საქართველოსნაირ პროვინციულ ქვეყანაში, რაკი კონგრესმენი უცხოელია, ცით მოვლენილი ჰგონიათ

საქართველოსნაირ პროვინციულ ქვეყანაში, რაკი კონგრესმენი უცხოელია, ცით მოვლენილი ჰგონიათ

პრეზიდენტის მიერ, შეწყალების აქტის გამოცემამ, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. გაღიზიანება უფრო მეტად, არა პატიმრების შეწყალებამ, არამედ ამერიკელი სენატორების ამ პროცესებში ჩარევამ გამოიწვია. არის კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - ხომ არ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის და ამერიკელი სენატორების საპროტესტო ნოტები მხოლოდ პოლიტიკური ანტურაჟის შელამაზებას ემსახურებოდა. ექსპერტი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, რაც არჩევნების შედეგებზე აუცილებლად აისახება.

ბატონო დემურ, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ, თუმცა ბოლო წუთამდე ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ყავდა. რა გამოვიდა - თავის ქმედებებსა და განცხადებებში, ხელისუფლება ამჯერადაც წინააღმდეგობაში მოვიდა. როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ გარიგების ნაწილი იყო თუ დაბნეულობით დაშვებული შეცდომა?

- საქმე ისაა, რომ ქვეყანაში სადაც პოლიტპატიმრის სტატუსი არ არის განსაზღვრული, სადაც პოლიტიკური ძალები, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებული არ არის, რას ვუწოდებთ ჩვენ პოლიტიკურ პატიმარს და მანამ ეს სისუსტე არის კანონმდებლობაში, ხელისუფლებას ოპოზიცია ყოველთვის გაუთამაშებს ასეთ რამეს. ოპოზიცია ყველაფერს დაარქმევს პოლიტპატიმარს და თავისი ლობისტების მეშვეობით ეცდება შედეგი მიიღოს. თქვენ ნახეთ, რომ ამან საქართველოს მოქალაქეებში უდიდესი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. გამოდის, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი ისევ ციხეებში ზის, აქ კი აშკარად ვიღებთ ხელისუფლების პირად შეხედულებებს, ვინ დაიჭიროს და ვინ გაუშვას. ლობისტური ჯგუფების მუშაობა ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამაში ისინი ფულს იღებენ და ამიტომაც გასაკვირი არაფერია. იქაც დაკანონებული კორუფციაა, კარგად ხედავენ იმ ქვეყნებშიც, რა ზიანი მოაქვს ამას, მაგრამ ასეა. მართალია, ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ საქართველოსნაირ პროვინციულ ქვეყანაში, რაკი კონგრესმენი უცხოელია, ცით მოვლენილი ჰგონიათ. სამწუხაროდ, ესაა რეალობა. 

ხომ არ ფიქრობთ, რომ ლობისტების თემა მხოლოდ ფასადი იყო და რეალურად გარიგება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამის თქმის საფუძველს იძლევა, მაგალითად, რვა მარტის შეთანხმება, რომელიც შედგა და ბოლო წუთამდე არც ერთ მხარეს ხმა არ ამოუღია.

- ცხადია, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას ეს ციური მანანასავით მოევლინა. თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად გათვლადი იყო. ჯერ რატომ დაიჭირე, რატომ გამოუშვი და მერე ისევ დაიჭირე? აქ სამართალზე უკვე აღარც იყო ლაპარაკი. მე არ მეგულება მსოფლიოში ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყანაში დამნაშავეს დაიჭერს, ეს დანაშაული დასაბუთებულია არა პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი და დამცველად მოევლინოს ვინმე. ეს ხომ მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის ხარვეზების შედეგია.

შეწყალების აქტმა, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების“ იმიჯი ფაქტიურად დაანგრია, რა გათვლა იყო, ეს იყო პოლიტიკური უმეცრება თუ შეთანხმება პოზიციების დათმობაზე?

- როდესაც ბოლო დაჭერები მოხდა, ისიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ აქტივობასთან, რომელიც ხელისუფლებას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა. როცა ასეთ მომენტში იჭერ ადამიანს, აქ რაღაც შეთანხმებისმაგვარი შეიძლება იყოს. ამიტომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს დომინირებს, პოლიტიკური კრიტერიუმებით რომ შევაფასოთ, არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ერთ კაცზე მიბმული შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც ისევე გაქრებიან პოლიტიკიდან, როგორც კი ის ერთი კაცი აღარ იქნება პოლიტიკაში. ისინი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებინებენ და შედეგი ყოველთვის ცუდი გამოდის. მართალია, მათი ვითომ ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არნახული უპირატესობით მოიგებენ არჩევნებს და შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომელიც რაიმე შედეგს მოუტანს სახელმწიფოს. 

