მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, ოკუპირებულ რეგიონის მოსახლეობა სრულმა პანიკამ მოიცვა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, შესაძლოა სამზე მეტი შემთხვევა იყოს. ამასთან, დიდი ალბათობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შიდა გადაცემა უკვე დაწყებულია.
ამის ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკაში არ ჩაცვივდნენ. შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, სამწუხაროდ, კოვიდ 19-მა ჩვენს სამხრეთ ოსეთს გვერდი არ აუარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად კარანტინში მყოფ პირებს ვირუსი დაუდასტურდათ. ჩემი დიდი თხოვნაა, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანიკას არ მიეცეთ. ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ, ყველა საკითხს გადავჭრით. მთავარია ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, არ დავპანიკდეთ, არამედ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და ახლობლებს," - წერს ბიბილოვი სოციალურ ქსელში.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდად იყო, რადგან ეგონა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ უკვე გადაიარა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი დღეს პანიკაშია, რისი საფუძველიც რეალურად არსებობს, - შესაძლოა ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები გამოვლინდეს.
„პანიკა აშკარად იგრძნობა. გუშინ მთელი დღე პანიკური ვითარება იყო, რადგან ერთბაშად დადასტურდა სულ ცოტა სამი ადამიანის დაინფიცირება, შეიძლება ხუთიც იყოს. აშკარად მზად არ იყვნენ, საზოგადოებას ეგონა, რომ უკვე გადაიარა საფრთხემ და მოდუნდნენ კიდევაც.
„საკმაოდ სერიოზული აფეთქება იყო „ჩრდილოეთ ოსეთში," სადაც მასობრივი გამოსვლები იყო და სწორედ ამან გამოიწვია მასობრივი გავრცელება, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. ვფიქრობდი, რომ „სამხრეთ ოსეთში" აუცილებლად შეაღწევდა ვირუსი.
„ადამიანები პანიკაში არიან. რეალურად სამკურნალო საშუალებები არ აქვთ. „სამხრეთ ოსეთში" ლაბორატორიულად დაინფიცირების დადგენის საშუალება არ არსებობს. ერთადერთი ნუგეში რაც მათ აქვთ, ის არის, რომ რუსეთი პირდება დახმარებას.
"სამხედრო ბაზებს აქვთ სამედიცინო მომსახურეობა და რუსეთის არმია პირდება, რომ დაეხმარებიან და ავადმყოფებს უმკურნალებენ, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ჯანდაცვის სამინისტროს" მათი მკურნალობა გაუჭირდება. როგორც ჩანს, რუსეთი მკურნალობაში დაეხმარება, მაგრამ არ გადაიყვანს რუსეთის ტერიტორიაზე.
„მოსაზრება, რომ ვირუსი შეიძლება უფრო გავრცელდეს, მაღალია, ვიდრე, მისი ლოკალიზება. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ისე უცებ მოხდა გავრცელება, რომ არ გამოვრიცხავ, ვირუსი უკვე ვრცელდება „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე და შეიძლება გვაქვს კიდევაც გარკვეული დაფიქსირებული ფაქტები," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს, დედასა და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდა.
სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია, ამიტომაც, არ ვიცით, რეალურად რა ვითარებაა „სამხრეთ ოსეთში."
„თავისთავად გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო ინფიცირებულების თაობაზე. თქვენ იცით, რომ საუბედუროდ და სამწუხაროდ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რომ გადავამოწმოთ მონაცემები. ამიტომ, ფაქტობრივად, რეალური სურათი არ გვაქვს. ეს არის ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია. გასაკვირი არ არის, რადგან არცერთი ადგილი მსოფლიოს პანდემიის პირობებში დაცული და დაზღვეული არა არის ინფექციის შეღწევისგან.
„ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოხდეს პრევენცია გავრცელების. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ იცით, დაწყებული ინფორმაციის გავრცელებიდან, მათ შორის აფხაზურად და ოსურად, დასრულებული სხვადასხვა არხის მეშვეობით მუშაობით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში არის იზოლირებული, ფაქტობრივად გადაადგილება არის სრულად შეზღუდული.
„ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წვდომა აქვს არის წითელი ჯვარი, რომელთანაც ჩვენ ბუნებრივია ვთანამშრომლობთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. თუმცა, კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თვითონ მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაიცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომი და შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.