იძებნება ოპოზიცია!

იძებნება ოპოზიცია!

1990 წლიდან დღემდე ყველა მმართველი პარტია, რომლებიც ძალაუფლებას თმობდნენ ან კარგავდნენ, არსებობას წყვეტდა. კომუნისტურ პარტიას, რომელმაც «მრგვალ მაგიდასთან» არჩევნები წააგო, სულ მცირე ხნით მოუწია საპარლამენტო ოპოზიციის როლში ყოფნა. უზენაესმა საბჭომ მის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ავთანდილ მარგიანმა მაშინ ზვიად გამსახურდიას მიმართა: «ბატონო ზვიად, ჩვენ კი წავალთ, მაგრამ თქვენ ვისთან დარჩებით»?

წასვლა-დარჩენის თემა იმ დღიდან მეტად აქტუალური გახდა ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტს გარეთ დატოვებულმა კომპარტიამ თანდათან მარგინალიზება განიცადა და, მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოს სათავეში კვლავ რესპუბლიკის კპ ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა, კომუნისტური რევანში არ შემდგარა. მართალია, ერთხანს ცდილობდნენ, ამ მოვლენისთვის «ნომენკლატურული რევანში» შეერქმიათ, მაგრამ რეალურად ყოფილ ნომენკლატურას მხოლოდ პრივატიზაციისა და საბანკო კრედიტების სიკეთით სარგებლობის საშუალება მიეცა, ხოლო პოლიტიკური ძალაუფლების მემკვიდრეებად ახალგაზრდა, ევროპულ და ზოგადად დასავლურ სტრუქტურებთან დამეგობრებული ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი იქცნენ.

ეს გუნდი იმთავითვე შემტევ პოზიციებს იკავებს და ცდილობს, გზიდან ჩამოიშოროს პარტნომენკლატურის ის მცირედი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ახლოს არის ძალაუფლების სადავეებთან. ახალი, საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრების მამად აღიარებული ზურაბ ჟვანია ოსტატურად ეუფლება პოლიტიკური ვაჭრობისა თუ გარიგებების რთულ ჩვევებს და ხშირად ფაქტის წინაშეც აყენებს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ამით აღშფოთებულმა გიგა ლორთქიფანიძემ იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე შევარდნაძეს მიმართა: «ფრთხილად იყავით, თორემ, როგორც შექსპირის მეფე ლირი, ყველაფერს დაკარგავთო».

რვა წლის შემდეგ მართლაც ასე მოხდება და ლირის სამი ქალიშვილის როლს ტრიუმვირატი – სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე შეასრულებენ. შევარდნაძეს არ აღმოაჩნდება მისი ერთგული შვილი – კორდელია, რომლის როლშიც იგი ზურაბ ჟვანიას ხედავდა. უფრო სწორად, მასაც კორდელიას ბედი ხვდა და მისი უეცარი გარდაცვალების საკითხს ახლა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსული «ქართული ოცნება» იძიებს.

შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი» 2003 წლის «რევოლუციური» არჩევნების შემდეგ წაიშალა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან. ექვსპარტიული პარლამენტის გარეკვამ ახალ მმართველ ძალას _ «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» ძალაუფლების სრული მონოპოლია მოაპოვებინა და «ბურჯანაძე-დემოკრატები» თანდათან შეიწოვა. ისინი, ვინც ახალი მოცემულობა არ მიიღო, სისტემამ გამოდევნა. ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ «ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნები წააგო, მაგრამ ოპოზიციის 40-პროცენტიანი ნიშა დაიკავა. 2003 წლისგან განსხვავებით, როდესაც იგივე პოლიტიკოსები იმჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ მიღებულ 21,28 პროცენტს აპროტესტებდნენ, მეტისმეტად იოლად შეეგუენ «დამნაშავე პარტიის» (როგორც ხშირად უწოდებენ «ნაციონალურ მოძრაობას») 40 პროცენტს.

