კორონავირუსის გამო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ზარალმა 120-140 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ ESPN-ს კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა განუცხადა.
მისივე თქმით, 50 მილიონი ევროს გამომუშავებას „ბარსელონა“ მატჩების ბილეთების გაყიდვით, 39 მილიონი ევროს კი ტელეტრანსლაციების უფლებების გაყიდვით გეგმავდა. კიდევ 20-25 მილიონი ევრო პოტენციური კომერციული შემოსავალია, რომელიც კლუბში ოფიციალური მაღაზიებიდან და საფეხბურთო სკოლებიდან შედიოდა.
ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა. 27 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში 58 ქულით ლიდერობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.