საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ ლიდერის, თორნიკე შენგელიას მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადაბარგებაზე საუბარი ისევ მიმდინარეობს. ესპანური გრანდი დამდეგი სეზონისთვის გაძლიერებას ეშურება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2019-2020 წლების სეზონის ბედი არ გარკვეულა.
Defensacentral-ს ინფორმაციით, 40 წლის ფელიპე რეიესი დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს, სალაჰ მეჯრი გუნდს დატოვებს, ხოლო ტრეი ტომპკინსს კონტრაქტი ეწურება და მხარეები ვერ თანხმდებიან მისი განახლებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ პაბლო ლასოს შემადგენლობის გაძლიერება დასჭირდება და მას ყველაზე მეტად „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსწონს.
თორნიკეს ვიტორიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი თავგადასავალი „ბასკონიაში“ შესაძლოა ზაფხულში დასრულდეს, რადგან „რეალის“ გარდა „ოლიმპია მილანოც“ იწვევს, თუმცა წყაროს ცნობით, ბრძოლაში „სამეფო კლუბი“ ფავორიტია.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი კალათბურთელი 2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესას 23 მატჩში საშუალოდ 32:55 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს (19.6 მარგი ქმედების კოეფიციენტი) აგროვებდა, ხოლო ევროლიგაში ჩატარებული 28 შეხვედრის შემდეგ მისი მონაგარი თამაშში საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს და 18.5 მარგი ქმედების კოეფიციენტს შეადგენდა.