პარლამენტმა პოლიტპატიმართა არსებობა დაადასტურა

პარლამენტმა პოლიტპატიმართა არსებობა დაადასტურა

5 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრად ცნო 190, ხოლო პოლიტდევნილად 25 პირი. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიმუშაოს აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმები. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა საპარლამენტო უმრავლესობამ და ვის მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი?

"პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე" პარლამენტის დადგენილების პროექტი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო. მანვე ჩაიკითხა პატიმართა და დევნილთა სრული - 215-კაციანი - სია.

პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ როგორც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, ასევე ყინწვისის, მუხროვანისა და ენვერის საქმეებთან დაკავშირებული პირები. პოლიტდევნილის 
სტატუსმინიჭებულ პირთა შორის კი არიან: ბიძინა გიორგობიანი, მიხეილ ქარელი, ქიბარ ხალვაში, ბადრი ბიწაძე და გიგლა ბარამიძე. ეკა ბესელიას თქმით, სიის შედგენისას კომიტეტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით და ევროპის საბჭოს კრიტერიუმებით იხელმძღვანელა:

„ეს გადაწყვეტილება - პოლიტიკური დევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი, ან პოლიტიკური ამნისტია - არ არის ვინმეს არც ბრალეულობის და არც უდანაშაულობის დამადასტურებელი. ჩვენ არ ვართ არც სასამართლო და არც პროკურატურა. ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ დაპატიმრების პოლიტიკურ ინტერესსა და მოტივზე, რომელიც შეისწავლა კომისიამ“.

დადგენილების პროექტის მესამე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ანდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის მექანიზმების შექმნა. დადგენილების ამ ნაწილის მიმართ შენიშვნა გამოთქვა უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ:

„გათავისუფლების მექანიზმი - იქნება ეს ამნისტია თუ სხვა რამე - დასაზუსტებელია და ბოლომდე მისაყვანი, თორემ, დამიჯერეთ, თუ გადავულოცეთ სასამართლოს, სადაც ისევ ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო, მივიღებთ მდგომარეობას, რომელზეც ითქმის, კრება დარჩა მხიარულიო“.

საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნებიც ძირითადად ტექნიკურ ხასიათს ატარებდა. ზაქარია ქუცნაშვილმა პოლიტიკური ნიშნით დევნილი ყველა პირის რეაბილიტაციის, ხოლო თემურ მაისურაძემ დამნაშავე პირების დასჯის მექანიზმის შემუშავება მოითხოვა.

ზაქარია ქუცნაშვილი: „დადგენილების მე-4 პუნქტში ჩვენ გვიწერია, რომ ასევე პარლამენტი უზრუნველყოფს სტატუსისა და მარეაბილიტერებელი სამართლებრივი საფუძვლების მექანიზმის შექმნას. საინეტრესოა, როგორ უნდა შევძლოთ ამ 9 წლის განმავლობაში დაპატიმრებული, გასამართლებული და მისჯილი ხალხის მიმართებაში მე-4 პუნქტის ამოქმედება.“

თემურ მაისურაძე: „დადგენილების პროექტში უნდა იყოს ისიც, თუ ვინაა პასუხისმგებელი ისეთი განაჩენების გამოტანაზე, რომლის შედეგადაც ადამიანები პოლიტიკური პოზიციის გამო მოხვდნენ ციხეში. უნდა დადგეს იმ მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემის საკითხი, რომლებმაც ასეთი განაჩენები გამოიტანეს“.

საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი ვაშაძემ საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენეს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილთა არსებობა.

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელი რეზოლუცია იპოვეთ თქვენ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები? 1994 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დგებოდა ასეთი რეზოლუციები და არც ერთ მათგანში არ ყოფილა მოხსენიებული საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა“.

გიორგი ვაშაძე: „ამ სიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებზეც პასუხს აგებთ თქვენ. ხვალ ან ზეგ რომ დანაშაული არ ჩაიდინონ, ამის გარანტია სახელმწიფოს არ აქვს. ამ ადამიანებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება სახელმწიფოს იმიჯისთვის არის დამღუპველი“.
ამ აბსურდული სიის მიღების შედეგად, გარეთ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. შეიარაღებული ამბოხება, შპიონაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება - ეს ის დანაშაულებია, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს საფუძვლების წინააღმდეგ...

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია დადგენილების მიღებით საქართველოს სახელმწიფოებრიობას ზიანს აყენებს, სულ ცოტა, ორი მიმართულებით:

„პირველი: საქართველოს პრესტიჟი საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებლად დაზიანდება. ჩვენივე ხელით ჩავიყენებთ თავს მესამე ქვეყნების რიგში. მეორე: ამ აბსურდული სიის მიღების შედეგად, გარეთ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. შეიარაღებული ამბოხება, შპიონაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება - ეს ის დანაშაულებია, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს საფუძვლების წინააღმდეგ“.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობას პოზიცია არ შეუცვლია. კობა დავითაშვილის თქმით, საკითხისადმი ყოფილი ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია მარტივად აიხსნება:

„ძალიან კარგად მესმის საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ლაპარაკია იმ პოლიპატიმრებზე და იმ პოლიტდევნილებზე, რომლებსაც თავად აპატიმრებდნენ და დევნიდნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობა სამომავლოდაც აპირებს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსის მინიჭების პროცესის გაგრძელებას, რადგანაც ამ ეტაპზე კომისიამ მხოლოდ 19 ნოემბრამდე მიღებული განცხადებების განხილვა მოასწრო.