მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს

მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს

“ადამიანების დიდი ხნით იზოლაციაში ყოფნამ ხელი შეუწყო შეთქმულების თეორიების გავრცელებას”

პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც გაჩნდა მითი, რომ 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას იწვევდა, რაც ისედაც პანიკაში მყოფ მოსახლეობას ძალადობისკენ უბიძგებდა, მაგალითად, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში მოქალაქეებმა 5G ანძები გადაწვეს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს ეგზავნებოდათ ვრცელი ტექსტი, სადაც მოსახლეობას 5G-სა და კოვიდ-ის ურთიერთკავშირზე აფრთხილებდა, ტექსტში ასევე დართული იყო, რომ ეს ინფორმაცია სხვებისთვისაც გადაეცათ.

სოციალურ ქსელში ასევე ვირუსულად გავრცელდა რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეოც, რომელზეც ასახული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ხანძრის ალში გახვეული ანძები, რომელსაც თან ახლდა ტექსტი შინაარსით, რომ ანძებს წვავენ და ანგრევენ მსოფლიოს ქალაქებში, რადგან ისინი კორონავირუსის გავრცელებას იწვევენ.

გარდა ამისა, დაიწყეს თუ არა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ფიქრი, უმალვე გავრცელდა ჭორები, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინით მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვას და პლანეტის მოსახლეობის შვიდი მილიარდიდან ერთ მილიარდამდე დაყვანას აპირებს.

ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჭორის მექანიზმი ყველა დროში კარგად მუშაობს და შესაძლოა რაღაც გარკვეული ჯგუფებიც ამას იყენებდნენ, იმიტომ, რომ მისი აზრით, სანამ ადამიანისთვის რაღაცის გადაჯერება რომ მოხდეს, ჭორი მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას უკვე ახდენს.

„ადამიანები ყოველთვის იწყებენ რაიმე მოვლენების ახსნას და ეს ძალიან ადამიანურია, ამასთან (კორონავირუსთან) დაკავშირებით უამრავი თეორია და ჭორი არსებობს, მე მიმაჩნია,რომ ეს ერთ-ერთია. იზოლაციამ კი თავისთავად წყალი დაუსხა ამ ტიპის ინფორმაციებს, რადგან ადამიანები სახლში იყვნენ და უფრო მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში - ადამიან კი ნატურაა, რომ უნდა რაღაცის ახსნა და შესაბამისად რაღაცას უნდა დაუკავშიროს, აქ გასაოცარს ვერ ვხედავ.

„როგორც წესი, ჯერ კიდევ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში" ჭორის მექანიზმი არსებობდა, ახლა ეს ხომ არაა მოგონილი მექანიზმი, ამას ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებდა და დღესაც იყენებს, ნებისმიერი რაღაცა ჯგუფებისთვის მედია, პრესა ეს ყველაფერი გარკვეულწილად იარაღია, იმიტომ, რომ ესაა ინფორმაციის გავრცელების წყარო.

„ეს, რომ ერთი ადამიანის ან ერთი მიმდინარეობის ხელში იყოს ყველაფერი, ასეც არ ხდება, არსებობს უამრავი დაჯგუფება, შესაბამისად ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელება ხდება ხოლმე.

„ესაა უტყუარი კანონი - მაგალითად წინა მთავრობა გააჟღერებდა ხოლმე ყოვლად არამართებულ ჭორს, მაგრამ ეს ჭორი მუშაობდა, ეს ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური კანონია, სანამ ამის გადაჯერება მოხდეს, ამან რაღაცა ემოციური ზეგავლენა ჩემზე უკვე მოახდინა - ამიტომ ამას იარაღად კარგად იყენებენ. რისთვისაც სოციალურ ქსელებს მედიას და პრესას იყენებენ, ეს ოდითგან იყო, არის და იქნება, ეს ადამიანის ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია" - განაცხადა მამულაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელების უკან შეთქმულების თეორიების მომხრე ძალები არიან.

„5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ ასეთი ქმედებები შეთქმულების თეორიის ვარიანტია, ასევე იყო ნათქვამი, რომ კორონავირუსი თურმე ხელოვნურადაა გავრცელებული, თავისთავად ცხადია ამის უკან დგას რაღაცა ძალა. მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ როგორც ჩანს ეს შეთქმულების თეორიის მომხრე ძალები არიან, რომლებიც ფანატიკური ინფორმაციებს გავრცელებით ამას ახორციელებენ.

