„ესპანელებს აქვთ ძალიან კარგი გამოთქმა - სიკვდილი უნდა დაამარცხო სიცილით“

„ესპანელებს აქვთ ძალიან კარგი გამოთქმა - სიკვდილი უნდა დაამარცხო სიცილით“

იმ ფონზე, როცა ყველა ადამიანს კორონავირუსზე ფიქრი უტრიალებს, ძნელია კონკრეტული რჩევების მიცემა, სახლში ჯდომისას რით უნდა შეავსონ სოციალური ვაკუუმი. ამ მომაკვდინებელი ვირუსის ეპოქაში, ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ აღმოჩნდა. თუმცა, მეორე მხრივ, გასაკვირია, რომ ადამიანებმა სწორედ ალბერ კამიუზე შეაჩერეს ყურადღება, რადგან შავი ჭირის ეპიდემიის შესახებ კამიუს ნაწარმოების წაკითხვა, ალბათ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს კორონავირუსით ისედაც გაჯერებულ სურათს.

რა გადაარჩენს ადამიანს ასეთ მდგომარეობაში, რას გვირჩევენ ინტელექტუალები?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, იუმორი და სატირა გადაარჩენს ადამიანს. ესპანელებს აქვთ ძალიან კარგი გამოთქმა - სიკვდილი უნდა დაამარცხო სიცილით. ამიტომ ყველაზე კარგია ახლა ჯანსაღი იუმორი, დადებითი სატირა და ხალისიანი მდგომარეობის შექმნა.

„ალბათ, დროა, ჩვენმა ტელევიზიებმა უფრო მაღალი დონის იუმორისტული გადაცემები აჩვენონ. ქართველებს ძალიან კარგი კომედიური ფილმები გვაქვს, მხიარულება და იუმორი გადაარჩენს ადამიანს. სხვათა შორის, ალბერ კამიუსაც აქვს მოთხრობილი „შავ ჭირში“, რომ სწორედ ის ადამიანები გადარჩნენ, ვისაც მეტი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ჩვენს მოსახლეობას ვურჩევდი, წაიკითხონ ნოდარ დუმბაძე და, ზოგადად, მხიარული ნაწარმოებები. აუცილებლად გვჭირდება გაღიმება და კარგი განწყობის შექმნა, რასაც ჩვენი ფსიქოლოგიის ფუძემდებელი დიმიტრი უზნაძე გვასწავლიდა თავისი გენიალური თეორიის მიხედვით. სხვათა შორის, ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, ადამიანებმა ჩაიცვან არა შავი და თეთრი ფერის, არამედ ჭრელი ტანსაცმელი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, ასეთ ფორსამაჟორულ ვითარებაში თავად თუ მიუწევს გული წიგნებისკენ, განმარტავს, რომ დროის დეფიციტს განიცდის, რადგან დღეში 8 ლექციის ჩაწერა და ატვირთვა უწევს. გარდა ამისა, მისი საერთაშორისო კოლეგები ითხოვენ პროექტების განხორციელებას.

კონკრეტულად, ჩინელებმა შესთავაზეს ვახტანგ მაისაიას, როგორც სინოლოგს (ჩინეთმცოდნეს), ანალიტიკური პროექტი იმის შესახებ, როგორი ეფექტი ექნება ერთი სარტყლის გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელებას კავკასია-კასპიისპირეთი - შავი ზღვის აუზის რეგიონში. გარდა ამისა, ვახტანგ მაისიამ სწორედ ახლა მოიცალა საინტერესო კოლექტიური მონოგრაფიის გამოშვებისთვის, დამატებით კი მუშაობს ნატოს პროექტზე, რომელიც გულისხმობს პროპაგანდისტული ომის შეჩერებას ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მეტი კლასიკა უნდა იკითხონ ადამიანებმა, ვისაც კითხვა შეუძლია და ხარისხიან კინოფილმებს უყურონ. თუ ვინმეს შემოქმედებითი უნარები აქვს, ამაზე უკეთესი პერიოდი არ დადგება და უნდა გამოიყენოს ეს პერიოდი. პუშკინი შავი ჭირის დროს იყო ბოლდინოში და იქ დაწერა „ევგენი ონეგინი“ და რუსული ლიტერატურის მთელი რიგი შედევრები. ასევე, „დეკამერონი“ დაიწერა კარანტინში, ეპიდემიის დროს იტალიაში, სადაც ჯოვანი ბოკაჩო თავის მეგობრებთან ერთად კარანტინის დროს იყო გამოკეტილი.

„აგერ, ჩემმა ძმამ ზურაბ მანჯავიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გიტარის თანხლებით სახალისო სიმღერა შეასრულა. კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ სიურპრიზს გვპირდება. ბევრი რამ მენანება, რაც ადრე ვერ წავიკითხე და ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. გარდა ამისა, ბევრი რამ მაქვს ძველად წაკითხული და გასახსენებელი. როცა დროს ვპოულობ, ყოველთვის გადავხედავ ხოლმე ძველ წიგნებს. დიდი ფილოსოფოსი და პოეტი აბუ ალი იბნ სინა ამბობდა, რომ შიში იკრავს შავ ჭირს, ეწებებაო შავი ჭირი შიშს. რამხელა სიბრძნე ჰქონდათ მაშინ, არ იყო მიკროსკოპი გამოგონებული და არ იცოდნენ მფრინავი სამყაროს შესახებ, რომელიც გარს გვაკრავს, მაგრამ იცოდნენ, მხიარულებასა და სიყვარულს შავი ჭირი გაურბის. ამიტომ იბნ სინა ამბობდა, მიიღეთ ზომები, ბაზრები დაკეტეთ, ძმარი გამოიყენეთ, მაგრამ, ამავე დროს, იყავით მხიარულები, ჭმუნვა და კაეშანი იზიდავს შავ ჭირსო. ჩვენს გარშემო ტრილიონობით და უსასრულო რაოდენობის ცოცხალი ორგანიზმია, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მათ რაოდენობას, არამედ ჩვენი იმუნური სისტემის სიჯანსაღეს. ისიც უნდა გვესმოდეს, ავადმყოფთან ახლო კონტაქტი ზრდის დაავადების ალბათობას, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი დასნეულდეს. თუ ადამიანი სტრესის ქვეშაა, დათრგუნულია და სწამს, რომ ვირუსი გადაედება, მაშინ მისი დაავადების ალბათობა მატულობს. ეს არა მარტო კორონავირუსს ეხება, არამედ ყველა დაავადებას. ამიტომ გამოვიყენოთ ჩვენი კარანტინი პოზიტივისთვის“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.