„სააკაშვილმა მთელი თაობა „ჩამოწერა“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ „ჩამოწერილების“ პროფესიონალიზმმა მოგვიტანა რეალური შედეგი“

„სააკაშვილმა მთელი თაობა „ჩამოწერა“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ „ჩამოწერილების“ პროფესიონალიზმმა მოგვიტანა რეალური შედეგი“

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკას ფინანსური დესტაბილიზაციისკენ მიმართულად აფასებს და თვლის, რომ პოლიტიკა შესაცვლელია. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობაა და ნამდვილად არ ესმის, რატომ უყურებენ წყნარად ამ საკმაოდ საშიშ პროცესს გადაწყვეტილების მიმღები პირები. „ფინანსური დესტაბილიზაცია სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ პირადად მათთვისაც“, - ამბობს ბასილია.

for.ge თემურ ბასილიას ესაუბრა.

ვხედავთ როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა. ბატონო თემურ, ლარის მკვეთრი გაუფასურება მხოლოდ კორონავირუსით არის გამოწვეული?

თემურ ბასილია: დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ერთ–ერთი ატრიბუტი, ეროვნული ვალუტა – ლარი ჩვენი საერთო საწუხარია. რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენები გარკვეულწილად, დაკავშირებულია კორონავირუსთან, თუმცა, მხოლოდ გარკვეულწილად; მთავარი და გადამწყვეტი კი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად–საკრედიტო პოლიტიკაა.

პირადად მე, გული მტკივა ამის გამო, რადგან ლარი არის ჩემი შვილობილი - მესმის, რომ ახალგაზდებმა არ იციან, მაგრამ იმედია, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ სწორედ მე გახლდით იმ სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, ვინც მოამზადა ფულის რეფორმა საქართველოში და 1995 წლის სექტემბერში მიმოქცევაში გაუშვა ლარი. ამ საქმეში ჩემთან ერთად უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ვლადიმერ პაპავას, დავით იაკობიძეს, ნოდარ ჯავახიშვილს, მერაბ კაკულიას და სხვებს.

გასულ კვირას გვამცნეს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე. ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. მაგრამ, არავის უთქვამს რა ხდებოდა მის პარალელურად. და, ხდებოდა ის, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა ლარის გაუფასურების მიზანმიმართულ პოლიტიკას, რასაც რამდენიმე წელია ატარებს. კერძოდ, „რეფინანსირების“ სესხების საბაბით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა: 12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი;

(ინფორმაციის წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი, რეფინანსირების აუქციონებზე გაცემული სესხები. როგორც ვხედავთ, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, იმავე კვირის განმავლობაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ სახით 2,420.000 ლარი(ანუ თითქმის 2 მილიარდ 500 მილიონი) ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით.

ასეთი ფულად–საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 7–ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.

მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა გახლავთ. ნამდვილად არ მესმის, რატომ უყურებენ წყნარად ამ საკმაოდ საშიშ პროცესს გადაწყვეტილების მიმღები პირები, რადგან ფინანსური დესტაბილიზაცია სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ პირადად მათთვისაც.

გაჩნდა ასეთი შეფასებაც, რომ ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ატარებს ფულად–საკრედიტო პოლიტიკას, რაც ლარის გაუფასურებისკენ არის მიმართული. თუ იზიარებთ ამ შეფასებას და რას ემსახურება ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა?

– სამწუხაროდ, ასეა. ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. ამის დასადასტურებლად მოვიყვან ციტატას 2017 წლის 1 ნოემბერს „კომერსანტში“ გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუდან – „ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს საუბარის 2017 წელზე სარეზერვო ფულის მოსალოდნელი მოცულობა გაიზრდება 5.99 მილიარდ ლარამდე; 2018 წელს – 6.88 მილიარდ ლარამდე, 2019 წელს 7.99 მილიარდ ლარამდე, ხოლო, 2020 წელს მან უნდა მიაღწიოს 9.28 მილიარდ ლარს. როგორც ვხედავთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს განზრახული აქვს მიმოქცევაში ფულის მასის გაორმაგება.

ასევე, პრობლემა არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების გაზრდილი მოცულობა. მაგალითად, 2017 წლისთვის კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა გაიზრდება 1,27 მილიარდ ლარამდე, 2018 წელს – 1,8 მილიარდ ლარამდე, 2019 წელს – 2,33 მილიარდ ლარამდე, ხოლო, 2020 წელს – 3,28 მილიარდ ლარამდე. ანუ, ამ 4 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გეგმავს 3-ჯერ და უფრო მეტად გაზარდოს კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა.