„მეორე ვარიანტია ის, რომ არაა გამორიცხული აქ კონკურენციის ვარიანტიც იყოს, 5G ტექნოლოგია ჩინური გამოგონებაა და არაა გამორიცხული, რომ ეს ქმედება ჩინეთის წინააღმდეგაცაა მიმართული - იმის გათვალისწინებით, რომ იგი საკმაოდ ეკონომიკურად მძლავრი სახელმწიფო გახდა.

„მესამე ვარიანტად არ მინდა წარმოვაჩინო, რომ შესაძლოა ანტიჩინური ძალების გაკეთებული ქმედებაა, მაგრამ ეს საკითხიც შესაძლოა რაღაც დონეზეც განხილულ იქნას.

„ვინ დგას ამ ძალების უკან, ასე ხელის დადება რთულია. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლოა რუსეთის თემაც იყოს და შესაძლოა ისინი ჩინეთს ფარულად ებრძვიან.

"დღეს სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგია - ეს უცნაური სისტემაა, სადაც რეალური აქტორები აშშ და ჩინეთია,რუსეთი კი ერთგვარი დანამატია. კი გასაგებია, დიდი სახელმწიფოა და სამხედრო ტექნოლოგიების საკმაოდ მძლავრი ელემენტი და ასევე გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია, მაგრამ, ის მაინც სუსტია - ეკონომიკური პოტენციალით ჩინეთთან და ამერიკასთან შედარებლად დაბლა დგას.

„ვისაც შეთქმულების თეორიების და ფანტასტიკების სჯერა, ან უნდა რომ დაიჯეროს, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ვაქცინაციაზეც და ამის საშუალებით დაჩიპვაზეც არის გარკვეული მითები. იმის ახსნა რომ არ შეუძლიათ, თუ კორონავირუსი საიდან წამოვიდა და რა არის, შემდეგ რაღაც ფანტასტიკის სცენარებს უკავშირებენ.

„არა მხოლოდ ბილ გეითზე არამედ სოროსზეც იყო საუბარი - ეს ადამიანები მილიარდერების ჯგუფს წარმოადგენენ, ბილ გეიტსმა ტრამპის წინააღმდეგ იმიტომ გაილაშქრა, რადგანაც ტრამპის ნათქვამი, რომ კორონავირუსი ჩინეთმა გამოიგონა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რაც ამერიკის ეკონომიკასაც აზიანებს.

„დამოუკიდებელი მილიარდერების პოზიციები, იწვევს იმას, რომ თითქოს მათ უნდათ, რომ ფარულად მართონ მსოფლიო ხალხები, ესაა ფარული მართვის თეორია, რომელიც შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა.

"მე შეთქმულების თეორიების არ მჯერა, აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ კორონავირუსი ბუნებრივია და მუტაციის შედეგად გავრცელდა, მე ეს პოზიცია მაქვს - სხვებს საპირისპირო პოზიცია აქვთ, ყველას თავისი აზრი აქვს.

„ეს უფრო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, პანდემიამ უკვე ფსიქოზი მოახდინა, პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგიურ მომენტებს კარგად იყენებენ" - განაცხადა მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი პროპაგანდის გავრცელებას, ხელს კონკრეტული სახელმწიფოები უწყობენ.

„სამწუხაროდ ესეთი ინფორმაციები დასავლეთის რაღაც ნაწილშიც ვრცელდება ხოლმე, ეს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და პოსტ-სოციალისტურ ქვეყებშია პოპულარული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კონსპირაციული თეორიები საკმაოდ მოდაშია და სამწუხაროდ ჩვენც ამ ქვეყნების რიგში შევდივართ.

„ბუნებრივია, რომ ასეთი თეორიების გავრცელება კონკრეტული სახელმწიფოების მიერ ხდება, მრავალი კვლევა არსებობს, რომ ამ პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი ხელს უწყობს, რომ ამითი როგორღაც შექმნას საპირწონე იდეოლოგია, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ, ამისი რეალურად აშინებთ განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასეთი ტიპის ინფორმაციებზე საკმაოდ მოწყვლადია - რომელთა შორის რელიგიური თემი და უამრავი სხვა ადამიანია. ამით ბუნებრივია ისინი სარგებლობენ რომლის შემდეგაც პოლიტიკური მიზნებისთვის ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება.

„ასეთი რამ ძირითადად ისეთ საზოგადოებაში ჩნდება, სადაც კრიტიკული აზროვნების დაბალი დონეა, ამითი სხვადასხვა ჯგუფები მათ შორის პოლიტიკური ჯგუფებიც სარგებლობენ,კონსერვაციული, რელიგიური თუ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ."-განაცხადა კაკაჩიამ.