"ამ დღეებში მაია ფანჯიკიძემაც თქვა, საქართველოს იმ ხელისუფლებას, რომელიც აღიარებს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას, გარანტირებული აქვს დამხობა - ეჭვი მეპარება, რუსეთს ეს არ ესმოდეს. რაზეც დღეს ლავროვი ლაპარაკობს, ეს არის მხოლოდ საბაბი და ამ საბაბის იქით უნდა ვეძებოთ რეალობა", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ ამბობს რუსეთი უარს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე?!
"ზედაპირულია ვერსია, რომ რუსეთმა საქართველოში მიიღო ყველაფერი, რაც სურდა და ახლა აღარაფერი აღარ სჭირდება. ამიტომ დიდად არ იწუხებს თავს, რომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და განაახლოს კონტაქტები, რაც, როგორც ჩანს, განკუთვნილია საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად. თუ ჩვენ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ამ ყველაფრის უკან, ასე ცალსახად არ არის საქმე - რუსეთი საქართველოს ასე იოლად ვერ დათმობს! მით უმეტეს, რომ ამერიკელები დაინტერესებული არიან ჩვენს იურისდიქციაში დარჩენილი შავიზღვისპირეთით. თუ ამერიკამ თავისი სურვილი განახორციელა, რა გამოდის? ჩვენი ზღვისპირეთი ორ ნაწილად იყოფა, რაც რუსეთს არ უნდა აწყობდეს. არ შეიძლება რუსეთი ვერ ხედავდეს, როგორ აქტიურად ერეოდა სხვადასხვა საკითხებში ამერიკის ელჩი "ქართული ოცნების" გამარჯვების დღეებში, დაინტერესებული იყო, ვინ დაინიშნებოდა მინისტრებად და მათ მოადგილეებად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
"მე რამდენადაც ვიცი, ზურაბ აბაშიძეს პრობლემები შეექმნა რუსეთში ჩასვლასთან დაკავშირებით - ეს ჩათვალეთ პირად ინფორმაციად. თავად რუსები რომ ქმნიან ბარიერებს, ეს ფაქტია. როგორც ჩანს, რა შეხვედრებსაც ის გეგმავდა, არ გამოვიდა. არად, ვიღაცამ ხომ უნდა მოამზადოს ეს შეხვედრა? ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას თავის თავზე ვერ აიღებს... ჩვენ ალბათ, უნდა გავყვეთ ასეთ ვერსიას - რუსეთი ჭირვეულობს იმიტომ, რომ კიდევ უნდა რაღაცის მიღება. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის ტერიტორიების დათმობაზე. ის ეძებს გზებს, როგორ გამორიცხოს საქართველოში ამერიკელების ინტერესები. მახსენდება ფილმი "ქვევრი" - აბესალომს რომ ეუბნებიან - გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდიო - აი, ასე უნდა რუსებსაც. მათი აზრით, ჩვენ საგრძნობლად უნდა შევასუსტოთ საგარეო ურთიერთობები და მთლიანად გადავეშვათ მათთან ურთიერთობებში. ისინი ითხოვენ მაქსიმუმს, რომ მიიღონ მინიმუმი მაინც", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როცა ჩვენი ტერიტორიები რუსეთის ხელშია, ფაქტობრივად, ლავროვის განცხადებებში შეინიშნება ულტიმატუმის ენა. ჩემი აზრით, დამამცირებელია ის ფორმა, რომელსაც ჩვენი მეზობელი იყენებს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე სერგეი მარკოვის კომენტარი, სადაც ის ამბობს, ცოტა ხანში ივანიშვილი სააკაშვილს მთლიანად გაანეიტრალებს და ამის შემდეგ დაიწყება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ნორმალიზების პროცესიო. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ელოდებიან სააკაშვილს წასვლას ქართული პოლიტიკიდან. მოგეხსენებათ, მარკოვი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია და ჩვენ დავუშვათ ისიც, რომ ის თავისი ქვეყნის ლიდერების პოზიციას ახმოვანებს. მე დარწმუნებული ვარ, კრემლში ამაზე ნამდვილად ფიქრობენ. დღეს თუ ხვალ, კრემლი ურთიერთობებზე მაინც წამოვა, მისი ინტერესები ძალიან დიდ სიღრმეში დევს და ჯერ არ აჩენს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.