საქართველოს პარლამენტის ბიუროში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში, ქუთაისი აღარ იქნება საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შეეხება კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული. კონსტიტუციის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი, კონსტიტუციის ნაცვლად, პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება, თუმცა ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლად განსაზღვრულია ქალაქი ქუთაისი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტის ბიუროში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ამ მუხლის გაუქმებას ითვალისწინებს:
„შესაბამისად, კონსტიტუციით აღარ იქნება განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და შემდეგ უკვე პარლამენტის რეგლამენტში იქნება შესატანი ცვლილება, სადაც სათანადო ჩანაწერი გაკეთდება: „პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი“ ან ჩაიწერება, რომ „პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და შესაძლებელია, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სხდომა გაიმართოს ქუთაისში“. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, რომ პირდაპირ, ნათლად ჩაიწეროს რეგლამენტში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და რომ ის მუშაობას ეწევა თბილისში“.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, ცვლილების შედეგად, დაიზოგება ხარჯი, რომელიც გამოწვეულია როგორც პარლამენტის შენობების შენახვით, ასევე პარლამენტისა და მთავრობის წევრთა მოძრაობით თბილისსა და ქუთაისს შორის. სწორედ თბილისიდან ქუთაისისკენ მიემგზავრებოდა დეპუტატი კობა დავითაშვილი, როდესაც რადიო თავისუფლება კომენტარისათვის დაუკავშირდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ მათ ინიციატივას მხარს უმცირესობის წევრებიც დაუჭერენ.
„ჩვენი ფრაქციის გარკვეულ წევრებს ჰქონდათ კონსულტაცია. ვინაიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა მწვავე პოლიტიკურ საკითხს არ უკავშირდება, იმედი გვაქვს, რომ უმცირესობა გაიზიარებს ჩვენს ინიციატივას... პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული ორგანო, ის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ხალხთან და შესაძლებელი უნდა იყოს გასვლითი სხდომების ჩატარება როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში, თელავში და ა.შ. მაშინ, როცა ამისი აუცილებლობა იქნება“, უთხრა კობა დავითაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა, პასუხად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ პარლამენტს გასვლითი სხდომების ჩატარების უფლება მოქმედი კანონითაც აქვს, რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას:
„რაზე ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობა და რაზე ვერა, ძნელი სათქმელია. ზუსტად ვიცი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას დეპუტატთა 2/3 -ის მხარდაჭერა სჭირდება, რაც დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს, საპარლამენტო უმცირესობა კი ამ ცვლილების წინააღმდეგია“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე გაკეთდა, თუმცა, როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, ახალი ხელისუფლების ნეგატიური ძალისხმევით, ქუთაისი რეალურად ვერ იქცა საპარლამენტო ქალაქად და ამის გამო ვერ განხორციელდა სათანადო ინფრასტრუქტურული პროექტები.
„თუ დღის წესრიგიდან გადატანა-არგადატანის საკითხი არ მოიხსნება, ქუთაისი და მთელი რეგიონი ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ხეირს ვერ ნახავს. ამიტომ, მე მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ დროზე იტყვის უარს თბილისში გადატანის იდეაზე და ქუთაისი განვითარდება როგორც საქართველოს მეორე პოლიტიკური ცენტრი. ეს სჭირდება მარტო ქუთაისს კი არა, ეს სჭირდება თბილისსა და თბილისელებს. თბილისში ცოტა ხანში ცხოვრება გახდება შეუძლებელი, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი, სადაც დღეს ავად თუ კარგად ადამიანებს შეუძლიათ თავი ირჩინონ, არის თბილისი და ყველა მას ეტანება“, უთხრა აკაკი ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას.
საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად თბილისელები პარლამენტის უკან დაბრუნების შესახებ:
„სწორია, პარლამენტი უნდა იყოს დედექალაქში და არა სადღაც იქ...“
„დედაქალაქი აქ არის და აქ უნდა იყოს პარლამენტიც!“
„დეპუტატის ნახვა რომ მინდოდეს, ქუთაისში უნდა წავიდე? რატომ უნდა წავიდე ქუთაისში?“
„თბილისში პარლამენტის დანგრევა არის ბოროტება და კანონის დარღვევა. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიკრიბება, მაშინ ხალხი დავირაზმებით და მოვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პარტიად გამოცხადებას“.
კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 82 დეპუტატისგან შემდგარ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა, სჭირდება. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობის გარეშე პარლამენტის ადგილსამყოფელი ვერ შეიცვლება.