"ერთ დღეს მანახეს ვიდეოკადრები, როგორ აუპატიურებდნენ ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს - მის ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვინ აუპატიურებდა, ვიცი... ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი. ანუ, ვისაც აუპატიურებდნენ, იცოდა, რომ უნდა გადაეღოთ. შემსრულებელი კი იყო გლდანის ციხის ერთ-ერთი ე.წ. "ქათამი" - ეს კადრები მანახეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე", - აცხადებს მე-17 დაწესებულებაში მყოფი კონსერვატიული პარტიის ყოფილი წევრი არმაზ ხარძიანი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მითხრეს, როგორმე ჩამოიყვანე ემზარ კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო" / "რას საყვედურობს არმაზ ხარძიანი ყოფილ თანაპარტიელებს".
"პირველი შეთავაზება იყო ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას დისკრედიტაცია - მათთვის 10 000 დოლარი უნდა ჩამედო მანქანაში. მერე, როცა ოპოზიცია შესუსტდა და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის თემამ წამოიწია, მთავაზობდნენ, სვანეთში ხომ არ შეხვდებიო. კვიციანთან, როგორც ჟურნალისტს, კარგი ურთიერთობა მქონდა და ერთხელ სატელეფონო საუბრისას მითხრა, სვანეთში, სოფელ კალაში შევხვდეთო. მე კატეგორიული უარი განვუცხადე, რადგან კვიციანი რომ დაეპატიმრებინათ, არავინ დაიჯერებდა, მე რომ არ "ჩავუშვი". ეს 2010 წლის აპრილში მოხდა. ციხეში კი მითხრეს, ხომ შეგიძლია ემზარის ჩამოყვანა კალაში, როგორმე ჩამოიყვანე კვიციანი, დაგვაჭერინე და თავისუფალი იქნებიო. პირდაპირი უარი არ მითქვამს სიკვდილის შიშით, მინდოდა, გლდანის ციხიდან ცოცხალი გამოვსულიყავი. ვუთხარი, ჩამოგიყვანთ და დაიჭირეთ, მაგრამ ცოლი და შვილები რომ მოვიდნენ ჩემთან და მკითხონ, რატომ გააკეთე ეს, პასუხი მასწავლეთ-მეთქი. შენ თავისუფლება არ გნდომებიაო, - მითხრეს..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არმაზ ხარძიანი.
"შემდეგ, ჩემდა საუბედუროდ, გადაწყვიტეს "პალიტრა-მედიის" ფინანსური შემოწმება, გახსოვთ, ალბათ, მედიასახლის ერთდროულად 6 ორგანიზაციაში რომ შევიდა საგადასახადო და თვეების განმავლობაში ამოწმებდა, თუმცა ვერაფერი ნახეს. ღამის 3 საათზე გადამიყვანეს კამერიდან ადმინისტრაციის შენობაში. მკითხეს, "პალიტრაზე" რისი თქმა შეგიძლია, სად უჭირს, რაში შეიძლება გამოვიჭიროთო? მითხრეს, მაგ თემაზე იფიქრე და ხვალ ვილაპარაკოთო, - დამაბრუნეს საკანში, მაგრამ ნახევარ საათში ისევ გამიყვანეს. ეს რა ფსიქოლოგიური მეთოდია, მხოლოდ გლდანის ციხეში მყოფებმა იციან. მეორე ღამეს გამიყვანეს და მაყურებინეს იმ 15-წუთიანი ვიდეოსთვის, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით. ეს ვიდეო რომ მაყურებინეს, მითხრეს, შენც ეს გელისო. როცა ვუთხარი, ეს არ მელის იმიტომ, რომ თქვენ თუ არ მომკლავთ, თავს მოვიკლავ-მეთქი, მიპასუხეს, შენ თუ თავს მოიკლავ, შვილები და ცოლი გრჩებაო(!) სკოლა დამისახელეს, სადაც დადიოდნენ ჩემი შვილები და ჩემი ცოლი რომელ სალონში აბარებდა ნამუშევრებს. ჩემს ცოლს როგორი თმა ჰქონდა, ისიც კი მითხრეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როცა საბოლოოდ ვთქვი უარი თანამშრომლობაზე, დაუძახეს რეჟიმის იმჟამინდელ უფროს ოლეგ ფაცაციას, მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს და ჩემზე უთხრეს, - წაიყვანეო. ფაცაციამ გარეთ გამიყვანა, გამაჩერა და განმიცხადა, მითხრეს, თავის მოკვლა უნდაო და კამერაში რომ დაგაბრუნო, იქ მოიკლავ თავს თუ კარცერშიო? ჩუმად ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, მეგონა, ჩემი ბოლო სიგარეტი იყო... შემდეგ ფაცაციამ ერთ-ერთ ოფიცერს დაუძახა, კამერაში წაიყვანეო. ამიყვანეს საკანში, რომელიც აბანოს გვერდით იყო. თუ ამ ციხეში ნამყოფი არ ხარ, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს აბანოს გვერდით მდებარე საკანი. იქ ყოველ ღამეს ისმოდა კაცის საშინელი ღრიალი, რომელიც შემდეგ კივილსა და ღმუილზე გადადიოდა - ეს იყო უსაშინლესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელსაც იმიტომ მიმართავდნენ, რომ "პალიტრა მედიის" საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვსულიყავი, თითქოს ამ მედიასახლში ჟურნალისტებს აიძულებდნენ, შეკვეთილი სტატიები ეწერათ და ა.შ. შეთითხნილი დანაშაული რომ ვაღიარე, თითქმის ყველამ მიწა მომაყარა. ძიძიგურმა და კუკავამ, რომელთა გამოც თავისუფლებაზე უარი ვთქვი, მიწა მომაყარეს, მე არ ვარ ყაჩაღი, თუ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, მე ამის დამტკიცებას ადვილად შევძლებ", - დასძენს არმაზ ხარძიანი.