარტო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სასიამოვნოთ გაატაროთ „უიქენდი“, არამედ ეს არის სამოქალაქო თანადგომის ერთგვარი აქტი. ამით შეიტანთ წვლილს ტურისტული ინდუსტრიის გვერდით დგომაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ და ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მართალია, მინისტრმა დიპლომატებთან თავი მოიწონა, მაგრამ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის შიდა მოგზაურებზე „ჩამოკიდება“ უტოპიის საკითხია, რადგან პანდემიის გამო ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა, ხოლო უცხოელი ვიზიტორების მიღების საკითხი იმდენად გაუკრვეველია, რომ მასზე გათვლას ახლა აზრი არ აქვს.

გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, გიდებსა და ტურ ოპერატორებს იმის გათვალისწინებით, რომ არ იციან, რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ პირველ ეტაპზე ტურისტების მიღებას, პროცესების დაგეგმვას ვერ ახერხებენ, ვერ იღებენ ჯავშნებს და ვერც კონკრეტულ რეგულაციებზე საუბარს ახერხებენ საქართველოში მოგზაურობის მსურველებთან.

„ვერ ვმუშაობთ, ვერ ვგეგმავთ, ვერ ვითვლით. 1-ელ ივლისს ტურისტები არ იქნებიან, საერთოდ ივლისში თუ ვინმე ჩამოვიდა ეგეც ნაკლებად სავარაუდოა. არ გვაქვს ივლისის იმედი, ის რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც იყო მოლაპარაკება, არ ვიცით, ჩაიშალა ეს მოლაპარაკება თუ რა მოხდა. ყველაფრის კორონავირუსით გამართლება ჩემი აზრით, არ არის სწორი. ქვეყნებს უნდა შევთავაზოთ ის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც ჩვენ თვითონაც არ ვიცით. შესაბამისად, იმათაც ვერაფერს ვერ ვეუბნებით“, - განაცხადა „ბიემთან“ ალექსანდრე გიორგიძემ.

ვითარება დრამატულია ადასტურებს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია. მისი აზრით, ქვეყანას წელს საკმაოდ დიდი დანაკარგი ელის.

„მართალია, გვთავაზობენ, რომ საქართველოშივე ვიმოგზაუროთ, მაგრამ სამშობლოში დასვენების კულტურა ჩვენთან მაინც და მაინც განვითარებული არ არის. ქალაქის მაცხოვრებელთა 50%-ს სოფელი აქვს ან ნათესავს სტუმრობს. ეს შიდა ტურიზმი არ არის.

ზღვაზე ბევრი ვერ წავა, რადგან დასვენება შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული, რაც ახლა უკვე საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ერთი მხრივ, შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები და არც უსაფრთხოების გარანტია არის მაღალ დონეზე. ივლისის ბოლოს ტენდენცია გამოიკვეთება. ალბათ, ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს დასვენებას“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

Maverick "ტურიზმის ინდუსტრიის შიდა მოგზაურებზე „ჩამოკიდება“ უტოპიის საკითხია, რადგან პანდემიის გამო ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა", მართალა, და თურნავას რატომ გონია, რომპ ანდემიის გამო საზღვარგარეთის ასეულ მილიონობით უმუშევარი, უსახსროდ დარჩენილი ადამიანი მზად არის იმოგზაუროს?!

პ.ს. არ იფიქროთ წინააღმდეგი ვიყო მათი ჩამოსვლის.
ტურისტული ბიზნესის მართვის და მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საშუალებას...
4 წლის უკან