საქართველოში უკვე არაეკონომისტებმაც კი იციან, რომ თუ მიმოქცევაში ფულის მასა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე საქონლისა და მომსახურების მოცულობა, ეს გამოიწვევს ინფლაციის ზრდას, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას, მისი გაცვლითი კურსის დაცემას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რას გამოიწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის 3-ჯერ და უფრო მეტად გაზრდა. ეს გახლავთ გზა საქართველოს ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“.

ანუ, თქვენ თვლით, რომ გააზრებულად რეზერვების ხარჯვა და სხვა მექანიზმების ამოქმედება, რომ გამოიწვევდა ლარი გაუფასურებას, ეს იცოდა ეროვნულმა ბანკმა და მაინც, მიზანმიმართულად დაადგა ამ პოლიტიკას?

– ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, რა იცის ეროვნულმა ბანკმა და რა - არა. ფაქტია, მათ მიერ გატარებული ფულად–საკრედიტო პოლიტიკა არ შეესაბამება ქართული სახელმწიფოს ინტერესს. ასევე, ეროვნული ბანკის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ ისინი გაურბიან პრესასთან ურთიერთობას. იმ მცირე შემთხვევების დროსაც კი, როდესაც რაიმე საჯარო განმარტებას აკეთებენ, როგორც წესი, ეს ხდება საკმაოდ არაკვალიფიციურად.

რატომ აცხადებს წინასწარ ეროვნული ბანკი, რომ აპირებს ინტერვენციების განხორციელებას? ექსპერტი ნიკო მჭდლიშვილი აცხადებს, რომ ეს არის სიგნალი ბაზრის სხვა მოთამაშეებისათვის, რომ იყიდონ გამოტანილი დოლარები და გააგრძელონ ლარის გაუფასურება. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციები შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ეფექტური, თუ ბაზარმა არ იცის ამის შესახებ. სხვანაირად ეს არის რეზერვების ფლანგვა და შედეგი ნული... ბატონო თემურ, რას ემსახურება ეროვნული ბანკის მიერ რეზერვის ფლანგვა?

– ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის სერიოზული საფუძველი. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებულ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, რომელიც მიმართულია ლარის მიზანმიმართული და შეგნებული გაუფასურებისკენ, ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯვას აზრი არა აქვს, რადგან ეს რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ მოგვცემს; ეს იქნება მხოლოდ რეზერვების ფლანგვა, როგორც ეს მოხდა გასული კვირის განმავლობაში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა.

კორონავირუსის მასიურად გავრცელების პროცესი საქართველოში არ გვაქვს და დასავლეთი აღიარებს, რომ საქართველო მომზადებული შეხვდა ამ პროცესს. ახლა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პოსტეპიდემიური სიტუაცია. როგორ ფიქრობთ, რამდენად მძიმე გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ არ იქნა სწორად გათვლილი ის ეკონიკური გამოწვევები, რომლის წინაშე სახელმწიფო დადგება?

– ნამდვილად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ნამდვილად აღსანიშნავი და დასაფასაფასებელია. ჯანდაცვის სისტემამ მთლიანობაში კრიტიკულ სიტუაციაში სწორად რეაგირების განსაკუთრებული უნარ–ჩვევები გამოამჟღავნა! განსაკუთრებით აღსანიშნავია ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის, თენგიზ ცერცვაძის და მათი კოლეგების ღვაწლი. ამ ადამიანებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ანუ თუ პროფესიონალი ხარ, გნებავთ 30 წლის ახალგაზრდა იყავი და გნებავთ - 60–სა თუ 70–ს გადაცილებული.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილმა მთელი თაობა „ჩამოწერა“ და ხაზი გადაუსვა, მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ე.წ. ჩამოწერილების პროფესიონალიზმმა და გამოცდილებამ მოგვიტანა რეალური შედეგი. ამ ხალხმა აჩვენა მნიშვნელოვანი რამ – ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და, რომ უფრო თამამად უნდა გამოიყენონ პროფესიონალები, რომლებიც საქმეს უმაღლეს დონეზე გააკეთებენ!

