ბაზრები დაიკეტა, გლეხები და მომხმარებლები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ

ბაზრები დაიკეტა, გლეხები და მომხმარებლები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრები დაიხურა. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო გლეხებს მოწეული მოსავლის გასაღების პრობლემა შეექმნათ. გარდა ამისა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მომხმარებლები, რომლებიც ბოლომდე აღმოჩნდნენ მაღაზიებზე დამოკიდებულნი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე საკოორდინაციო შტაბის მიერ აგრარული ბაზრების დროებითი დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თითოეული ბაზარი იმუშავებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული და დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

„ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და მიიღება ადეკვატურად იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მათი მუშაობა შეიზღუდება, თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტაც შეეძლებათ ადგილზე არსებულ სპეციალურ შტაბებს, რომლებიც რეგიონულ ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს.

გადაწყვეტილება იყო მიღებული, მათ შორის თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდებოდა იმ რისკებს, რომლებიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით. ბაზრობების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში და შედეგად, რომელიც განმავლობაში სეს-მა შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტოსთან.

სტანდარტში მოცემულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წაეყენება ბიზნეს ოპერატორს, ბაზრის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ მკაცრად იმ წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად - ეს უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრ დაცვას, სადეზინფექციო სამუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას; ადგილზე სანიტარული საშუალებების არსბებობას; 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარეობს. უპირველესი პრიორიტეტი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში.

სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევის წესებსაც. სანქციები განისაზღვრება ამ სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამიერიდან აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა და მყიდველთა მდგომარეობა ბევრად გართულდება, მხოლო გლეხებს პროდუქტების ჩაბარების ალტერნატიულ გზების გამოძებნა მოუწევთ. ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ პრობლემები არც მერე დაილევა, როცა ეპიდემია გადაივლის.

„დღეს დევიზი ასეთია - ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მედიცინა გადაწყვეტს! ეს ნამდვილად ბევრ პრობლემას ქმნის. აგრობაზრობები არც კორონავირუსამდე გამოირჩეოდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით და მაშინვე უნდა დაწყებულიყო ამაზე ზრუნვა. მეორე მომენტია სოციალური ეფექტი, რომ თუ ალტერნატიული გასაღების წყარო არ იქნება, ძალიან გართულდება ფერმერთა მდგომარეობა. კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან მოვაჭრეები. მათ სახლში მოუწევთ გამოკეტვა და გლეხები, ასე თუ ისე, მაინც იპოვიან ალტერნატიული გასაღების გზას.

უფრო დიდი პრობლემა ისაა, როცა ეპიდემია გადაივლის, ამის შემდეგ რამდენად ექნება ხალხს საშუალება, იყიდოს ის პროდუქცია, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის. ადვილად უკვე აღარაფერი მოგვარდება“, - განაცხადა აროშიძემ.

ამასობაში გადაწყდა, რომ დედაქალაქში ხილ-ბოსტნეულის ვაჭრობის დიდი საბითუმო ადგილები გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის ინფომაციით, თბილისში 3 ადგილას ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ბაზრობა მოეწყობა და იქ პროდუქტებზე ფასი არ იქნება გაზრდილი.

„ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ და თბილისში ხვალ-ზეგ სამ ადგილას გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმო ბაზრობა. ისინი თავის თავზე აიღებენ ახალი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას და გადანაწილდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ რეგიონში და ჩვემ ამის გამო არ ველოდებით ფასების ზრდას.

კერძო მაღაზიებს კი, რომლებსაც ხილ-ბოსტნეულის განყოფილება აქვთ, საშუალება ექნებათ, შეიძინონ საქონელი როგორც ამ ახალ წერტილებში, ასევე სხვა რეგიონებში. ჩვენ ამის ორგანიზებას მოვახდენთ გუბერნატორთან არსებულ შტაბებთან ერთად, რომ იქ თავი მოიყაროს შესაბამისი წესების დაცვით ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა და მოხდეს რაიონებიდან პროდუქტის ჩამოტანა თბილისში“, - განაცხადა კალანდაძემ.

ლაზი თითქმის უმაღლესი ტრიბუნიდან გამოცხადდა, შემოსავლების გარეშე დარჩენილთა დახმარებისათვის, მათი იდენტიფიკაცია სახელფასო განაცემების ბაზის მონაცემებით განხორციელდებაო.
საინტერესოა, ამ ბაზრებიდან რომ ფულად შემოსავლებს იღებდნენ (ან გლეხი და ან ვაჭარი) ის ხალხი რომელ ბაზაში იყვნენ აღრიცხულები და როგორ მოხდება მათი იდენტიფიკაცია?
ასეა, ყველაფერი ბოლოს მაინც ეკონომიკამდე მიდის. ეკონომიკის მართვა კი, ფუნდამენტურ ცოდნას და დიდ მმართველობით (და არა მარტო ადმინიტრირების) გამოცდილებას მოითხოვს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა, როცა საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება.
4 წლის უკან