სასტუმროებისთვის პოსტპანდემიური პერიოდი შეიძლება არანაკლებ მძიმე აღმოჩნდეს

სასტუმროებისთვის პოსტპანდემიური პერიოდი შეიძლება არანაკლებ მძიმე აღმოჩნდეს

სასტუმროები გასახსნელად მზად არიან, თუმცა ტურისტებს კიდევ დააგვიანდებათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ობიექტი ამ ეტაპზე ვერც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებით შემოიღო მთავრობამ. ვითარება ამ ეტაპზე სრულიად გარკვეველია და არავინ იცის ივლისიდან სასტუმროები მოახერხებენ თუ არა უცხოელი ვიზიტორების მიღებას.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 400 სასტუმროდან მუშაობის ნებართვა 80-ს მიეცა, ხოლო 100-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„სასტუმრო სექტორის საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან, ტურისტების ჩამოსვლასთან და არ გვინდა ეპიდემილოგიური ვითარება დამძიმდეს ქვეყანაში. ამიტომ გადაწყდა, რომ წინასწარი ნებართვით, შრომის ინსპექცია ამოწმებს სასტუმროს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი მას შეეძლება ოპერირება.

მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე სასტუმროში დაიგეგმა ინსპექტირების პროცესი, ნებართვა გაცემულია 80-ზე, დაახლოებით 100-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები შემოწმების პროცესში, ხოლო დანარჩენები დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, ითხოვეს ინსპექტირება, თუმცა მოგვიანებით ითხოვეს ინსპექტირების გადავადება მოსამზადებლად“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ბექა ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, შემოწმებების დაწყებიდან დღემდე ტენდენცია პოზიტიურია და დადებითი დასკვნების რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

სასტუმროებს მუშაობის ნებართვა 8 ივნისიდან აქვთ. მთავრობა შიდა ტურიზმის გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნას - 1-ლი ივლისიდან.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასტუმროების ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ პანდემიის გავრცელებამდე, თებერვლის დასაწყისში გაიხსნა და მხოლოდ ერთი თვე შეძლო ბაზარზე მუშაობა. სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათული ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ახლადგახსნილი სასტუმროსთვის 3 თვით დაკეტვა ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

„თებერვალში საკმაოდ ძლიერი სტარტი ავიღეთ და ერთ თვეში მოგვიწია სასტუმროს დაკეტვა, შესაბამისად, ბაზარზე ცოტა ხანს ვიყავით. ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის დახურვა პანდემიის გამო. ეს იყო მძიმე სამი თვე, რადგან დიდი რესურსი ჩაიდო სასტუმროს ამუშავებაში. შემდეგ გამოიკვეთა მიმართულებები, რა კუთხითაც უნდა გვემუშავა. მალევე სახელმწიფომ გაავრცელა კონკრეტული სამუშაო გეგმა სასტუმროს ბიზნესისთვის. ვეცადეთ, რომ თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა შეგვენარჩუნებინა.

ახლა ველოდებით საზღვრების გახსნას, თუმცა ადგილობრივი ტურიზმის სტიმულირებისთვის მოსახლეობას სხვადასხვა შეთავაზებებს გავუკეთებთ“, - განუცხადა „კომენრსანტს“ ღვინიაშვილმა.

სასტუმროების მოლოდინი უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით ცოტა გადამეტებულია, რადგან საგარეო მიმართულება ივლისიდან ვეღარ გაიხსნება. ეს უკვე დაადასტურა ფინანსთა მინისტრმაც.

„ზოგიერთ ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენას ვაპირებდით და ახლა შეიძლება, ასე აღარ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება და იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ვიმედოვნებთ, რომ ის მართვადი გახდება და ჩვენს პირველად გეგმებს დავუბრუნდებით. არ მინდა, დღესვე ვთქვა, რომ ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. დამერწმუნეთ, საბოლოო ჯამში, გამოჩნდება ე.წ. მწვანე დერეფნის ქვეყნები, სადაც ჩვენ ურთიერთაღიარებისა და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ სტუმრებს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ტურისტებს ელოდა და უახლოეს პეროიდში ვეღარ მიიღებს ისრაელი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებია.

Aburjga Tasmanieli Латвия -Подтверждено 1 097. Выздоровело 845. Летальные исходы 28 დაახლოებით ჩვენნაირი მონაცემებია! რა გაუარესდა?
3 წლის უკან