სამწუხაროდ, პოსტ–ეპიდემიურ ეტაპზე ჯერ ადრეა საუბარი, ჯერ უნდა დადგეს პიკი. არავინ იცის რამდენი ადამიანი იქნება დაავადებული იმ დროისთვის, თუმცა, როგორც ვიცი, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები უკვე მზად არის პიკური სიტუაციისთვის და ეს ზემოთჩამოთვლილი ადამიანების უდიდესი დამსახურებით მოხდა. საქართველომ პირველი ეტაპი წარმატებით განვლო. ახლა აუცილებელია უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ მათ უკეთ შეძლონ დაეხმარონ მათ, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. ამიტომაც არის აუცილებელი დავიცვათ ის წესები, რასაც გვთავაზობენ. პოსტ–ეპიდემიურ ეტაპზე და სირთულეებზე მხოლოდ იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, როდესაც ქვეყანა მიაღწევს პიკს. იმედია, ამ უდიდესი პროფესიონალების ძალისხმევით ეს პიკი არ იქნება მაღალი.

რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, ფაქტია, რომ რამდენიმე კვირაში ისინი კიდევ უფრო გამწვავდება და იმედია, მთავრობა შეძლებს აქაც ადექვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რა ოდენობის დახმარება გამოყო შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში.

ეს თანხები მიმართული იქნება როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ისე რიგითი ამერიკელების დასახმარებლადაც. გასაგებია, რომ საქართველოს არა აქვს დიდი რესურსი, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმედია, ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგმება და ასევე, დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, ვინც დაკარგავს სამუშაოს კორონავირუსის გამო.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ–19“–ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ბატონო თემურ, ბრაუნის განცხადება, რომ შეიქმნას გლობალური მთავრობა, ადასტურებს კორონავირუსის პოლიტიკურ შემადგენელს, რომელსაც ჰყავს მოქმედი პირები?

– დარმუნებული ვარ, ასეთი უდღეური იდეები ვერ განხორციელდება. გარკვეული კოორდინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ამჟამადაც არის, მომავალშიც იქნება და ეს აუცილებელიც არის, მაგრამ რაღაც დროებითი მთავრობის თემა, ეს მკვდრადშობილი იდეაა. გასაგებია, რომ ზოგიერთ უკვე ჩამოწერილ და ყავლგასულ პოლიტიკოსს უნდა საკუთარი თავი შეახსენოს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოჩნდეს ტელეეკრანზე, მაგრამ ამ ადამიანებს ვურჩევდი, გაიხსენონ რისთვის შეიქმნა გაერო.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის პანდემიას, აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. შესაძლოა, ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს და ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა? კორონავირუსი, ეს არის ვირუსული ეპიდემია, თუ გლობალური მოვლენა?

– არა მგონია, ეს ვირუსი ვინმეს შეგნებულად გაევრცელებინა. სხვადასხვა ვირუსები არცთუ იშვიათად ჩნდება და მათ გამო ბევრი ადამიანი იღუპება, თუმცა, კორონავირუსი გამორჩეულია სხვებისგან, თან მისგან დამცავი მედიკამენტები ჯერ არ არის შექმნილი და სწორედ ამიტომაც არის განსაკუთრებით საშიში. სამწუხაროდ, კორონავირუსი უკვე გახდა ვირუსული ეპიდემიაც და გლობალური მოვლენაც. ფაქტია, რომ პოსტ-კორონავირუსის ეტაპზე ბევრი რამ შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესში, ბევრი რამ შეიცვლება მიდგომებში, გლობალურ პოლიტიკაში. ცხადია, რომ კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა გლობალიზაციას და ღია ეკონომიკებს, ამიტომაც, ბევრი რამ გადაიხედება. უნდა გვესმოდეს, რომ იმ ტიპის ცხოვრება როგორც ვცხოვრობდით კაცობრიობა, აღარასოდეს დაბრუნდება და ჩვენ მოგვიწევს ახალ გარემოებებთან შეგუება და გადაწყობა.

ირაკლი გოგავას შეფასებით, ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მისი თქმით, მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. გოგავა არ გამოვრიცხავს, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა, თუმცა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია. ტრამპის წინააღმდეგ არის მიმართული ყოველივე?

– გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ არსებული რეალობა და ვიბრძოლოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. რაც შეეხება, ამ ვირუსის წარმოშობის მიზეზს, დარწმუნებული ვარ, ესეც გაირკვევა, თუმცა, დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის ბრძოლა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ექსპერტებს, კონკრეტულ საკითხებში კარგად ჩახედულ პირებს, ბუნებრივია, აქვთ საკუთარი მოსაზრების და ვარაუდების გამოთქმის უფლება. თუმცა, მე ვცდილობ-ხოლმე ვისაუბრო მხოლოდ იმ თემებზე, რომლებზეც დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს.

