ალბათ ყველას ახსოვს ის პერიოდი, როცა ქვეყანაში განუკითხაობა სუფევდა. ყაჩაღთა ბანდები სოკოებივით იყვნენ მომრავლებულნი. ყველგან ქაოსი და ანარქია იყო.
სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი, რომელსაც დღეს კურიოზად ვიხსენებთ: ქვეყნის მდგომარეობის გამო ტურისტები იშვიათად ჩამოდიოდნენ, ძირითადად ისეთები, ვინც რისკის მოყვარულები იყვნენ.
სწორედ ასეთი მცირე ჯგუფი ეწვია საქართველოს გერმანიიდან 1998 წელს. ტურისტულმა ფირმამ, რომლის მოწვევითაც გერმანელები ჩამოვიდნენ, სვანეთის მონახულებაც შესთავაზა სტუმრებს. ათიოდე გერმანელი, ქართველ გიდთან ერთად მესტიისკენ გაეშურა.
გაოცებული შეჰყურებდნენ სვანეთის მთებს გერმანელები. მოულოდნელად, სტუმართა "რაფს" გზა მსუბუქმა მანქანამ გადაუჭრა, საიდანაც სამი შეიარაღებული ყაჩაღი გადმოვიდა და "რაფის" მძღოლს გეზის შეცვლა უბრძანა. მძღოლი დამორჩილდა და გზიდან გადაუხვია. ტყეში რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ყაჩაღებმა გერმანელებს მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს. სტუმრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ თვალწინ ოღვირის ულამაზესი ტბის ხედი გადაიშალა. ყაჩაღების მოთხოვნა უსიტყვოდ შეასრულეს, ძვირფასეულობა და ფული იარაღიანებს დაუყარეს და ფოტოების გადაღებას შეუდგნენ.
ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ზედა ეშელონებში. მინისტრმა, აქაოდა თავი მოგვეჭრება ევროპის მასშტაბითო, ფეხზე დააყენა მთელი სამინისტრო. შავებიც შეაწუხეს და იმ დღესვე, ისე, რომ გერმანელებს პანიკის დროც აღარ ჰქონდათ, ყველაფერი დააბრუნეს. ყველაზე მეტად ტურისტული ფირმა ჩავარდა საგონებელში. იმედი, რომ მომავალ წელს რომელიმე უცხოელი მოინდომებდა ჩამოსვლას, თითქმის გადაეწურათ და რაოდენ გასაკვირი იყო, როცა მომდევნო წელს გერმანელთა 50-კაციანმა ჯგუფმა მომსახურება დაუკვეთა.
წერილში ისიც იყო აღნიშნული, რომ ჯგუფს "ყაჩაღობის" სერვისით მომსახურებაც სურდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს მოგზაურობაც არ გამოჰპარვიათ ყაჩაღებს, ოღონდ ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა.
შეიარაღებული ხალხის დანახვისთანავე, გერმანელები ავტობუსიდან მხიარული ყიჟინით გადმოხტნენ, ფული და ძვირფასეულობა სიხარულით დაყარეს მიწაზე, ყაჩაღებს გვერდით ამოუდგნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს.
გაკვირვებული ყაჩაღები რაიონის გამგებელს დაუკავშირდნენ და ტურიზმის განვითარების ახალი გეგმა წარუდგინეს.