"იშვიათი მინისტერიალი, რომელსაც არ მიუღია კომუნიკე“ - ასე შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელმაც 5 დეკემბერს დაასრულა მუშაობა. მინისტერიალის მეორე დღეს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების კურსისადმი. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა ნატოს ბრიუსელის შტაბბინაში?
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დამთავრდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პრესკონფერენციით. მინისტერიალის მნიშვნელობაზე საუბრისას, კლინტონმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ნატო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ უთანხმოებებზე და მათ შორის მოუგვარებელ საკითხად დაასახელა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. კლინტონმა, რომელიც 5 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის რანგში უკანასკნელად წარდგა ბრიუსელში შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე, საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერაზეც ისაუბრა: „ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, დღეს დილით, ჩვენ გავაგრძელეთ საქართველოსთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ წინსვლა ნატოსკენ მიმავალ გზაზე, უწინარესად დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებით, შეიარაღებული ძალების გარდაქმნითა და ჩვენს საერთო უსაფრთხოების საქმეში წვლილის შეტანით“, განაცხადა ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი ნატოს განუხრელი მხარდაჭერა“, - აღნიშნა მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, და დასძინა: „მივესალმეთ და მოვიწონეთ საქართველოს ძალისხმევა, მიმართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რაც მიზნად ისახავს ამ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და დიალოგის წარმართვას საქართველოს რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან.“
ანდერს ფოგ რასმუსენმა ყურადღება გაამახვილა კოჰაბიტაციისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც: „ყველამ ვიცით, რომ იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემა, იოლი არ არის უმტკივნეულო კოჰაბიტაციის უზრუნველყოფა. ჩვენ ეს გვესმის. ის, რაც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი იყო. ამასთანავე, დღეს ჩვენ გამოვთქვით შეშფოთებაც, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრისგან (ისევე, როგორც წინა შეხვედრებში პრემიერ-მინისტრისგან) მივიღეთ დაპირება, რომ მთავრობა არ ჩაერევა სასამართლო პროცედურებში და უზრუნველყოფს, რომ განსასჯელთა პროცესები ჯეროვნად წარიმართოს - კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად. აი, ასეთი დაპირებები მივიღეთ და ახლა ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იმ შეკითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების ფაქტებს.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგებით კმაყოფილი ჩანდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომლის თქმით, მან შეძლო დაერწმუნებინა კოლეგებიცა და ნატოს გენერალური მდივანიც, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება არ ნიშნავს მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით დევნის დაწყებას. „ეს საკითხი იყო ნაკლებად მნიშვნელოვან თემად ნახსენები ზოგიერთ გამოსვლაში“, - გვითხრა მინისტრმა, - „მაგრამ ჩემს გამოსვლაში მე განვაცხადე, რომ საქართველოში არ იქნება შერჩევითი მართლმსაჯულება, ყველაფერი იქნება კანონის დაცვით და პროცესი იქნება გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ გავიმეორე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, რომელიც მან გააკეთა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საერთაშორისო ჯგუფი მოვიწვიოთ საქართველოში, რათა მან განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი. თუმცა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან არის ნდობა ახალი მთავრობის მიმართ.“
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას, 2012 წლის 18 ოქტომბერი.
ფანჯიკიძემ გვითხრა, ამასთანავე, რომ 2013 წლის დასაწყისში საქართველოში აუცილებლად გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, რომელიც გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავების გამო გადაიდო. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურაზე პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის შეთანხმებას „კოჰაბიტაციის პროცესის პოზიტიური შედეგია“.
4-5 დეკემბრის მინისტერიალზე კომენტარი ვთხოვეთ ჯეიმს აპატურაის. „მაია ფანჯიკიძეს წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მან დაარწმუნა ალიანსის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ საქართველო ახალი მთავრობის პირობებში წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა კავკასიასა და შუა აზიაში.