მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ორ ფეხბურთელს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

ფეხბურთელების გარდა ასევე ინფიცირებულია კლუბის ფიზიოთერაპევტი, დანარჩენი მოთამაშეები კი გერმანიის ჩემპიონატის განახლებისთვის ინდივიდუალურად ემზადებიან.

ბოლო პერიოდში საერთო ჯამში, პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 კლუბში 1724 ტესტი ჩატარდა და აქედან ათმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.