უცხოური ინვესტიციების კუთხით დიდი კლება შეინიშნება. მართალია, ჯერ მხოლოდ პირველი კვარტალის შედეგებია ცნობილი, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კორონავირუსის პანდემია ამ კუთხით უდიდეს უარყოფით როლს შეასრულებს. შესაძლოა, მიმდინარე წელი საინვესტიციო ანტირეკორდითაც დასრულდეს.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. იანვარ-მარტში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ.
კერძოდ, 2019 წლის 1-ელ კვარტალში 283.6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2018 წლის ამავე პერიოდში - 323.5 მლნ დოლარი; 2017-ში - 411.7 მლნ დოლარი; 2016 წლის 1-ელ კვარტალში - 392.2 მლნ დოლარი; 2015 წლის საანგარიშო პერიოდში - 343.4 მლნ დოლარი; 2014-ში - 331.9 მლნ დოლარი; 2013 წლის ამავე პერიოდში - 291.8 მლნ დოლარი; 2012 წლის 1-ელ კვარტალში - 312.4 მლნ დოლარი; 2011-ში - 222.6 მლნ დოლარი; 2010 წლის 1-ელ კვარტალში - 176.1 მლნ დოლარი; ხოლო 2009 წლის საანგარიშო პერიოდში - 114.5 მლნ აშშ დოლარი.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, გლობალური ეკონომიკის შემცირება მთელ მსოფლიოში ხდება და მსოფლიო ბაზარზე არსებული გაურკვევლობა ინვესტორების განწყობაზე აისახება. ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, ეს არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი.
„წლევანდელი წელი და ის სტატისტიკა, რაც წლევანდელი პირველი კვარტალს ან პირველ ოთხ თვეს ასახავს, ეს არ არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება, ვარდნა, რა თქმა უნდა, აისახება ინვესტორების განწყობაზე არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობა არის მსოფლიო ბაზრებზე ინვესტიციის შესახებ და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული ხდება. აქედან გამომდინარე, ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, ეს არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი.
რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი? ჩვენ ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო და მათ შორის ჩვენ ისეთი ბერკეტები გვაქვს, როგორიც არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სადაც არის მთელი მიმართულება უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ახალი სტრატეგიის“, - განაცხადა თურნავამ.
სპეციალისტები კი წლის ბოლომდე ვითარების გამოწორებას საერთოდ არ ელიან. ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანის აზრით, უფრო მძიმე იქნება მომდევნო 3 კვარტალის შედეგი.
„ინვესტორები ერთ და ორ დღეში არ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, კლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და არასწორი ფუნდამენტის მომზადებით უფროა განპირობებული. წინასწარ რთულია და არასწორიც პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ნამდვილად სავარაუდო იყო ეს შედეგი, რაშიც თავისი წვლილი კორონავირუსსაც აქვს. როგორც წესი, არავის სურს ასეთ ვითარებაში ფულის ჩადება.
საქართველოს საერთაშორისო ინდექსებშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა კლება და, შესაბამისად, ამას ინვესტორებიც უყურებენ. დღეს საქართველოს უკვე აღარ აქვს სახარბიელო მდგომარეობა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.