არქეოლოგებმა ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს

ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით სამარხი აღმოაჩინა.  სამარხი ჩვ.წ. VIII-IX საუკუნეებით თარიღდება.

ქუთაისში ჩავიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. რომლის თქმით, ახალი აღმოჩენა ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას.

ისტორიკოსების ვარაუდით, სამარხი ეკუთვნის ეგრის-აფხაზეთის რომელიმე დედოფალს.

სპეციალისტებისა და ექსპედიციის წევრების განცხადებით, სამარხს სიმდიდრითა და ოქროს რაოდენობით საქართველოში ანალოგი არა აქვს. განძი იმდენად დიდია, რომ ბაგრატის ტაძრის მთლიან პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა.

აღმოჩენას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესიით ისტორიკოსი  სერგეი შამბა გამოეხმაურა. შამბა არ გამორიცხავს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი, აფხაზთა ერთ-ერთი დედოფლის ნეშტი იყოს, რადგან  VIII-IX საუკუნეებში აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო.