ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან, ეროვნული ჩემპიონატების მატჩები მაყურებლების გარეშე ჩაატარონ. ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.
მისივე თქმით, საფეხბურთო მატჩების განახლება ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, რომელიც საფეხბურთო ლიგების ფინანსურ ზარალს შეამცირებს.
„მჯერა, რომ შეგვიძლია ეროვნული ჩემპიონატების განახლება. პირველ ეტაპზე მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ფეხბურთის დაბრუნებაა. ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, რომ ჩვენ სეზონს ვერ დავასრულებთ. ეს კლუბებსა და ლიგებს დიდ ზარალს მიაყენებს. სჯობს მატჩები მაყურებლების გარეშე ჩავატაროთ, რაც ადამიანებს გააბედნიერებს და ნორმალური ცხოვრების განცდას დაუბრუნებს, თუნდაც მატჩების ხილვა მხოლოდ ტელევიზიით იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ჩეფერინმა.
მისივე თქმით, ეროვნული ჩემპიონატების განახლების შემთხვევაში პარალელურად, გაიმართება ევროთასების მატჩებიც, მაგრამ ფინალური მატჩების თარიღებს ჯერ არავინ დაასახელებს. ჩეფერენის განცხადებით, საფეხბურთო სეზონის განახლება შესაძლებელია, მაგრამ პრიორიტეტს გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობა წარმოადგენს.