დავუშვათ, რომ მართლაც სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგი იყო პატიმრების გამოშვება, ეს არის თუ არა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა?

- როცა ელჩები ასეთ რამეზე აქტიურობენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი გონიერია. მართალია, საზოგადოებას ამ გაჭირვებამ რაღაც თვისებები დააკარგვინა, აქტიურობა, პასუხისმგებლობა, მაგრამ მოვლენების შეფასება ჯერ კიდევ შეუძლიათ და ამით პოლიტიკოსების მიმართ ნეგატიური განწყობები იზრდება. რა საჭირო იყო ევროპის ელჩების აქტიურობა იმისთვის, რომ ორი ადამიანი ციხიდან გამოეშვათ?! ამიტომ, ყველაფერს აქვს თავისი შედეგები და ალბათ, ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც მიაჩნიათ, რომ ხალხი არ წარმოადგენს იმ სიდიდეს, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ფიქრობენ, რომ მთავარია, იქ გავლენიან პოლიტიკოსებში და ვიწრო ჯგუფებში დაალაგონ ურთიერთობა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ისინი მოისურვებენ და არა ისე, როგორც ხალხი მოისურვებს ამას. 

მაშინ, სად არის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი?

- აბსოლუტური თავისუფლებები მსოფლიოში არ არსებობს. შენ უნდა გქონდეს გარკვეული ორიენტაცია შენი სახელმწიფოს მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე. უნდა გესმოდეს შენს ირგვლივ არსებული სახელმწიფოების ინტერესი, მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტები და შენ როგორც პატარა ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია რაიმე გავლენის მოხდენა მსოფლიო პოლიტიკაზე, იყო გონიერი და არა კონფრონტაციული, არამედ საღი, პრაგმატული მოთამაშე. საქართველოსთვის ყველაზე იდეალური მდგომარეობაა, თუ დიდი მოთამაშეები ერთმანეთში პოლიტიკური შეთანხმების გზით ივლიან, ამ შემთხვევაში განვითარების მეტი პერსპექტივაა. დაპირისპირება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ძალოვან დაპირისპირებაში და ამის გამორიცხვა სულაც არ შეიძლება, საქართველოს კარგს არაფერს უქადის. მაგრამ ქართველები ვინც პოლიტიკაშია, ამაზე არ ფიქრობენ. 

ერთი წუთით დავუშვათ, რომ პრეზიდენტმა მართლაც დამოუკიდებლად მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, ვისი აზრი იქნა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული, „ოცნების“ თუ დასავლელი პარტნიორების?

- როდესაც ბოლო დაკავება მოხდა, თავიდანვე გავაკეთე განცხადება, რომ ის იყო გათვლილი რაღაც მანევრზე, რომელიც ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა, იმიტომ, რომ არანაირ ლოგიკაში მათი დაკავება არ ჯდებოდა, თუ გნებავთ პოლიტიკური მიზანშეწონილობითაც. ასეთ რამეს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ოპოზიცია გაუთამაშებს ხელისუფლებას. ახალი აქ არაფერი არ მომხდარა, იმიტომ, რომ მათი დაკავება მათ აქტიურობას ეხებოდა. ცხადია, ბატონმა ოქრუაშვილმა როგორი აგრესიული განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, დღეს მას არ გააჩნია ის ძალა, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნას ხელისუფლებას. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რამ უნდა შეგაშინოს. ეს ყველაფერი ფიქსირდება და თუკი შენი კანონმდებლობა გაძლევს საშუალებას, როცა პროცესის პოლიტიკური კონტექსტი მოიხსნება, მაშინ დააკავებ და ვერც ვერავინ ამოიღებს ხმას, როდესაც ხელში გაქვს ისეთი რამ, რომელიც კანონდარღვევას ეხება. მაგრამ გააკეთეს შეთანხმებული მოძრაობა, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე და საით მიდის ეს ყველაფერი? მე ვფიქრობ, რომ თუ ქართველმა ხალხმა გონივრული არჩევანი გააკეთა, სულაც არ იქნება ეს ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ეს იქნება იდეალური ვარიანტი. ამ ეტაპზე გარდამავალი, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება საუკეთესო არჩევანი, მაგრამ, თუკი მივედით იქამდე, რომ აუცილებელი გახდა კოალიციური თამაშების დაწყება, ამ შემთხვევაში, ეს იქნება ერთი კარგი ნაბიჯი. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ერთ კაცს მისცეს ხმა, მაშინ ამ შემთხვევაში, მიიღებს იმას, რაც აქვს - დადგება ეკონომიკური საფრთხეების, სიღარიბის წინაშე, განუვითარებლობის წინაშე და კვლავ გამოსავალს ნახავს იმაში, რომ ამ ქვეყნიდან წავიდეს.

გასულ წელს 105 ათას კაცზე მეტი გავიდა საქართველოდან, ხოლო შემოვიდა 95 ათასზე მეტი კაცი, ძირითადად, არაბული და აფრიკული ქვეყნებიდან და მათ შეავსეს ბალანსი. სულ მალე ქართველები გადავლენ ეროვნულ უმცირესობაში და ამით დამთავრდება ყველაფერი. 

პოლიტიკურ არენაზე დარჩა ქართული ოცნება“, გაერთიანებული ოპოზიცია და პატრიოტთა ალიანსი“, რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს არჩევნებში მეტი შანსი?

- არჩევნებამდე თითქმის ხუთი თვეა დარჩენილი. ეს საქართველოს პირობებში უზარმაზარი დროა, აქ ყველაფერი მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს. ვის ექნება უპირატესობა, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და სხვა არავისზე - რამდენად შეძლებენ დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ ეს მოძრაობა იქნება უფრო პერსპექტიული. მაგრამ, თუ გარიგებაზე წავლენ ხელისუფლებასთან, მაშინ ამას ხალხი გრძნობს და ხელისუფლებას ექნება უპირატესობა. გარიგებებზე წამსვლელ პოლიტიკურ ძალას, ოპოზიცია იქნება ეს თუ სხვა, რა თქმა უნდა, ხალხი არ დაუჭერს მხარს.

თქვით, რომ ამ პერიოდში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ რა უნდა უთხრას ისეთი განსხვავებული ხალხს ქართულმა ოცნებამ“ და ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წარსულით, ისეთი წონადი, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს?

- სიტუაცია თვითონ გეუბნება რა სჭირდება ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და რა სჭირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. მაგრამ „ქართული ოცნება“ ამაზე არ საუბრობს, „ქათულ ოცნებას“ არ გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. თუ ამას პოლიტიკური ძალებიდან ვინმე გასაგებად იტყვის, მე არა მგონია ადამიანებმა ვერ გაიგონ, მაგრამ ამას უნდა ეტაპებად ჩამოყალიბება, საჭიროა ზუსტად თქმა, როდის რა უნდა გაკეთდეს და არა ფარული გარიგებები. სამწუხაროდ, ოცდაათი წელია, სწორედ ეს პრინციპი მუშაობს საქართველოში და იმიტომაცაა, რომ ქვეყანას ასე უჭირს.

მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას შეცვლაზეა საუბარი, „ოცნებას“ აწყობს ასეთი რეიტინგული ფიგურის ჩამოშორება არჩევნების წინ?

- იმ მმართველობის სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ყველა ფიგურა არის ნომინალური, იმიტომ რომ მართვა არ ხდება კონსტიტუციური ინსტიტუტების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაფორმალური მართვა, ამიტომ, როდესაც ადამიანებს ნიშნავენ თანამდებობებზე, ჩვენ არ ვიცით, რატომ ნიშნავენ და რა დამსახურებით და ასევე, როდესაც ათავისუფლებენ, ჩვენ არ ვიცით, რატომ ათავისუფლებენ. ამიტომ, ბატონი გახარია იქნება თუ სხვა ვინმე, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ სისტემამდე, რომ გამარჯვებული პარტიის ხელმძღვანელი იყოს მთავარი კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ყველა გადაწყვეტილებები მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში. რამდენიც არ უნდა უსაყვედურო სააკაშვილს, ის იყო პრეზიდენტი და თუ რაიმე დანაშაულს სჩადიოდა, სახელმწიფო ოფიციალურ ორგანოში მყოფი ადამიანი აკეთებდა ამას. დღეს, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც ნიშნავენ და ათავისუფლებენ, მაგრამ გამათავისუფლებელი და დამნიშნავი სულაც არ არის ოფიციალურ სივრცეში შემოსული.

 

 

romani მთავარია დაინიშნოს სწორი პიროვნება, რომელსაც გააჩნია უნარი გაართვას საქმეს თავი. დანარჩენი მეორეხარისხოვანია. სტალინმა ერთპიროვნულად, კადრების მუდმივი ცვლილებით და როტაცით, ჩამოაყალიბა მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო სამხედრო ელიტა.
3 წლის უკან
Aws ვინ არის ეს იდიოტი?!! ყველაფერი რომ ა მას ეკითხებით?!!! მართლა ეს საიტი რატომ არ სთხოვს პასუხს press.ge-ს?!! ამიტომ ხართ იდიოტების გროვა! თუ ტენდენციური იდიოტები არ ხართ
გამოაქვეყნეთ!!!!!!
3 წლის უკან
tngh როდემდე უნდა ვუსმინოთ, ამ დაძმარებულ, თვითმარქვია ექსპერტებს... მასზე ბევრად უკეთესები ნებისმიერ ბაღში, პარკში და სოფლის ბირჟებზე არიან...
3 წლის უკან