დაისაჯოს

დაისაჯოს "ნაცმოძრაობის" დაუმორჩილებლობისთვის!

ვინ არის ის ახალგაზრდა "ნაცმოძრაობიდან," რომელმაც ზეპირად იცოდა ათნიშნა საბანკო კოდი, სადაც ბიზნესმენებს ე. წ. "შემოწირულობა" უნდა გადაერიცხათ? რა მეთოდებით ივსებოდა "ნაცმოძრაობის" ყულაბა და როგორ ისჯებოდნენ დაუმორჩილებლობისთვის? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები – ეს გახლდათ ერთდროულად "საპატიო წოდება" და ბიზნესის დაცვის ერთადერთი მექანიზმი "ნაცმოძრაობის" სულ ახლახანს დასრულებული მმართველობის პერიოდში.

ფულის "შეწერა" ნაციონალურად სხვადასხვა სქემით ხდებოდა: იწყებოდა თხოვნით, გრძელდებოდა მოთხოვნით და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მთავრდებოდა ციხით. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში დგებოდა, თანხას ან "ნაცმოძრაობის" ანგარიშზე ჩარიცხვით იღებდნენ, ან საპროცესო გარიგებებით.

"ფულის ამოღების" საქმეში, ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. დაწყებული მაღალი რანგის ჩინოვნიკებით, დამთავრებული "კუდის", "სოდის" და ფინანსური პოლიციის გარკვეული ქვედანაყოფებით.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც, როგორც წესი, წარმატებული ბიზნესი პოლიტიკასთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირით კეთდებოდა.

300 000 ლარი მსხვილი კომპანიებისთვის, 10 000 ლარი კი ნებისმიერი მეწარმისთვის – გურია ნიუსის წყაროს ცნობით, ასეთი იყო "ნაცმოძრაობის" "სტავკა" ბიზნესმენებისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ამაზე ხმამაღლა არათუ ლაპარაკს, ჩურჩულსაც კი ვერავინ ბედავდა.

ამ ტაბუდადებულ თემას მხოლოდ 9–წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ აეხადა ფარდა.

კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქ სტოპის" დირექტორი და მფლობელი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც უარი განაცხადა ნებაყოფლობით ეხადა ხარკი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამისთვის ის სამაგალითოდ დასაჯეს და ჭუტა (ავთანდილ) წერეთლის კაბინეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სასტიკი ანგარიშსწორების დეტალებს, მონაწილე პირების ვინაობას და წამების მეთოდებს, რომელსაც მინდია ქაშიბაძე ექსკლუზიურად "გურია ნიუსისთვის" ყვება, ჩვენთვის მოცემული ვრცელი ინტერვიუს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

ამ ნაწილში კი მინდია ქაშიბაძე "ნაცმოძრაობის" მიერ დანერგილ ფულის ამოღების მეთოდებს დეტალურად შიფრავს. ქალბატონი კი, რომელიც საუბრის დროს ერთვება, მისი მეუღლე გახლავთ.

მინდია ქაშიბაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებით ავთო (ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე იყო დაინტერესებული. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და დაუწყეს არარსებული ვალის – 650 000 დოლარის მოთხოვნა.

„მაიძულებდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩამერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი ტერორი დაიწყო“, – აცხადებს ქაშიბაძე.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, – იყო თუ არა "ნაცმოძრაობის შემომწირველი" ჭუტა (ავთანდილ) წერეთელი, ის ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, წერეთელს, ამ საქმისთვის სპეციალურად ჰქონდა შექმნილი სხვადასხვა ფირმები, თავად ცდილობდა, რომ არსად დაფიქსირებულიყო.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ავთანდილ წერეთლის საკონტაქტო მონაცემების დადგენა, სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, მისი მოსაზრება გავაცნოთ აუდიტორიას.

ყველაფერი კი ფინანსურ პოლიციაში დაბარებით და "მეგობრული რჩევებით" იწყებოდა...