თორნიკე შენგელიას მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ კიდევ ერთმა ვებგვერდმა დაწერა. ხორვატიის სპორტული გამოცემის ცნობით, ზაფხულში სამეფო კლუბის არგენტინელი ლეგიონერი ფაკუნდო კამპაცო „დალას მავერიქსში“ გადავა და 28 წლის ქართველი სწორედ მის შემცვლელად განიხილება.
ამავე ვებგვერდზე წერია, რომ „რეალის“ შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდება და კამპაცოს გარდა, გუნდს სავარაუდოდ ესპანელი ვეტერანები, რუდი ფერნანდესი და სერხიო ლიულიც დატოვებენ.
„ბასკონიას“ კაპიტნისა და ლიდერის გაშვება არ სურს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური კრიზისის მიზეზით, შესაძლოა, ბასკები შენგელიას წასვლას დათანხმდნენ და თუ ქართველი კალათბურთელი „რეალში“ გადავა, მის შემცვლელად „მილანიდან“ ჯეფ ბრუქქს დაიმატებენ.
თორნიკე შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობს და ერთ შეხვედრაში საშუალოდ 17 ქულას და 6 მოხსნას აგროვებს. 28 წლის ქართველ ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მედიაში 27 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ თორნიკე შენგელიამ კარიერა შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ განაგრძოს.