«ნაციონალური მოძრაობა» არ კმაყოფილდება საპარლამენტო ოპოზიციის როლით. იგი ხაზგასმით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება ადგილებზე და მკვეთრად მიჯნავს, თუ რა ეკუთვნის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას და რა _ საკუთრივ მას. ორხელისუფლებიანობა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა ევროპაში მაღალი ტრიბუნიდან, რეალობაა, ხოლო ოპოზიციაში გადასული პარტიის ლიდერი, რომელიც კიდევ ერთი წელი აპირებს საპრეზიდენტო პოსტზე ყოფნას, ძალას და ენერგიას არ იშურებს ახალი მმართველი ძალის დისკრედიტაციისთვის.

დაზეპირებული გზავნილები, რომელთაც ქართველი ამომრჩეველი დასავლეთის მაღალი ემისრებისგან ისმენს, მისი მოთმინების გამოცდად იქცა. ის პირები, რომლებიც საზოგადოებისთვის ძალადობასთან და სისასტიკესთან არიან გაიგივებულნი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად ირაცხებიან. «შერჩევით სამართალზე» ლაპარაკობენ ნატოს, ევროსაბჭოსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომელთაც შფოთი არ დაუფლებიათ ზუსტად ასეთი სამართლის ზეობისას უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში.

საზოგადოება ვერ ხსნის ასეთი თვალსაჩინო ორმაგი სტანდარტის მიზეზებს. არადა, ყველაფერი მარტივია. გეგმის პირველი ნაწილი _ გადარეცხილიყო ყველა, ორი პოლიტიკური ძალის გარდა, სანაქებოდ შესრულდა. «შუა გაიკრიფა». დარჩა ორი, ნატოზე და ევროკავშირზე ცალსახად ორიენტირებული ძალა.

«ნაციონალურ მოძრაობას» თითქოს პირობა მისცეს, რომ ძალაუფლების დროებით დათმობის ხარჯზე ოპოზიციაში დარჩებოდნენ და პასუხი არ მოეთხოვებოდათ. ხალხი სამართალს ითხოვს, მაგრამ ეს სულაც არ შედის დასავლეთის ინტერესებში. «პირველად საქართველოს ისტორიაში», როგორც სააკაშვილს უყვარს თქმა, ყოფილი მმართველი პარტია კვლავაც პოლიტიკურ არენაზე უნდა დარჩეს.

ამ ხელოვნური ორპარტიული სისტემის ხიბლი მისი მონაწილეებისა და დასავლეთის ინტერესებშია. ან ერთი იქნება, ან მეორე. ორივენი კი სწორედ დასავლეთისკენ იყურებიან! არ უნდა იყოს სხვა ოპოზიცია, რომელიც პრინციპულად განსხვავებულ თვალსაზრისს ატარებს. ისტორიის მოუსავლეთში გასტუმრებული ყველა სხვა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, «ნაციონალური მოძრაობა» ისევ აქ უნდა იყოს, ამჟამად სათადარიგო სკამზე.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მოირგოს ოპოზიციის მანტია, იგი კვლავაც მმართველი ძალის პრეტენზიითა და რიხით სთხოვს პასუხს «ქართულ ოცნებას» იმაზე, თუ რატომ ვერ გადაწყვიტა ცხრა წლის განმავლობაში მის მიერვე შექმნილი პრობლემები ორ თვეში! «ოცნება» კი ხელოვნურად არის ჩაყენებული თავის მართლების პოზიციაში, პოლიტიკაში კი თავის მართლება უმადური საქმეა; რაც მეტს იმართლებ თავს, მით მეტად რწმუნდება მავანი, რომ რაღაც დააშავე.

