„თუ არ არის ხალხის დახმარების საშუალება, მაშინ არავისთვის არ უნდა იყოს ეს დახმარება“

„თუ არ არის ხალხის დახმარების საშუალება, მაშინ არავისთვის არ უნდა იყოს ეს დახმარება“

ჩვენს დაუსაქმებელ და დროებით უმუშევარ მოსახლეობას ამ დრომდე ხელისუფლებისგან დაპირებული დახმარება არ მიუღია. ადამიანები მოლოდინის რეჟიმში არიან და, თუ ხელისუფლების დახმარება დაიგვიანებს, ბევრი მათგანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება.

ამ ეტაპზე გიორგი გახარია არ აკონკრეტებს, რამდენი იქნება უმუშევრებისთვის გამოყოფილი დახმარება, თუმცა აცხადებს, რომ ეს დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება. მისივე განმარტებით, 150 ლარი საარსებო მინიმუმს ქვევითაა. ამიტომ შეუძლებლია, საარსებო მინიმუმის გათვალისწინების გარეშე მთავრობამ ილაპარაკოს ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ძალიან უჭირს და, ერთი მხრივ, უმუშევრებისთვის 150 ლარის ან უფრო მეტი თანხის გაცემა თითქმის არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თანხა რაღაც მაინც არის. ყველაზე ძნელია, ადამიანს მისცე იმდენი თანხა, რასაც ამერიკაში ურიგებენ მოსახლეობას, ამის საშუალება ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს.

„თუ მოსახლეობისთვის გამიზნული დახმარების პროგრამა უგუნურად გაკეთდება, ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ფულიც რომ დახარჯოს (რაშიც ეჭვი არ მეპარება, რადგან იგი პატრიოტი კაცია), 4 მილიარდიც რომ მისცეს საქართველოს, ეს თანხა ერთ წელიწადში აორთქლდება, მერე თვითონაც ნულზე დარჩება და საქართველოც. ასე რომ, არ არის გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის იმედი, გარანტიები და დაზღვევა. ცოტა უსიამოვნო მოსასმენიცაა, რომ ერთ კაცზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო, ე.ი. ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს, თუკი ერთ კაცზეა დამოკიდებული. ამიტომ მგონია, სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოსახლეობის დასახმარებლად“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ მოსახლეობისთვის მხოლოდ ფულის დარიგება არაფერს მოიტანს, თუ ბიზნესის კეთების ახალი ერთწლიანი პოლიტიკა არ შემოიღეს. ამასთან, აუცილებელია თანხების გადავადება, გათავისუფლება გადასახადებისგან, რადგან ყველას მოაკლდა შემოსავალი და ეს იქნება კატასტროფა, მით უმეტეს, არჩევნების წინ.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, არჩევნების წინ ხელისუფლებას გაუჭირდება, საზოგადოება მოხიბლოს 150 ლარით ან უფრო მეტი თანხით. ამიტომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ადამიანების უმრავლესობას ბანკებიდან აქვს აღებული სესხები, ეს არის პრობლემა. უნდა მოხდეს საბანკო სისტემის რეფორმირება, რომ ადამიანებს ეპატიოთ ვალები რამდენიმე თვით, ხელახლა გადაიწეროს ვალები და, თუ ჰქონდათ ხუთწლიანი სესხები, 10 და 15 წელზე გადაუვადდეთ, რომ არ გაჩერდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ხალხს დაასაქმებს.

„სახალხო პარტიის“ ლიდერის მამუკა გიორგაძის სურვილია, ჩვენი ხელისუფლების გამონათქვამები ერთიან ლოგიკაში ჯდებოდეს. მისი თქმით, როდესაც თავი მოგვწონს იმით, რომ ხელისუფლებამ თურმე 1,5 მილიარდი უკვე იშოვა, 1,5 მილიარდს კიდევ გვპირდებიან და, მთლიანობაში, 3 მილიარდი იქნება, მაშინ ის, რაც შესთავაზეს საზოგადოებას, ამ საზოგადოების დაცინვაა.

მამუკა გიორგაძის განმარტებით, აქ არ უნდა იყოს საუბარი უშუალოდ ფულზე, რადგან თანხა არასოდეს არ იქნება საკმარისი. ვისაც ფულისკენ აქვს მიდრეკილება, მისთვის ფულის ზომა არ არსებობს, ამიტომ აქ საუბარია გონივრულ გადაწყვეტილებაზე. ყველანი უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არის მეტი შესაძლებლობა და ასეთ დროს უფრო ნაკლებიც შეიძლება აიტანოს ადამიანმა, მაგრამ, როდესაც შენ ხედავ, რომ შიმშილით კვდები და ამ დროს ვიღაც შენს ხარჯზე თავის ბიზნესს უკეთებს ლობირებას, ეს არის სწორედ წინააღმდეგობის საფუძველი.

„ასეთი სიტუაციით, ცხადია, ისარგებლებს ნებისმიერი თაღლითი და ავანტიურისტი. ხელისუფლება დაარიგებს 150 ლარს? თაღლითი და ავანტიურისტი მას ეტყვის, 150 ლარი კი არა, 300 ლარი უნდა დაგერიგებინათო, მეორე თაღლითი გამოვა და ეტყვის, 700 ლარი უნდა მიგეცათ ხალხისთვისო. ასე რომ, ორი პრობლემაა, ერთია სოციალური პრობლემა და მეორეა ხელისუფლების არაღიაობის, არასაჯაროობის გამო ავანტიურისტებისა და თაღლითებისთვის გზის გახსნა. არავის არ უნდა ბრძოლაში წასვლა, მაგრამ, თუ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, უნდა წავიდეთ ბრძოლაში. იგივეა ახლაც, ჩემს ქვეყანას თუ სჭირდება, უნდა გავუძლოთ, მაგრამ როდესაც ასეთი დისბალანსი, არათანაბრობა და დისკრიმინაციაა, აღშფოთება მატულობს. ამიტომ, თუ არ არის ხალხის დახმარების საშუალება, მაშინ არავისთვის არ უნდა იყოს ეს დახმარება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ერთი ბიზნესი აამუშავეს და მეორე დაკეტეს და ამაში ჩვენ ვხედავთ კონკრეტული სახელისუფლებო წარმომადგენლების ინტერესებს, ბუნებრივია, ეს ზრდის უნდობლობას ხელისუფლებისადმი, რომ, შე კაი დედმამიშვილო, ამ უბედურების დროს თუ კიდევ გაქვს იმის ფიქრის საშუალება, ფულის შოვნაზე გადახვიდე, რა თქმა უნდა, ვერც პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ვეღარ იქნები სანდო“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა, რომ გვყავს კარგი სპეციალისტები-ინფექციონისტები, მაგრამ, ასევე, გვყავს სხვა დარგის სპეციალისტებიც, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს ეს პროფესიონალები, ეს მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხისა, რომლებიც გინდაც დისტანციურად, გინდაც არადისტანციურად ამ თვენახევრის განმავლობაში გარკვეულ პროგრამებზე იმუშავებენ, რომელიც საქართველოს გამოადგება. მით უმეტეს, დღეს უკვე აშკარად გამოჩნდა საბაზრო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის პრობლემა. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით არაფერს ვაკეთებთ და კვლავაც შემოტანილ პროდუქციაზე ვამახვილებთ ყურადღებას.

„ადამიანები დაბრუნდნენ სოფლებში, საწვავი გაიაფდა, ხომ შეიძლება, სოფლის მეურნეობის თემები წამოვწიოთ წინ?!“-მიიჩნევს მამუკა გიორგაძე.

 

         

 

ლაზი სათაურის პათოსი გაუგებარია, ტექსტში კი სხვანაირად იკითხება. ამას თუ ჟურნალისტური პროფესიონალიზმი ქვია, ეგრე იყოს. თავისთავად ნამდვილად პრობლემატური საკითხია, მაგრამ დაველოდოთ 24-მდე.
სოფელი სასწრაფოდ ითხოვს ყურადღებას. დრო არ ითმენს.
ევროპაში უკვე მოსავლის აღების პრობლემებზე საუბრობენ. ეს ცუდის ნიშანია.
ჩვენ ჯერაც არ დაგვითესია.
როგორც ეტყობა არც სხვა ქვეყნებშია საქმე უკეთესად.
დახმარებებს როგორმე გაანაწილებენ მაგრამ იმ ფულით რას იყიდის ვინმე, თუ ახლა არ დამუშავდა მიწები?!
მოკლედ ყველაფერი ანტიკრიზისულ გეგმაზეა დამოკიდებული.
3 წლის უკან