დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. შეზღუდვის მოხსნის პირველივე დღესვე სამაშრუტო ტაქსის მძღილებმა ფასი გაზარდეს. პირველ რიგში კი, მოიმატა თბილისი-ქუთაისის მგზავრობის ფასმა და 15 ლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი დაკლებულია, მძღოლებმა ფასი მაინც გაზარდეს. გარდა ამისა, ტრანსპორტში არ დაწესებულა მგზავრთა ლიმიტი. ასე რომ, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა თუ რატომ გაიზარდა ფასი.
დიდუბის ცენტრალურ ავტოსადგურში ადასტურებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მგზავრობა 1-დან 2 ლარამდე მართლაც გაძვირდა. ავტოსადგურის გენერალური დირექტორის ნატო გელაშვილი განმარტებით, მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზი ის დამატებითი ხარჯები გახდა, რაც მიკროავტობუსების მძღოლებს სამარშრუტო ტაქსების დეზინფექციისთვის სჭირდებათ. მიკროავტობუსებს დეზინფექცია ავტოსადგურზეც უტარდებათ, თუმცა მძღოლებს დამატებით დეზინფექციის ჩატარებაც უწევთ, რასაც საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
დიდუბის ავტოსადგურიდან ფასები ასეთია: ბათუმი, ლენტეხი -25 ლარი (ძველი ფასი - 20 ლარი); ლანჩხუთი, მარტვილი - 20 ლარი (ძველი ფასი - 7 ლარი); აბაშა, სენეკი - 18 ლარი (16-15 ლარი); ქუთაისი, წყალტუბო - 15 ლარი (12 ლარი); ვანი - 17 ლარი (15ლარი); ზესტაფონი, ხარაგაული, ბაკურიანი, ახალციხე, საჩხერე -12 ლარი (10 ლარი); ხაშური - 7 ლარი (5 ლარი). დიდუბიდან ფასები არ გაზრდილა მოკლე მიმართულებებზე.
„მოკლე რეისებზე ფასები არ გაზრდილა (გორი, ქარელი, მუხრანი, კასპი, ბორჯომი), რაც შეეხება უფრო დიდ რეისებს, რეგულაციების გამო მძღოლებს ხარჯი აქვთ. ისინი კერძო პირები არიან და მიკროავტობუსი მათია. გაზრდილი ხარჯის გამო მათ გაზარდეს ფასები. შეძლებისდაგვარად ვეცადეთ გაგვეკონტროლებინა, რომ მეტად არ მომატებულიყო“, - განაცხადეს დიდუბის ცენტრალურ ავტოსადგურში.
ჯერჯერობით სამარშრუტო ტაქსებს რეგიონებში მგზავრთა გადაყვანისთვის კონკურენტი არ ჰყავთ, რადგან რკინიგზაზე ისევ შეზღუდვაა, მაგრამ მალე ეს მიმართულებაც ამუშავდება და შესაძლოა, გაზრდილი ტარიფები ისევ შეცირდეს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის. ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში საქართველოს რკინიგზა თავად იყო ჩართული.
„ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.
მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უკვე ამოქმედდა, გადაადგილების სურვილი ჯერჯერობით ბევრს არ გამოუთქვამს. სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში რეისები უფრო მეტად დაიტვირთება.
მიკროავტობუსები, თანაც მხოლოდ სამგზავრო, აეროპორტებიდან ქალაქამდე ან მცირე ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება.
200-300 კილომეტრზე ამ სატვირთოებით მგზავრობა დაკანონებული წამებაა, რაზეც არავინ ხმას არ იღებს არადა ამდენი "უფლებადამცველი" გვყავს ქვეყანაში.
კურიოზია, მაგრამ თბილისის მერია 300 მიკროავტობუსზე აცხადებს ტენდერს.
სხვა თუ არა, კალაძე ამდენი ხანი ევროპაში რომ ცხოვროდა, სადმე ნახა მიკროავტობუსი საქალაქთაშორისო ან საქალაქო ტრანსპორტად?