თხევადი გაზი ძვირდება, პარლამენტმა აქციზი ყველას ერთიანად გაუზარდა

თხევადი გაზი ძვირდება, პარლამენტმა აქციზი ყველას ერთიანად გაუზარდა

გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის აქციზის განაკვეთი გაიზრდა. პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 77 ხმით დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ თხევადი აირის (ელპიჯი) საფასური მოიმატებს როგორც საავტომობილო დანიშნულებისათვის, ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, გათხევადებული ბუნებრივი აირისთვის აქციზის განაკვეთი 1 ტონაზე 300 ლარი იქნება. გარდა ამისა, ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება, ასევე ნავთობპროდუქტების აირების (პროპანი, ბუტანები, ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი, დანარჩენი აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება აღარ იქნება აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და შესაბამისი აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრა განხორციელდება ერთ ეტაპად, იმპორტის მომენტში.

ბუნებრივი აირის კონდენსატის ან-და გათხევადებული ბუნებრივი აირის შემთხვევაში აქციზის გამოანგარიშება ხდება წონის შესაბამისად. ასევე, იცვლება და სწორდება სასაქონლო კოდები, რომლებიც იძლეოდა მანიპულირების საფუძველს. კანონპროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები აღმოფხვრის უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტის აქციზის გადასახადის გარეშე იმპორტის მანკიერ პრაქტიკას.

როგორც პროექტის ინიციატორი, სულხან მახათაძე აცხადებს, საგადასახადო ცვლილება ითვალისწინებს დღეს არსებულ კანონმდებლობაში დაბეგვრის იმ ორეტაპიანი მოდელის ცვლილებას, რომელიც თხევადი აირების ნაწილში მოქმედებს.

„პირველი ეტაპია, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება მოსახლეობას და მისი ღირებულებაა 120 ლარი 1 ტონაზე, მაგრამ, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებს, ამას ემატება 180 ლარი და გამოდის 300-ლარიანი განაკვეთი. არსებული ორეტაპიანი დაბეგვრის მეთოდი არ იძლეოდა სათანადო ეფექტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც საგადასახადო სასაქონლო კოდების, ანუ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად, ზოგი თხევადი აირი იბეგრებოდა აქციზით, ზოგი ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობდა, ეს კი მანიპულირების შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთან, საყოფაცხოვრებო მიმართულებით განბაჟებული თხევადი აირები ხვდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში“, - აღნიშნა სულხან მახათაძემ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციას, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციას და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს სხვაგვარი მოსაზრება ჰქონდათ დაბეგვრასთან დაკავშირებით. ისინი მიმართავდნენ საქართველოს პარლამენტს, რომ მომხდარიყო ყველა ტიპის თხევად გაზზე ერთიანი აქციზის შემოღება - 1 ტონაზე მინიმუმ 450 ლარით. ბიზნესგაერთიანებების განმარტებით, ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ აქციზის განაკვეთებს შორის სამართლიანი პროპორციის დადგენის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ინდუსტრიაში სამართლიანი, კონკურენტული და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბება და ყველა მონაწილისათვის ერთნაირი სასტარტო პირობების შექმნა.

საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რომ თხევადი აირი გაუძვირდება არა მარტო ავტომფლობელებს, არამედ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც, რომლებიც აქამდე ასე თუ ისე შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ. რამდენდაც კანონი უკვე მიღებულია, ფასის ცვლილება ბაზარზე მალევე დაიწყება.

თხევადი გაზი არის ნავთობპროდუქტი და იგი მიიღება ნავთობის გადამუშავების შედეგად ქიმიური პროცესების მეშვეობით. ბუნებრივი გაზი კი ორგანული ნაერთია, რომელიც ბუნებაში პირდაპირი სახით მოიპოვება ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ამას გარდა, იგი უფრო მსუბუქია, ვიდრე თხევადი გაზი და დაღვრის დროს მისი გაფრქვევა ხდება ჰაერში. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი არ ერევა ნიადაგში და არ იწვევს მის დაბინძურებას.

DDDzia "საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაციის სახელით, უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ და არ იქნეს განხილული სასწრაფო რეჟიმში 300 ლარიდან 450 ლარამდე აქციზის განაკვეთის გაზრდის დაბეგვრის საკითხი და დატოვოთ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი(აქციზების გაერთიანება 300 ლარამდე)." ( ბმული />
ეს კიდევ - "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციას, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციას და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს სხვაგვარი მოსაზრება ჰქონდათ დაბეგვრასთან დაკავშირებით. ისინი მიმართავდნენ საქართველოს პარლამენტს, რომ მომხდარიყო ყველა ტიპის თხევად გაზზე ერთიანი აქციზის შემოღება - 1 ტონაზე მინიმუმ 450 ლარით."
ანუ, ფარა შემოაკლდათ ამ სისხლისმწოველ ასოციაციებს და იმის მაგივრად, რომ თავისი პროდუქცია გააიაფონ, სხვის გაძვირებას ითხოვენ.

სინდისი რომ არ აქვთ ამათ, ვიცოდი, მაგრამ თუ ასეთი ახვრები იქნებოდნენ, არ მეგონა.

ავტორ, თუ ძმა ხარ, განმიმარტე რისთვისაა ბოლო აბზაცი - "ამას გარდა, იგი (ბუნებრივი აირი) უფრო მსუბუქია, ვიდრე თხევადი გაზი და დაღვრის დროს მისი გაფრქვევა ხდება ჰაერში. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი არ ერევა ნიადაგში და არ იწვევს მის დაბინძურებას."
რა დატვირთვა აქვს ამ ინფორმაციას?
3 წლის უკან