ქართულმა კონტრდაზვერვამ ГРУ-ს ჯაშუშები დააკავა

ქართულმა კონტრდაზვერვამ ГРУ-ს ჯაშუშები დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით"ენვერი", რომლის შედეგადაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, ГРУ-სთან ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი.

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ГРУ-ში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო.

ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 13 კაცი, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.