ტრამპი აცხადებს, რომ გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება - ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს. იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის გამო დახმარების მიღებაზე განცხადება აშშ-ში 3.3 მილიონმა ადამიანმა შეავსო, ტრამპის განცხადება, რამდენად მოქმედებს მის რეიტინგზე, რომელიც ამ მოვლენების მიუხედავად მატულობს?

– შეერთებულ შტატებში კარგად ესმით, რომ კორონავირუსი სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს, სწორედ ამიტომ წავიდა აშშ-ის პრეზიდენტი და კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯზე და 2 ტრილიონი დოლარი გამოყვეს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეკონომიკის სტიმულირებითვის და მოსახლეობის დასახმარებლად. წარმოგიდგენიათ, კაპიტალისტურ ამერიკაში თითოეული საშუალო და დაბალშემოსავლიანი პირისთვის გამოყვეს 1,200 ამერიკული დოლარი, ხოლო ოჯახისთვის - 2,400 დოლარი, 600 დოლარი დამატებით თითო ბავშვზე; ასევე, საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობის დახმარება.

ამ ნაბიჯებით შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობს დაეხმაროს მოსახლეობას ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები. ჯერ ძალიან ადრეა ვისაუბროთ პრეზიდენტობის კანდიდატების შანსებსა და რეიტინგებზე, თუმცა, უდავოა, რამდენად გაიზრდება თუ შემცირდება მისი რეიტინგი და პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შანსი, ბევრწილად დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

გოგა გასაგებია, რასაც ბატონი თემური ამბობს, ალბათ ბევრიც ისედაც ხედავს, რომ ეროვნული ბანკი უფრო ანტიეროვნული ბანკია დღესდღეობით, მაგრამ მე არ მესმის, რატომ არავინ იღებს შესაბამის ზომებს, რომ ამ, ანტიეროვნულ ბანკს , რამენაირად შეუზღუდოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები?!
4 წლის უკან
trampi ასეა საჭირო და მიტომ !!!! მავანთ ასე სჭირდებათ , ასე
შენ გგონია ან ამ ბანკის პრეზიდენტს ეკითხება ვინმე რამეეეს?
ასეა საჭირო---- მორჩა და გათავდა!!!
ბიჯოსს!!!!
4 წლის უკან
ლაზი გასაგებია რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ დამოუკიდებელიც რომ იყოს მათი პროფესიონალიზმი ინგლისურის ცოდნას არ სცილდება და უკეთესს მაინც ვერაფერს მომიმოქმედებდნენ. სპეციალურადაა შერჩეული უსუსტესი კადრები, რომლებიც სამაგიეროდ მათი რეკომენდატორების საუკეთესო შემსრულებლები არიან. მერე ჩამოვლებ ის რეკომენდატორები და ამათ მუშაობას სწორედ საუკეთესოდ შეაფასებენ. აბა ნახეთ წლის ბოლოს ამათი მუშაობა როგორ შესაფასონ!
4 წლის უკან
romani შეერთებულ შტატებში კარგად ესმით, რომ კორონავირუსი სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს, სწორედ ამიტომ წავიდა აშშ-ის პრეზიდენტი და კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯზე და 2 ტრილიონი დოლარი გამოყვეს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეკონომიკის სტიმულირებითვის და მოსახლეობის დასახმარებლად.

დაემატება ეს თანხები სახელმწიფო ვალს, რომელიც, დაახლოებით 20 ტრილიონის ფარგლებშია, გაიცვლება სახელმწიფო ვექსელი ფსს-ის ვირტუალურ სასესხო დავალებაში და ა.შ. ერთ-ორი ტრილიონი რა მოსატანია მსოფლიო ვალუტის ექსკლუზიური ემიტენტისათვის.
4 წლის უკან
trampi ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები.

„არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის მცირედი სავალუტო რეზერვები, რომელიც გვაქვს. შემდეგ გამოუშვებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ისინი ვინც ფეხზე დგანან მოვლენ და გვეტყვიან: აჰა თქვენ ცოტა და გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით. აი, ასე შეიძლება მოხდეს“,-განაცხადა ლუკაშენკომ.


აი აქეთ მიჰყავთ მსოფლიო, აქეთ---ერთმართველობისაკენ

მერე გვეტყვიან თუ კარგად მოიქცევით, ანუ ჩვენ დაკრულზე თუ იცეკვებთ დაგეხმარებით თუ არადა ....ეგდეთ თქვენთვისო
მაგათ ჭკვაზე ცეკვა კიდევ რაცააა ყველამ ვიცით
4 წლის უკან