როდესაც კოალიცია «ქართული ოცნება» იქმნებოდა, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის პარტიის შექმნა სულაც არ წარმოადგენდა კოალიციაში შემავალი პარტიების ინტერესს. ეს პოლიტიკაა: შიდა კონკურენციის კანონი მოქმედებს და პოლიტიკურ სუბიექტებს ნებისმიერ კოალიციაში საკუთარი გავლენის შენარჩუნება ურჩევნიათ. არადა, პარტიული სტრუქტურების გარეშე ადგილებზე სიტუაციის კონტროლი შეუძლებელია, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ჯერაც ნახევრად ხელისუფლებაში მყოფი «ნაციონალური მოძრაობა» გააფთრებით იბრძვის ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და, შესაბამისად, 2014 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში ოპოზიცია, ნამდვილი, ჯანსაღი ოპოზიციაა აუცილებელი. ამ ფუნქციას «ნაციონალური მოძრაობა» ვერ და არ შეასრულებს. კაცმა რომ თქვას, თავმოყვარე ქვეყანაში მას ამის უფლებას არც მისცემდნენ! 

ორი, თითქმის ერთი იდეოლოგიის ძალის დაპირისპირება ქვეყნისთვის არაფრის მომტანია. მათი მთავარი საპროგრამო დებულებები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივენი ნატოს ეტრფიან, ორივენი ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, ორივე ლიბერალური დემოკრატიის ხიბლშია, მეტნაკლები ლიბერტარიანელობით.

ამ იდეოლოგიურ ველზე კი უპირატესობა სწორედ «ნაცმოძრაობას» აქვს. მან გასული წლების განმავლობაში პარტნიორებიც გაიჩინა დასავლეთში და ლობისტებიც შეიძინა. დასავლეთში «ოცნების» დისკრედიტაციისთვის დაქირავებული «მეგობრების» მთელი არმია მუშაობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ უფლებადამცველი, ადვოკატი და აწ უკვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პირდაპირ დაადანაშაულეს შეუწყნარებლობაში.

ქვეყნის შიგნით ასეთივე «მუშაობაა» გაჩაღებული; წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირების შესახებ ივანიშვილს საბოდიშო გაუხდა. არადა, ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი დემურ გიორხელიძე პირდაპირ ამბობს, რომ კვალიფიციური ენერგეტიკოსების გაანგარიშებით, ელექტროენერგიის ტარიფი 10 თეთრის ფარგლებში უნდა იყოს:

«სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გაჩნდა ხალხი, რომელთაც მუქთა ფულის ხელიდან გაშვება არ უნდათ და ამიტომ პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება არ შეიძლება».

«ნაციონალების» ტაქტიკის ამოცნობას გულთმისნობა არ სჭირდება. ისინი წინსწრებით საუბრობენ «შეუსრულებელ დაპირებებზე». თუ არც სამართლიანობა აღდგება და არც საგადასახადო კაბალისგან ხალხის განთავისუფლება მოხერხდება, რისი მომტანია ხელისუფლების ცვლილება? შემდეგი ეტაპი ამომრჩევლის სრული ნიჰილიზმია, რომლის პირობებშიც ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი მორიგეობით ჩაიბარებს ძალაუფლებას და, დასავლეთის გასახარად, «სტაბილურობის ოაზისს» შექმნის. მერე რა, რომ ამ ოაზისში პლასტმასის პალმები დგას! მთავარი ის არის, რომ «სტრატეგიულ პარტნიორებს» საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების სრული კარტბლანში ექნებათ, ქართველი ამომრჩეველი კი კვლავაც იმის მოლოდინში იქნება, თუ როდის გაიყიდება მანჰეტენზე ქართული აჯიკა. 

იძებნება ოპოზიცია!

იგი ჰაერივით სჭირდება ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის მომავალს, მის ეროვნულ ინტერესებს. იძებნება ოპოზიცია, რომელსაც უყვარს საქართველო მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერი ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართმოყვარეობით; სუფთა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯი ზღვით; ერით, ბერით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადები მოხუცებით. დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

იძებნება ოპოზიცია, რომელსაც უყვარს საქართველო ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე; იძებნება ოპოზიცია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად სამშობლო ეყვარება და რომელიც საქართველოს სიყვარულისთვის ბოდიშს არ მოიხდის.