ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ. მეშახტეთა ქალაქში ვითარების მოულოდნელად დაძაბვას არავინ ელოდა, რომ არა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტი - მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა, თუმცა, საბედნიეროდ, გაიჭედა და 22 მეშახტე შემთხვევით გადარჩა. ადმინისტრაცია კი, მათი პრობლემით არ დაინტერესებულა.
მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართონ. გარდა ამისა, იმასაც მიუთითებენ, რომ ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.
კომპანია „ქოალ ოფ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ სოცკი, მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს. მისი თქმით, შახტში მომხდარი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას და ამბობს, რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევრით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე და მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება მალე დაიდება.
მეშახტეები მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტს გამორიცხავენ და კომისიის დასკვნას ელოდებიან. რაც შეეხება ხელფასების მატებას, აცხადებენ, რომ ამ საკითხზეც გარკვეულწილად შეთანხმდნენ.
მოლაპარაკებები დამსაქმებელსა და მეშახტეებს შორის პროფკავშირების შუამავლობით მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ დიალოგი ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის მიერ სიტუაციის შესწავლის და დასკვნის შემდეგ გაგრძელდება.
ეკონომიკის სამინისტროს დასკვნამდე მუშაობის განახლება არ იგეგმება. მათი თქმით, ჭაური სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებულია სპეციალური ამწეც, რომლის მეშვეობითაც მეშახტეები მიწისქვეშ ჩადიან. ისინი ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია და ამის ნათელი დასტურია ინციდენტი, რომელიც ტყიბულში მოხდა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოს ატარებდა, თუმცა მუშები ეჭვობენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ქოალ ოფ ჯორჯიას“ არაფერი გაუკეთებია.
მეშახტეების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ განაახლებენ. ამასობაში ვითარებაში მთავრობა ჩაერთო. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, ადგილზე ვითარების შესასწავლად გაემგზავრა.
სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება.