თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

თურქმა ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

5 წლის ბიჭი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოათავსეს. სასწრაფო დახმარება ჩევჰერ თოქთაშმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც მის შვილს ხველა და ცხელება დაეწყო.

23 აპრილს თოქთაშმა პალატაში ექიმებს დაუძახა და თქვა, რომ მის შვილს სუნთქვა უჭირს. ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გათვალისწინებით გარდაცვალების მიზეზად სწორედ კორონავირუსი ჩაითვალა.

აღიარებითი ჩვენება პოლიციას 32 წლის ფეხბურთელმა შვილის გარდაცვალებიდან 11 დღის შემდეგ მისცა. მან განაცხადა, რომ 5 წლის შვილი ბალიშით გაგუდა, ვინაიდან ის არასდროს უყვარდა. ამასთან ერთად, ფეხბურთელი ფსიქიკურ პრობლემას უარყოფს. ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კარიერის განმავლობაში თოქთაში სხვადასხვა თურქული კლუბის ღირსებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი კი სამოყვარულო „ბურსა ილდირიმსპორი“ იყო.